• იოსებ ანდრიაძის და დიმიტრი რაზმაძის საეკლესიო ნამუშევრების გამოფენა

    5-15 დეკემბერი

    აღნიშნული გამოფენა გარკვეულწილად წელს ცენტრში ამ თემისადმი მიძღვნილი არაერთი გამოფენისა თუ სემინარების ციკლის გაგრძელება იყო. ექსპოზიცია დაეთმო ხელოვანების: იოსებ ანდრიაძისა და დიმიტრი რაზმაძის ნამუშევრებს. მათი უმეტესობა რელიგიური ხასიათისა იყო. გამოფენის ფარგლებში მოეწყო განხილვა თანამედროვე საეკლესიო ხელოვნების პრობლემების და მის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ.

  • ალექსანდრე ჯავახიშვილის ნახატების გამოფენა

    ალექსანდრე ჯავახიშვილის ნახატების გამოფენა  /19.10-2.11/

    ცენტრის საგამოფენო სივრცემ უმასპინძლა ცნობილი არქეოლოგის, აკადემიკოს ალექსანდრე (ლალი) ჯავახიშვილის (1917-1997) გრაფიკული ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას. ცნობილი მეცნიერის მხატვრული ნამუშევრები ფართო საზოგადოებისათვის მანამდე სრულიად უცნობი იყო და ამ გამოფენაზე პირველად მოხდა მათი საჯარო ექსპონირება.

  • თვითნასწავლი მოქანდაკის თემურ ჭილაიას პერსონალური გამოფენა

    ცენტრის საგამოფენო დარბაზში მოეწყო თვითნასწავლი მოქანდაკის თემურ ჭილაიას პერსონალური გამოფენა. ავტორმა დამთვალიერებლის წინაშე წარმოადგინა სხვადასხვა მასალაში შესრულებული ნამუშევრები, მათ შორის ხეში, მინასა და ქვაში. ამასთან როგორც მცირე მრავალშრიანი პლასტიკის ნიმუშები, ასევე აკადემიური მრგვალი ქანდაკება. გამოფენა მნიშვნელოვანი იყო არაპროფესიონალი, თვითნასწავლი ხელოვანების შემოქმედების წახალისებისა და პოპულარიზების თვალსაზრისით.

  • ვახტანგ მუსხელიშვილის პერსონალური გამოფენა.

    ფერმწერი და გრაფიკოსი ვახტანგ მუსხელიშვილი 1984 წ. ამთავრებს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტს. შემდგომ მცირე პერიოდის განმავლობაში ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას ბავშვთა სამხატვრო სასწავლებელში და უკვე 90-იანი წლებიდან საცხოვრებლად მიემგზავრება აშშ-ში. ალბათ ამის გამოც მისი როგორც ხელოვანის გაიგივება ქართველ 80-იანელთა თაობასთან არ ხდება. ის ამჟამად ცხოვრობს ვაშინგტონის შტატში, ქალაქ სიეტლში და ეწევა აქტიურ შემოქმედებით და კერძო პედაგოგიურ მოღვაწეობას. ასევე სისტემატიურად მართავს პერსონალურ გამოფენებს. მხატვარი პერიოდულად სტუმრობს საქართველოს. 2013წ. თბილისის სახ. სამხატვრო აკადემიაში გამართა მასტერკლასი. მოეწყო მისი რამდენიმე გამოფენაც. ბუნებრივია ცენტრის საგამოფენო დარბაზში მსგავსი მხატვრის ნამუშევრების ექსპონირება საინტერესო იყო როგორც წმინდა პროფესიული, ასევე საქართველოს საზღვრებს გარეთ მოღვაწე ქართველი ხელოვანების შემოქმედების გაცნობა-პოპულარიზების თვალსაზრისით. გამოფენის ფარგლებში გაიმართა სემინარი-დისკუსია თავად მხატვართან.

  • გოგა მაღლაკელიძის პერსონალური გამოფენა

    გოგა მაღლაკელიძე ქართველი 80-იანელების თაობის წარმომადგენელია. მან 1986წ. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. იყო მხატვრული გაერთიანება “არქივარიუსების” წევრი. 1988წ.-დან ის აქტიურად მუშაობს რელიგიურ თემატიკაზე. მოგვიანებით ქმნის საეკელესიო ხელოვნების ნიმუშებსაც. ამ თვალსაზრისით, დღეს-დღეობით, მისი ყველაზე მასშტაბური ნამუშევარი  სოფ.ვაჭევის წმ. გიორგის ეკლესიის მოხატულობაა, რომელიც მხატვარმა 2013-14წწ.-ში შეასრულა. ცენტრის საგამოფენო დარბაზში მიმდინარე მხატვრის გამოფენის ფარგლებში ასევე მოეწყო სემინარი გოგა მაღლაკელიძის შემოქმედებისა და თანამედროვე საეკლესიო ხელოვნებაში არსებული პრობლემების შესახებ, სადაც ისაუბრა თავად მხატვარმა.

  • ახალგაზრდა ხელოვანის ნათია ფურცხვანიძის ნამუშევრების გამოფენა

    გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ახალგაზრდა ხელოვანის მიერ შესრულებული გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები – გობელენები. სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულმა ექსპოზიციაზე გობელენებისა და ხალიჩის ტექნიკით შესრულებული მცირე ნამუშევრების გარდა ხელნაკეთი სამკაულები და სხვადასხვა აქსესუარებიც წარმოადგინა.

  • მხატვარ თამაზ ხუციშვილის ნამუშევრების გამოფენა

    ცნობილიმა ქართველმა ფერმწერმა და გრაფიკოსმა თაზო ხუციშვილმა 1966 წ.-ს დაამთავრა თბილისის სახ. სამხატვრო აკადემია. ფართო საზოგადოება კარგად იცნობს მის როგორც ფერწერულ, ასევე გრაფიკულ ნამუშევრებს. არის უამრავი ილუსტრაციის ავტორი და ასევე არაერთი ფილმის მხატვარი. ცენტრის საგამოფენო სივრცეში ხელოვანის მიერ წარმოდგენილი იყო, როგორც ადრეული, ასევე შედარებით გვიანდელი ნამუშევრები, რაც დამთვალიერებელს ნათელ წარმოდგენას უქნის ავტორის სტილისა და მანერის მრავალგვარობაზე, თუმცა უცვლელია, თაზო ხუციშვილისეული, მხატვრული ესთეტიკის ფარგლებში.

  • დავით სულაკაურის პერსონალური გამოფენა

    გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მხატვარ დავით სულაკაურის რელიგიურ თემაზე შესრულებული ნამუშევრები. თანამედროვეობა უამრავი კითხვისა და პრობლემის წინაშე აყენებს საეკლესიო მხატვრობას. ავტორების ნაწილი კანონიკის დაცვის კვალდაკვალ საკუთარი ინდივიდუალური ხელწერის ხაზგასმა-აქცენტირებას ცდილობს, ნაწილი კი ცდილობს სრულად გაემიჯნოს ნამუშევარს რომელსაც ქმნის და მხოლოდ ისტორიული წესებისა და ნორმების დაცვით შემოიფარგლოს. საკითხი მრავალმხრივ მნიშვნელოვანი და აქტუალურია, რაც აღნიშნული გამოფენის ფარგლებში ცენტრში გამართულ სემინარზეც “თანამედროვე რელიგიური მხატვრობა” დადასტურდა. აღნიშნულ სემინარზე, ცენტრის თანამშრომელმა თამარ ხოსროშვილმა წარმოადგინა მოხსენება – თანამედროვე საეკლესიო ხელოვნება.