სერგო ქობულაძის სახელოსნოს ინვენტარიზაცია და გადასატანად მომზადება თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში

2015 წლის 24 დეკემბერს, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის  ეროვნული კვლევითი ცენტრის სხდომათა დარბაზში შედგა პროექტის: „სერგო ქობულაძის სახელოსნოს ინვენტარიზაცია და გადასატანად მომზადება თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში“ პრეზენტაცია. პროექტი (12.IV-12.VII.2015) განხორციელდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით და ითვალისწინებდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში სერგო ქობულაძის მემორიალური კაბინეტის მოწყობას, თუმცა ამ ეტაპზე აკადემიაში მხოლოდ მხატვრის ოფორტის დაზგა იქნა გადატანილი.

განხორციელებული პროექტის შედეგების ჩვენება, მიკვლეული მასალის მნიშვნელოვნების წარმოდგენა  და მხატვრის შემოქმედების შემდგომი კვლევის დაგეგმვის მონახაზის გააზრება იყო ამ პრეზენტაციის მიზანი.
პრეზენტაციას უძღვებოდა ამავე ცენტრის თანამედროვე ხელოვნების განყოფილების გამგე,  ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროექტის ხელმძღვანელი, მარიამ გაჩეჩილაძე (პროექტის წევრები: ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორები: თამათ ბელაშვილი, სოფიო ჩიტორელიძე და ხელოვნებათმცოდნეობის მაგისტრი ნოდარ არონიშიძე).

პრეზენტაციის პარალელირად ამავე ცენტრის საგამოფენო დარბაზში „Ars Georgica“ მოეწყო ორდღიანი გამოფენა, სახელწოდებით „უცნობი სერგო ქობულაძე“. გამოფენაზე ექსპონირებული იყო მხატვრის მიერ სხვადასხვა წლებში შექმნილი დღემდე უცნობი  ნამუშევრები: ჩანახატები, კომპოზიციები, თეატრის დეკორაციებისა და კოსტიუმების ესკიზები და ა.შ.

პროექტის პრეზენტაციამ აჩვენა, რომ სერგო ქობულაძის შემოქმედებითი მემკვიდრეობა, შემდგომი კვლევასა და შესწავლას ითხოვს. პირველ ეტაპზე – 2016 წლის ფარგლებში სასურველია განხორციელდეს ალბომ-კატალოგის „უცნობი სერგო ქობულაძე“ მომზადება და გამოცემა. ალბომის პრეზენტაცია კი შედგეს ეროვნულ გალერეაში მოწყობის რეტროსპექტიულ გამოფენაზე, სადაც თავმოყრილი იქნება როგორც ფართო საზოგადოებისტვის ცნობილი ასევე მხატვრის დღემდე უცნობი ნამუშევრები.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, მხატვრები, მუზეუმების და ძეგლთა დაცვის სააგენტოს თანამშრომლები, დაინტერესებული საზოგადოება.