2017-2022 წლებში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით გიორგი ჩუბინაშვილის სახ. ეროვნულ კვლევით ცენტრში განხორციელდა სამეცნიერო პროექტი „არქიტექტურის აღქმა და რეპრეზენტაცია შუა საუკუნეების საქართველოში“ (ხელმძღვანელი მარიამ დიდებულიძე).
პროექტი მიზნად ისახავდა კვლევას, რომელსაც უნდა ეჩვენებინა თუ როგორ აღიქვამდნენ და წამოადგენდნენ არქიტექტურას შუა საუკუნეების ქართველები და აეხსნა მისი რეპრეზენტაციის დანიშნულება და ფორმები. ვრცელი და მრავალფეროვანი პირველადი წყაროებისა და საველე კვლევის საფუძველზე პირველად გაშუქდა არქიტექტურის შუასაუკუნეობრივი რეპრეზენტაციის სხვადასხვა ასპექტი: რა იყო რეპრეზენტაციის მიზნები შუა საუკუნეების საქართველოში, რა გავლენას ახდენდა ისინი მასალაზე, ტექნიკასა და მხატვრულ ფორმაზე, როგორი იყო არქიტექტურის გამოსახვის შინაარსობრივი, იკონოგრაფიული და ესთეტიკური თავისებურებები მხატვრობაში, ქვის ქანდაკებაში და ლითონმქანდაკებლობაში, როგორ განვითარდა რეპრეზენტაციის ზოგადი, სპეციფიკური და სიმბოლური ტიპები ხელოვნების სხვადასხვა სფეროში, როგორი იყო ურთიერთკავშირი რეპრეზენტაციის ტიპს, დანიშნულებას, მასალასა და სტილს შორის და სხვა.
პროექტის მთავარი შედეგია წიგნი „არქიტექტურის რეპრეზენტაცია შუა საუკუნეების საქართველოში“, რომელშიც შევიდა საპროექტო კვლევითი ჯგუფის ოთხი წევრის – მარიამ დიდებულიძის, დავით ხოშტარიას, ნატალია ჩიტიშვილისა და ქრისტინე საბაშვილის მიერ დაწერილი სამეცნიერო ნარკვევები. ეს არის მეთოდოლოგიურად ინოვაციური და ფაქტობრივი მასალით უაღრესად მდიდარი გამოკვლევა, რომელიც ხელს შეუწყობს შუა საუკუნეების ქართული სულიერი და მხატვრული კულტურის უფრო ღრმა გაგებას.