აკაკი ქართველი მხატვრების შემოქმედებაში

2015 წლის 11 – 25 ნოემბერს ჩუბინაშვილის ცენტრის საგამოფენო დარბაზში „Ars Georgica“ მოეწყო გამოფენა „აკაკი ქართველი მხატვრების შემოქმედებაში“, რომელიც მიეძღვნა აკაკი წერეთლის დაბადებიდან  175 და გარდაცვალებიდან 100 წლის აღმნიშვნელ თარიღს.
პროექტი განახორციელდა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში საქართველო კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს  დაფინანსებითა და იუნესკოს მხარდაჭერით.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ნამუშევრები საქართველოს ეროვნული მუზეუმის – შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმისა და დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეიის, ასევე გიორგი ლეონიძის სახელობის საქართველოს ლიტერატურის მუზეუმისა ფონდებიდან და კერძო  კოლექციებიდან.
საექსპოზიციო მასალის საფუძველზე მკვლევართათვის, მხატვრებისთვის და ზოგადად საზოგადოებისთვის თვალნათელი გახდა, რომ სამწუხაროდ აკაკი წერეთელს ქართული მხატვრობის ისტორიაში შედარებით მოკრძალებული ადგილი აქვს დათმობილი. მიუხედავად ამისა, გამოფენაზე თავმოყრილი ნამუშევრები სრულიად უნიკალური მასალის გაცნობის შესაძლებლობას აძლევდა მნახველს. წარმოდგენილი იყო სხვადასხვა დროისა და თაობის მხატვართა მიერ შესრულებული მეტად საინტერესო ფერწერული და გრაფიკული დაზგური ნაწარმოებები, წიგნის მხატვრობის ნიმუშები. მათ  შორის გიგო ზაზიაშვილის, კარაპეტ გრიგორიანცის, ოსკარ შმერლინგის, დავით კაკაბაძის, ვალერიან სიდამონ-ერისთავის, შალვა ქიქოძის, უჩა ჯაფარიძის, ეკატერინე ბაღდავაძის, თამარ აბაკელიას, ნინა თამამშევას, ალექსანდრე ციმაკურიძის, მერაბ დურგლიშვილის, დავით (დუდა) გაბაშვილის, ვლადიმერ (ლადო) გრიგოლიას, ლევან ცუცქირიძის, რადიშ თორდიას, ქეთი მატაბელის და სხვათა ნამუშევრები. ასევე, დღესდღეობით საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილი ახალგაზრდა ილუსტრატორებიც – თემურ ფხიკიძე და ლევან სილაგაძე. პირველად გამოიფინა  ორი მხატვრის –  თედო რეხვიაშვილისა და მირიან ჭანკვეტაძის ორიგინალები,  რომლითაც აკაკის საიუბილეოდ გამოცემული ახალი კრებული იქნა დაასურათებული (აკაკი წერეთელი, კრებული. თბ., 2015).