მარინა მურვანიძე მიტჩელის პირველი პერსონალური გამოფენა საქართველოში

“გამბედაობა…!”

მარინა მურვანიძე მიტჩელის პირველი პერსონალური გამოფენა საქართველოში.
მარინა მურვანიძე მიტჩელ ქართველი ამერიკელი მხატვარია, რომელიც ამჟამად ცხოვრობს და მოღვაწეობს ლონდონში. მარინას ჯგუფური გამოფენები ეწყობოდა ლონდონში, ნიუ-იორკში, ვაშინგტონსა და ნეაპოლში. სწავლობდა ზეთით ფერწერას ნიუ-იორკის ხელოვნების აკადემიაში და ლეა ლოპესის ატელიეში ნიუ-იორკში. აქვს ბაკალავრის ხარისხი ლონდონის სამხატვრო აკადემიის სახვით ხელოვნებაში, პრინსტონის უნივერსიტეტის მაგისტრი. თბილისში მან დაამთავრა უცხო ენების ინსტიტუტი. არჩეულია 2022-24 წლების LSM Art Award პროგრამაში და მისი ნამუშევრები გამოფენილია ლონდონის Liberty Specialty Market-ის ოფისებში Walkie-Talkie-ს შენობაში.
გაბედე…!
ჩემი შთაგონების წყაროა მოძრაობა, ადგილები და ადამიანები, ვინც თავის სამშობლოში არ ცხოვრობენ.
მე მაინტერესებს, როგორ ეგუებიან ადამიანები ცვლილებებს, და რამდენად ხშირად – იმისთვის რომ მიაგნონ მშობლიურს უცხოში – განიცდიან აწმყოს როგორც წარსულის მოგონებას. ამას ვიკვლევ კონსტრუირებული გამოსახულებებით, კერძოდ კი, ფოტოგრაფიის და ფერწერის ციფრული დაკავშირებით / შერწყმით.
ფოტოგრაფია ბადებს კადრს, რომელიც გადაღებისთანავე წარსული ხდება. ფერწერა კი, ის პროცესია, სადაც ზეთი – ხელშესახები მედიუმი – ქმნის ახალ რეალობას, რომელიც აწმყოზე მიანიშნებს.
ფოტოგრაფია ჩემი პირველადი მედიუმია. ციფრული მანიპულაციით, მე ჯერ ვავრცობ ჩემს გამოსახულებებს, შემდეგ ვაზავებ მათ ფერწერასთან და ამით ვაკავშირებ წარსულს და აწმყოს.
“გაბედე…!” – აქ წარმოდგენილი ჩემი ერთ-ერთი ნამუშევარია. დაკარგულ ფესვებთან, დანგრეულ ურთიერთობებთან და ტრადიციებთან ვიზუალური ასოციაციების გაბმით, ეს ნამუშევარი ეჭვქვეშ აყენებს იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც ადამიანი სამშობლოს დატოვებისას და უცხო ქვეყანაში გადასვლისას იღებს. მიუხედავად ყველა დანაკარგისა, ისინი ბედავენ… ბედავენ წასვლას, ახალი ცხოვრების დაწყებას, რასაც ახლავს ახალ ადგილებთან ზიარების აღმაფრენა, გადაადგილების სიხარული და უცხო სამყაროში მოგზაურობის თავგადასავალი.
ერთმანეთთან ასოციაციურად დაკავშირებული გამოსახულებების მეშვეობით, მე არასწორხაზოვნად გიყვებით ამბავს, რომელიც ჩემს პირად გამოცდილებას ირეკლავს. ეს ამბავი 1997 წელს დაიწყო, როცა პრინსტონის უნივერსიტეტში, ამერიკაში გავემგზავრე, მაგისტრის ხარისხის მისაღებად.

მისამართი: გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი, ათონელის ქ. N9, 0105 თბილისი.
გახსნის თარიღია: 20.09.2023 17:00 სთ.
გალერეა ღიაა: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სთ.
გამოფენა გაგრძელდება 24 სექტემბრამდე