ვახტანგ ბერიძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო

30 მაისს, 19 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის მცირე დარბაზში გაიმართა ბ-ნი ვახტანგ ბერიძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეოსაღამო.

დარბაზის ვესტიბიულში მოეწყო მეცნიერის მიერ შესრულებული კარიკატურების გამოფენა, რომელსაც დიდი ინტერესით გაეცნო საიუბილეო საღამოზე მიწვეული საზოგადოება.
საღამოს უძღვებოდა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ქალბატონი მარიამ დიდებულიძე.
მუსიკალური ნაწილი შეასრულა სულხან ცინცაძის სახელობის სახელმწიფო სიმებიანმა კვარტეტმა (კონსტანტინე ვარდელი, თამაზ ბათიაშვილი, ნოდარ ჟვანია, ოთარ ჩუბინიშვილი) და პიანისტმა ედიშერ სავიცკიმ.
საიუბილეო საღამოზე, ბ-ნი ვახტანგ ბერიძის მეცნიერული მოღვაწეობის შესახებ, მის პიროვნულ და პროფესიულ ღირსებებზე ისაუბრეს თეიმურაზ საყვარელიძემ, ლეილა ხუსკივაძემ, დიმიტრი თუმანიშვილმა, ვასილ კიკნაძემ,  ვახტანგ დავითაიამ, რეზო თავაძემ, მერაბ კოკოჩაშვილმა.

საღამოს დასასრულს მაყურებელი გაეცნო მცირეფორმატიან დოკუმენტურ ფილმს, რომელშიც წარმოდგენილი იყო ინტერვიუ ბ-ნ ვახტანგ ბერიძესთან.

2 ივნისს, ასევე საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართა საიუბილეო სხდომა და ნაჩვენები იყო ბ-ნი ვახტანგ ბერიძის ღვაწლის ამსახველი დოკუმენტური ფილმი.