2012 წლის 17 დეკემბერს ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში  გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრის და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია – ბიჭვინტა,რომელიც მიეძღვნა საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქის,  მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის საიუბილეო თარიღს – დაბადებიდან 80  და აღსაყდრებიდან 35 წელს.

—-

კონფერენციის პროგრამა

შესავალი სიტყვები

პროფ. ჯ. აფაქიძე
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი
პროფ. მ. დიდებულიძე
გ. ჩუბინაშვილის ეროვნული ცენტრის დირექტორი

მოხსენებები

გ. ლორთქიფანიძე, ვ. ჯაფარიძე
პიტიუნტისა და სებასტოპოლისის ადრექრისტიანული ძეგლები

დ. თუმანიშვილი
ბიჭვინტის ხუროთმოძღვრება

ჯ. გამახარია
ბიჭვინტის ტაძრის აღდგენა და რუსული მონასტრის დაარსება  XIX ს-ში

თ. საყვარელიძე, ლ. ხუსკივაძე
ჭედური ხელოვნების ნიმუშები აფხაზეთიდან

ლ. ახალაძე
აფხაზეთის მატერიალური კულტურის ძეგლების მდგომარეობის საკითხისათვის

ც. ჩაჩხუნაშვილი
ხუროთმოძღვრების რესტავრაცია აფხაზეთში

Leave a comment
 

გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრის ინიციატივით, მიმდინარე წლის 28-30 ნოემბერსტარდება ქართული ხელოვნებათმცოდნეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მკვლევარის, მერი კარბელაშვილის (1927-2006) დაბადებიდან 85 წლის იუბილესთან დაკავშირებული სამდღიანი საიუბილეო ღონისძიებები.

ათწლეულების მანძილზე ქ-ნი მერი მოღვაწეობდა ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში (დღეს – გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი) .

საიუბილეო ღონისძიებები გაერთიანებულია საერთო სახელწოდებით – “მემკვიდრეობა და თანამედროვეობა” და ითვალისწინებს:

საიუბილეო სხდომის გამართვას ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმში (28 ნოემბერი, 14 საათი; ქიაჩელის ქ. 12.)

გამოფენის გახსნას შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში (28 ნოემბერი, 17 საათი; ლ. გუდიაშვილის ქ. 1.)

III. სამეცნიერო სხდომებს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის  საკონფერენციო დარბაზში (29-30 ნოემბერი, 10.30-15.00 სთ., ლ. გუდიაშვილის ქ. 7.)

ხელოვნებათმცოდნე მერი კარბელაშვილი იკვლევდა ახალი და თანამედროვე ქართული ხელოვნების დარგების განვითარების პროცესებს. მისი სამეცნიერო მემკვიდრეობა მოიცავს როგორც ზოგად-მიმოხილვით შრომებს, ასევე,  მონოგრაფიულ ნაშრომებს, ალბომებს და ცალკეულ სტატიებს წამყვანი ქართველი მხატვრების  შემოქმედების შესახებ.

საიუბილეო სხდომაზე (ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმში) ნაჩვენები იქნება მცირეფორმატიანი ინფორმაციული `ფილმი~ ქ-ნი მერის წინაპრების, წმინდანად შერაცხული ძმები კარბელაშვილების შესახებ. წაკითხულ იქნება მოხსენებები მ. კარბელაშვილის სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობის შესახებ (დ. თუმანიშვილი, ს. ლეჟავა); ახალგაზრდა მუსიკოსების მიერ შესრულდება მუსიკალური კომპოზიციები; წაკითხულ იქნება ახლად თარგმნილი უ. შექსპირის სონეტები (ნ. რამიშვილი).

 

გამოფენა `მემკვიდრეობა და თანამედროვეობა.

გამოფენაზე თავმოყრილია იმ მხატვართა ნამუშევრები, რომელთა შემოქმედების შესწავლასა და კვლევას ეთმობა მერი კარბელაშვილის სამეცნერო მემკვიდრეობის უმთავრესი ნაწილი.

ამგვარი მცდელობა პირველია, იმ თვალსაზრისით, რომ გამოფენა მეცნიერის კვლევის კვალდაკვალ ვითარდება. ექსპოზიციის ამგვარი კუთხით გაშლა-წარმოჩენა გამოკვეთს თვით მეცნიერის ინტერესების სფეროს და კვლევის მიმართულებას. ზოგ შემთხვევაში მერი კარბელაშვილი იყო პირველი, ვინც ნათლად გამოავლინა ხელოვანთა შემოქმედების მნიშვნელობა და საფუძველი დაუდო მომავალში ამა თუ იმ მხატვრის შემოქმედების კიდევ უფრო ღრმა და საფუძვლიან შესწავლას.

ექსპოზიციის გაცნობისას, მნახველს საშუალება ეძლევა თვალი გაადევნოს XX ს-ის სახვითი ხელოვნების დარგთა განვითარებაში მიმდინარე პროცესებს, ამის საშუალებას კი სხვადასხვა თაობის ქართველ მხატვართა გამორჩეული ოსტატების ნამუშევრების წარმოდგენა იძლევა.

ექსპოზიციაზე თავმოყრილია ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, ქანდაკება, რომელთა ნაწილის ექსპონირება პირველად ხდება, რაც კიდევ უფრო ზრდის ამ გამოფენის მნიშვნელობას.

გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრების მიხედვით, ფართო საზოგადოებას და სპეციალისტებს პირველად ეძლევათ საშუალება, თვალი მიადევნონ და შეაფასონ ქართული ხელოვნების განვითარების პროცესები იმ კუთხით, როგორც ეს ჰქონდა გააზრებული მკვლევარს და, ამავე დროს, თვალი მიადევნონ მხატვართა შემოქმედების განვითარებას დროის საკმაოდ დიდ მანძილზე (გამოფენა გაგრძელდება 12 დეკემბრამდე).

ორდღიანი კონფერენციის (29-30 ნოემბერი) ფარგლებში 22 ქართველი ხელოვნებათმცოდნის მიერ წარმოდგენილი იქნება მოხსენებები, რომლებშიც განხილული იქნება ძველი, ახალი და თანამედროვე ქართული ხელოვნების საკითხები.

გამოფენაზე წარმოდგენილი ვიზუალური მასალა და კონფერენციაზე განხილული მოხსენებების თემატიკა ბევრად ცდება მერი კარბელაშვილის მეცნიერული კვლევის დროით ჩარჩოებს და გვაცნობს ბევრ ახალ მასალას, თითქმის დღევანდელ დღემდე. სწორედ ამან განაპირობა საიუბილეო ღონისძიებების ერთ სახელწოდებაში მოქცევა: `მემკვიდრეობა და თანამედროვეობა.

Leave a comment
 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა რიგით მეორე ლიტერატურული ფორუმი-დიალოგი ქართველი და უცხოელი გამომცემლების, მთარგმნელებისა და მწერლებისთვის.  ფორუმ-დიალოგის მიზანია ხელი შეუწყოს როგორც უცხოური ლიტერატურის პოპულარიზაციას საქართველოში,  ასევე ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციას საზღვარგარეთ, ახალი კონტაქტების დამყარებას ქართულ და უცხოურ გამომცემლობებს შორის.

გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრის დირექტორმა მარიამ დიდებულიძემ წაიკითხა მოხსენება “ხელოვნების ისტორია უახლეს ქართულ გამოცემებში” (ინგლისურ ენაზე).

Leave a comment
 

2012 წლის 28 თებერვლიდან – 1 მარტის ჩათვლით იტალიის ქალაქ ფლორენციაში ჩატარდა საერთაშორისო კონგრესი: “მოდერნიზმი კავკასიაში – თბილისი, ბაქო, ერევანი (1900-1940, სახვითი ხელოვნება, თეატრი, კინო, არქიტექტურა)”.
კონგრესს მასპინძლობას უწევდა რომუალდო დელ ბიანკოს ფონდი “LIFE BEYOND TOURISM”.
საქართველოს მხრიდან კონგრესის ორგანიზატორები იყვნენ: თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია; საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი; გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
კონგრესის მიზანი იყო მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის სამხრეთ კავკასიის დედაქალაქების მოდერნისტული პროცესების წარმოდგენა. სამეცნიერო სესიებში მონაწილეობა მიიღეს მეცნიერებმა  საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და ინგლისიდან.
გ. ჩუბინაშვილის სახელობის ეროვნული ცენტრიდან მოხსენებებით გამოვიდნენ: მაია მანია, მარინა მეძმარიაშვილი, მაია ციციშვილი, ნინო ჭოღოშვილი, გიორგი ხოშტარია.
კონგრესის ფარგლებში ნაჩვენები იქნა: ფილმი “ჩემი ბებია”; მოეწყო – საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის ფონდებში დაცული მასალის ფოტოპრინტების გამოფენა.
კონგრესის ფარგლებშივე მოხდა ფლორენციის მუზეუმებისა და არქიტექტურული ძეგლების დათვალიერება და ჩატარდა სხვა ღონისძიებები.

Leave a comment