გიორგი ჩუბინაშვილი

(1885, ს. პეტერბურგი   –  1973, თბილისი)
ქართული ხელოვნებათმცოდნეობის დამფუძნებელი. 1906-1916 წწ-ში ფსიქოლოგიასა და ხელოვნების ისტორიას სწავლობდა ლაიფციგის, ჰალლეს და პეტროგრადის უნივერსიტეტებში. 1917-1922 წწ-ში კავკასიის ისტორიულ-არქეოლოგიური ინსტიტუტის, 1929-1934 წწ-ში საქართველოს სახელმწიფო  მუზეუმის თანამშრომელი, 1934-1941 წწ-ში ხელოვნების მუზეუმის «მეტეხი» ხუროთმოძღვრების განყოფილების გამგე, 1941-1973 წწ-ში ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი; 1918-1948 წწ-ში თსუ პროფესორი, 1922-1940 წწ-ში თბილისის სახ. სამხატვრო აკადემიის პროფესორი (1922-1928 წწ-ში  – რექტორი), ჰალლეს უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, სსრკ არქიტექტურის აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ლაიფციგის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე.

გიორგი ჩუბინაშვილის ერთი უმთავრესი საკვლევი საგანი შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ისტორია იყო. მან დაადგინა ქართული არქიტექტურის განვითარების ძირითადი კანონზომიერებანი, მისი საფეხურები და ნიშან-თვისებები, მონოგრაფიულად შეისწავლა ქართული სატაძრო არქიტექტურის უმნიშვნელოვანესი ნიმუშები (ბოლნისის სიონი, მცხეთის წმინდა ჯვრის ტაძარი და მისი მიმდევი ეკლესიები, წრომი, სამწევრისი, კუმურდო, «სამი კათედრალი» და ა.შ.) ცალკე დაამუშავა კახეთის საეკლესიო და სამოქალაქო ხუროთმოძღვრება; დაწერილი აქვს ნარკვევები 1930-1950-იანი წწ-ის არქიტექტურის შესახებ. გ. ჩუბინაშვილმა დიდტანიანი შრომა მიუძღვნა ქართულ ლითონმქანდაკებლობასაც, რითაც დადგინდა შუასაუკუნოვანი ქართული პლასტიკის ისტორიის ძირითადი საფეხურები და თავისებურებანი.

შუა საუკუნეების მხატვრობის საკითხები განხილულია სახელოვნებათმცოდნეო-კულტურულისტორიულ მონოგრაფიაში გარეჯის კლდეში ნაკაფი მონასტრების შესახებ. გ. ჩუბინაშვილი წერდა მცირე ხელოვნების ქართულ (არმაზისხევის ოქროს ნივთები, სპილოს ძვლის ტრიპტიქონი რაჭიდან) თუ შემოტანილ (სირიული თასი უშგულიდან) ნიმუშებზე; გამოქვეყნებული აქვს ნარკვევები თავის თანამედროვე ხელოვანთა თუ მეცნიერთა შესახებ. იგი საგანგებოდ სწავლობდა მომიჯნავე ქვეყნების (პირველ რიგში სომხეთის, ასევე ინგუშეთის, აზერბაიჯანის) ხუროთმოძღვრებასა და რელიეფებს, დამუშავებული აქვს სპეციალური (ა. დიურერის «12 წლის ქრისტე» და სამეცნიერო-პოპულარული  (ლ. კრანახი, ე. ბარლახი, ფ. მაზერელი, კ. კოლვიტცი) ნაშრომები ევროპული მხატვრების შესახებ.

ბიბლიოგრაფია

  1. Заметки о Манглисском храме, საქართველოს მუზეუმის მოამბე,  NI, 1920-1922:
  2. ქართული ხუროთმოძღვრება საშუალო საუკუნეებში და მისი სამი მთავარი კათედრალი, არილი, ივანე ჯავახიშვილისადმი მიძღვნილი კრებული, ტფ., 1925;
  3. რამოდენიმე თავი ქართული ხელოვნების ისტორიიდან,  ტფ., 1926;
  4. “ქართლის დარბაზი”, Грузинские дарбази, საქართველოს სამხატვრო აკადემიის გამოცემა, ლითოგრაფიის სახელოსნო, ტფ., 1927;
  5. Die Kirche in Zromi und ihr Mozaik, Tiflis, 1934;
  6. ქართული ხელოვნების ისტორია, ტ. 1, ტფ., 1936;
  7. ქართული არქიტექტურის გზები, ტფ., 1936;
  8. Иранские влияния в памятниках архитектуры Грузии,  III Международный Конгресс по иранскому искусству и археологии, доклады, издание АН, Москва-Ленинград, 1939;
  9. Болнисский Сион,  Исследование по истории грузинской архитектуры, Известия ИЯИМК, т.9, Тб., 1940;
  10. Сирийская чаша в Ушгуле, Вестник Музея Грузии, т. XI – В, Тб., 1941;
  11. Архитектурные памятники VIII и IX  века в Ксанском ущелье,  Ars Georgica, 1, Тб., 1942;
  12. Кумурдо и Никорцминда, серия Академии архитектуры СССР, памятники грузинской архитектуры, выпуск 1, М., 1947;
  13. X და XI საუკუნეთა მიჯნაზე წარმოშობილი ქართული ჭედური ხელოვნების ხასიათის საკითხისათვის,   Ars Georgica,  2, თბ., 1948;
  14. Памятники типа Джвари, Тб., 1948;
  15. Пещерные монастыри Давид Гареджи, Тб.,1948;
  16. Один из памятников первостепенного значения грузинской чеканки в Сванетии,  Ars Georgica, 3, Тб., 1950;
  17. К вопросу о национальной форме в архитектуре прошлого,  Ars Georgica,  3, 1950;
  18. ქართული ჭედურობა (ალბომი), თბ., 1957;
  19. Лука Кранах, его жизнь и творчество, Тб.,1957;
  20. Грузинское чеканное искусство, Тб., 1959;
  21. Архитектура Кахетии, т.1-2,  Тб.,1959;
  22. Грузинское чеканное искусство, исследование по истории грузинского средневекового искусства, т. 2, Тб., 1959;
  23. Очерк развития в Грузии дофеодальной архитектуры,  Ars Georgica,  5,  Тб.,1959;
  24. Грузинское искусство эпохи Руставели, მაცნე, 5, 1966;
  25. Разыскания по армянской архитектуре, Тб.,1967;
  26. Цроми, М., 1969;
  27. Вопросы истории искусства, т. 1, Тб., 1971;
  28. Из истории средневекового искусства Грузии, М.,1990;
  29. Вопросы истории искусства, т. 2, Тб., 2002.