2015 წლის 22 დეკემბერს აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს თაოსნობით მოეწყო სამეცნიერო კონფერენცია: “კულტურული მემკვიდრეობა ოკუპაციის პირობებში”. კონფერენციას უძღვებოდა აფხაზეთის განათლებისა და კულტირის სამინისტროს წარმომადგენელი გიორგი პატაშური.

კონფერენციაზე მოხსენებები წარადგინეს გ. ჩუბინაშვილის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა: ა. ოქროპირიძემ. თ. ხუნდაძემ და თ. დადიანმა. მ. დიდებულიძემ. ლ. ხუსკივაძემ. მოხსენებები ეძღვნებოდა აფხაზეტის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის სხვადასხვა სფეროებს და მათ ამჯამინდელ მდგომარეობას.
(დასკანერებული პროგრამა).

Leave a comment
 

2014 წლის 11-12 დეკემბერს ჩატარდა აკადემიკოს ვახტანგ ბერიძის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია.

კონფერენციის თემატიკა მოიცავდა ძველი, ახალი და უახლესი არქიტექტურისა
და ხელოვნების საკითხებს.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართა ვახტანგ ბერიძის წიგნის ,,ქართული
ხუროთმოძღვრების ისტორია” პრეზენტაცია. ქართული არქიტექტურისადმი მიძღვნილი ორტომეული პირველად გამოქვეყნდა და ხელმისაწვდომი გახდა ძველი ქართული არქიტექტურით დაინტერესებული მკითხველისათვის.
აქვე ცენტრის საგამოფენო დარბაზში მოეწყო ვახტანგ ბერიძის მიერ შესრულებული კარიკატურების გამოფენა.

Leave a comment
 

2014 წლის 27-28 ნოემბერს სტამბულში გაიმართა პროექტის “ლიმენიკულტურულიპორტები ეგეოსიდან შავ ზღვამდე (LIMEN, Cultural Ports from the Aegean to the Black Sea) მმართველი კომიტეტის  (steering comity meeting) მე-3 სამუშაო შეხვედრა. საქართველოს მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ პროექტის პარტნიორი ორგანიზაციის – გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები მ. ჯანჯალია და მ. ბულია.

შეხვედრაზე პარტნიორმა მხარეებმა წარმოადგინეს საანგარიშო მოხსენებები პროექტის წინა ეტაპზე ჩატარებული სამუშაოების შესახებ (შავი ზღვის კულტურული პორტები – ინსტიტუციის (Black Sea Cultural Port institution)  დაფუძნებისთვის მზადება; პროექტში ჩართული ორგანიზაციების ადგილობრივი ქსელის შექმნა; ადგილობრივი ქსელის წევრი ორგანიზაციების ტრენინგი და ა.შ.). ქართული მხარის საქმიანობა (მომხსენებელი მ. ჯანჯალია) ძალზე წარმატებულად იქნა აღიარებული და მაღალი შეფასება დაიმსახურა როგორც ლიდერი ორგანიზაციის (ბიზანტიური და პოსტ-ბიზანტიურუ ძეგლების ევროპული ცენტრი, EKBMM, თესალონიკი), ისე პროექტში ჩართული ყველა პარტნიორის მხრიდან.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს პროექტის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები, სამომავლო მიზნები და ამოცანები – შავი ზღვის კულტურული პორტების შესახებ მოსამზადებელი საგამომცემლო პროდუქციის (ბუკლეტი, ლიფლეტი) სტანდარტები; სამუშაო შეხვედრების (ოდესა, ვარნა) საორგანიზაციო საკითხები; შავი ზღვის კულტურული პორტების პოპულარიზაციის მიზნით ჩასატარებელი კრუიზისა და პროექტის დამასრულებელი სიმპოზიუმის მოწყობასთან დაკავშირებული საკითხები.

Leave a comment
 

2014 წლის 3 ნოემბერს  ჩუბუნაშვილის ცენტრში მოეწყო შეხვედრა საერთაშორისო ტურისტულ სააგენტოების წარმომადგენლებთან. შეხვედრის მედიატორი იყო ქართული კომპანია Explore Georgia.

ცენტრის დირექტორმა მარიამ დიდებულიძემ გააცნო სტუმრებს ცენტრის მუშაობა, მისი მიზნები და ამოცანები.  საგანგებოდ გაამახვილა ყურადღება კულტურული ტურიზმის განვითარების საკითხებზე, თუ როგორ მონაწილეობს ცენტრი ამ მიმართულებით.

სტუმრებმა დაათვალიერეს ფოტო-გამოფენა “რაჭისა და თუშეთის ტრადიციული  საცხოვრებელი”, შეიძინეს ცენტრის მიერ გამოცემული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი წიგნები.

Leave a comment
 

22 ოქტომბერს, გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრში, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ეგიდით და საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის მხარდაჭერით ჩატარდა ინტერდისციპლინური სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით „ტრადიციული დარბაზული ხუროთმოძღვრება საქართველოში“.მასში მონაწილეობდნენ ხელოვნების ისტორიკოსები, ეთნოლოგები, არქეოლოგები,  არქიტექტორები, ეთნოდიზაინის სპეციალისტები და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ექსპერტები.

მოხსენებები უკავშირდებოდა საქართველოში დარბაზის ფენომენის კომპლექსური გააზრების, თანამედროვეობაში ადაპტირებისა და იუნესკოს ძეგლთა ნუსხაში ნომინირების საკითხებს. კონფერენცია ვ. ბერიძის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.

კონფერენციაზე სათანადო ყურადღება დაეთმო დარბაზის გენეზისის, მისი სივრცითი კომპოზიციის, სატაძრო ხუროთმოძღვრებასთან მიმართების, აღმშენებლობის პრინციპებს, სემანტიკური რაობის, ადაპტაციის, სოციალური ფუნქციონირებისა და სხვა პრობლემებს. წარმოდგენილ იქნა მანამდე უცნობი, ექსპედიციებში მოპოვებული მასალა როგორც არქეოლოგთა, ისე ხელოვნების ისტორიკოსთა მიერ, რამაც ახალი კუთხით წარმოაჩინა დარბაზული არქიტექტურის მნიშვნელოვანება.

ამას გარდა, კონფერენციასთან ერთად, გაიმართა გამოფენა  „რაჭული და თუშური საცხოვრისი“, რომელშიც თვალსაჩინოდ გამოვლინდა ტრადიციული ხალხური არქიტექტურის მრავალფეროვნება და მაღალმხატვრულობა. ფოტოსურათები ეკუთვნის მირიან კილაძესა და ნესტან თათარაშვილს, დარბაზთან დაკავშირებული ფოტოარქივი კი – შალვა ლეჟავას.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ზურაბ ლეჟავას ეთნოგრაფიული ჩანახატები და არქიტექტორ კაცია გიორგობიანის შესრულებული კოლხური ოდების ნახატები.

Leave a comment
 

2014 წლის 16-18 ოქტომბერს, ბათუმში  გაიმართა შეხვედრა თემაზე  – “შავი ზღვის კულტურული პორტი. გამოწვევები და პერსპექტივები” პროექტის – “ლიმენი. შავი ზღვის პორტები ეგეოსიდან შავ ზღვამდე” (ევროკავშირის შავი ზღვის აუზის თანამშრომლობის პროგრამა)  – ფარგლებში.

შეხვედრის ორგანზატორი იყო პროექტის “ლიმენი” პარტნიორი საქართველოში – გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ პროექტის ქართული ქსელის წევრი ორგანიზაციები:

  • აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
  • აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი
  • ქალაქ ბათუმის მერია
  • აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო
  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი
  • ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი
  • ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი
  • აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი
  • ქალაქ ბათუმის პორტი

შეხვედრაზე მომხსენებლების მიერ (მარიამ დიდებულიძე, დავით ხოშტარია, გიორგი ტუღუში) განსახილველად წარმოდგენილი იყო პროექტის “ლიმენი” მიზნები და ამოცანები და საქართველოში კულტურული ტურიზმის მდგრად განვითარებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები (ევროკავშირის ინიციატივა “ევროპის კულტურული დედაქალაქი”; ტურიზმისა და კულტურული ტურიზმის პოლიტიკა საქართველოში; მდგრადი ტურიზმი და კულტურული ტურიზმის პერსპექტივები; მემკვიდრეობა და კულტურული ტურიზმი – გამოცდილება, პრობლემები, ამოცანები და ა.შ.).

წარმოდგენილი თემები დიდი ინტერესით იქნა განხილული მონაწილეთა მიერ. გაიმართა ცოცხალი დისკუსია კულტურული ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემების გარშემო. დაისახა სამომავლო გეგმები და პერსპექტივები.

შეხვედრის წარმატებულობის დამადასტურებელია მასში მონაწილე რიგი ახალი ორგანიზაციების პროექტის ქართულ ქსელში ჩართვის სურვილიც.

Leave a comment
 

2014 წლის 24-26 სექტემბერს, მესტიაში ჩატარდა რეგიონალური კონფერენცია – მსოფლიო მემკვიდრეობა და მდგრადი განვითარება. კონფერენცია ორგანიზებულ იყო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, პარტნიორ ორგანიზაციებთან – საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისია, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი – თანამშრომლობით. კონფერენციაში მონაწილეობდნენ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის (UNESCO World Heritage Centre), რესტავრაციისა და კონსერვაციის საერთაშორისო ცენტრის (UCCROM), ძეგლებისა და ღისშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს (ICOMOS), ბუნების კონსერვაციის საერთაშორისო კავშირის (IUCN), აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების  წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები.

კონფერენციაზე განხილულ იქნა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის საკითხები, საერთაშორისო ორგანიზაციების როლი და გამოცდილება მსოფლიო კულტურული და ბუნების ძეგლთა მართვისა და განვითარების პროცესში, მსოფლიო მემკვიდრეობის საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა, კანონპროექტი მსოფლიო მემკვიდრეობის შესახებ, აგრეთვე ზემო სვანეთის კულტურული ლანდშაფტის განვითარების საკითხები, ზემო სვანეთში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი სახელმწიფო პროექტები, სვანეთის არამატერიალური მემკვიდრეობის ინვენტარიზაციის შედეგები.

სხვა მოხსენებებს შორის, კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის თანამშრომლების – მ. ყენიას და გ. პატაშურის – მოხსენებები სვანური ფერწერული სკოლისა და სვანეთის საეკლესიო ხუროთმოძღვრების შესახებ.

Leave a comment
 

2014 წლის 4-6 ივნისს რუმინეთში, ქ. კონსტანცაში ჩატარდა საერთაშორისო პროექტის – ლიმენიკულტურული ნავსადგურები ეგეოსიდან შავ ზღვამდე (2013-2015წწ. დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ), საკოორდინაციო საბჭოს სხდომა და პროექტის პროგრამასთან დაკავშირებული კონფერენცია, რომლის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს გ. ჩუბინაშვილის ცენტრის თანამშრომლებმა, პროექტის მუშა-ჯგუფის წევრებმა მარიამ დიდებულიძემ და მზია ჯანჯალიამ.

პროექტის მთავარი მიზანია: შეიქმნას ადრებიზანტიური ხანის კულტურული პორტების ერთიანი ქსელი, რომელიც შევა კულტურული  ტურიზმის მარშრუტებში; შეიქმნება ერთიანი საინფორმაციო სისტემა, მომზადდება ვრცელი საინფორმაციო მასალა (ბუკლეტები, ვებ-გვერდები და ა.შ.). ჩატარდება ადგილობრივი ძალების ტრეინინგი პროექტის ამოცანების განსახორციელებლად.

Leave a comment