• სვანეთის ექსპედიცია

    2010 წლის 15-20 ივლისს შედგა გიორგი ჩუბინაშვილის ცენრის,  მაქს პლანკის ფლორენციის ხელოვნების ინსტიტუტისა და ბაზელი უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტით დაგეგმილი სვანეთის ექსპედიცია. ექსპედიცია მიზნად ისახავდა სვანეთის ძეგლების მონახულებას (არქიტექტურა, კედლის მხატვრობა, ხატწერა). საგანგებო ყურადღება დაეთმო  მუზეუმის ექსპონატთა შესწავლას (ხატწერა, ხელნაწერი წიგნი და სხვა). იხ. გეგმა.

    ყოველ ძეგლზე ეწყობოდა სამეცნიერო დისკუსიები. ექსპედიციის ერთ-ერთი მიზანი ძეგლთა ფოტოფიქსაციაც იყო. გადაღებული მასალა მოგვიანებით მაქს პლანკის ფოტოარქივის შემადგენლობაში შევა.

    მონაწილეთა სია:  ბარბარა შელევალდი, გერჰარდ ვოლფი, მიქელე ბაჩი, სოფია შვაინფურტი, ბრიგიტ ბორკოფი, მანუელა დიჯორჯი, ანეტტ ჰოფმანი, მარინა ქევხიშვილი, დრორ მაიენი, ემა მაენი, ეკატერინე გედევანიშვილი, მარინე ყენია, გიორგი პატაშური.

     

  • ძველი თბილისის იდენტურობა და სული

    2010 წელს 4-6 ივნისს გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია – ძველი თბილისის იდენტურობა და სული. კონფერენცია ჩატარდა თბილისში, სასტუმროში – “ძველი თბილისი”.

    კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრის დირექტორი მარიამ დიდებულიძე. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ცენტრის თანამშრომლებმა. მოხსენებები წაიკითხეს:

    თბილისი – ეზოიანი სახლების უნიკალური სისტემა

    მაია მანია, არქიტექტურის ისტორიკოსი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი;
    რაც მარადიული და განუმეორებელია თბილისში

    მანანა სურამელაშვილი, არქიტექტურის ისტორიკოსი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი;

    “ზემელის” რეკონსტუქციის პროექტი

    ლალი ანდრონიკაშვილი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი

    პროექტი ხორციელდება ევრო-კომისიის ფინანსური მხარდაჭერით

    “კონფერენცია არის ნაწილი პროექტისა “ურბანული მემკვიდრეობის შენარჩუნება: ძველი თბილისის იდენტობა და სული,” რომელსაც ახორციელებენ ბრიტანეთის საბჭო, გოეთეს ინსტიტუტი, ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატი, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი “ისტორიალი” და ძეგლებისა და ღირსშესანიშნაობათა საერთაშორისო საბჭოს საქართველოს ეროვნული კომიტეტი (ICOMOS საქართველო)”.

    http://www.ec.europa.eu/dgs/education_culture
    www.britishcouncil.org/ge
    www.goethe.de/tbilissi
    www.riksantikvaren.no
    www.icomos.org.ge
    www.gaccgeorgia.org

  • საერთაშორისო პოლიტიკის ფორუმი – ევრო-აზიურ კორიდორში ურბანულ ზრდასა და კონსერვაციაზე

    2010 წლის 20-21 მაისს სტამბულში, ბაჰჩეზეჰირის უნივერსიტეტში (Bahcesehir University) შედგა საერთაშორისო პოლიტიკის ფორუმი – ევრო-აზიურ კორიდორში ურბანულ ზრდასა და კონსერვაციზე.
    სიმპოზიუმის ორგანიზატორები იყვნენ – იაპონიის არქიტექტურის ინსტიტუტი (Architectural Institute of Japan, AIJ) და სტამბულის საპროექტო ინსტიტუტი (Istambul Metropolitan Planning (IMP). აღსანიშნავია, რომ  სწორედ იაპონიის არქიტექტურის ინსტიტუტი წარმოადგენს აღმოსავლეთი და ცენტრალური აზიის ისტორიული ქალაქების კონსერვაციის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ერთ-ერთ ინიციატორს.
    სტამბულის სიმპოზიუმი მიზნად ისახავდა ბოლო 7-8 წლის განმავლობაში სხვადასხვა ინსტიტუტების მიერ ისტორიულად ჩამოყალიბებული ურბანული სტრუქტურების კვლევის შედეგად მოპოვებულ მასალაზე დაყრდნობით, ისტორიული ქალაქებისა თუ სოფლებისათვის სწორი განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების და მათი გარემოს გადარჩენისათვის რაციონალური სტრატეგიის შემუშავების ხელშეწყობას.
    სიმპოზიუმი სხვადასხვა ქვეყნის ექსპერტებსა და სპეციალისტებს შორის აზრთა გაცვლისა და გაზიარების ხელშეწყობასაც ემსახურებოდა.
    როგორც ცნობილია, ევრო-აზიური კორიდორი რამდენიმე კონტინენტზე გაშლილი, აღმოსავლეთ აზიასა და ევროპას შორის მდებარე დამაკავშირებელი ხაზია. საქართველო და მისი დედაქალაქი აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთი განშტოების მნიშვნელოვანი ნაწილია. ამდენად, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მდებარე არქიტექტურულ-ურბანული თვალსაზრისით გამორჩეულ მრავალ ქალაქსა თუ რურალურ სტრუქტურებს შორის თბილისის არქიტექტურული მემკვიდრეობა და აქ მიმდინარე სამშენებლო პროცესები, ერთ-ერთი საყურადღებოთაგანი იყო სტამბულის კონფერენციაზე.
    აღნიშნულ ფორუმზე თბილისის სამხატვრო აკადემიისა და გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრის  მეცნიერი თანამშრომელი – მაია მანია წარსდგა მოხსენებით: თბილისი – ტრადიციათა შეხვედრის ადგილი.

  • თბილისის წიგნის XII საერთაშორისო ფესტივალი

    2010 წლის 18-21 მაისს ჩატარდა თბილისის წიგნის XII საერთაშორისო ფესტივალი, სადაც წარდგენილი იყო გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრის მიერ მომზადებული და გამოცემული წიგნები:
    თ. ვირსალაძე, ქართული მხატვრობის ისტორიიდან; თეატრის მხატვრობა – 1920-1950; მცხეთის წმ. ჯვრის ტაძარი; დავით გარეჯის მონასტრები – ლავრა, უდაბნო;  ვ. ბერიძე, ნიკო ფიროსმანაშვილი; კ.მაჩაბელი, ადრეული შუა საუკუნეების ქართული ქვაჯვარები; ი.ხუსკივაძე, ზარათი, წმიდათა კვირიკესა და ივლიტას ეკლესია; რაჭა: 1991 წლის მიწისძვრით დაზიანებული ძეგლები; თბილისური სადარბაზოები; ძველი ქართული ხელოვნება; ქართულ-აფხაზური ალბომი და სხვა.

  • სომეხი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა

    4 მაისს გაიმართა თბილისელი სომეხი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა (1980-2010). გამოფენა და კატალოგი მომზადდა გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრის თანამშრომლების მიერ.

  • თანამშრომლობის მემორანდუმი

    19 აპრილს 2010 წელს შედგა თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს სამეცნიერო, საგანმანათლებლო, კულტურული, საჯარო და საზოგადოებრივ ინსტიტუციებს შორის, რათა ხელი შეეწყოს ქვეყანაში გლობალური განზომილების მქონე ინფორმაციის მართვისა და კვლევის განვითარებას, ამ სფეროში თანამედროვე კომპეტენციის მქონე ადამიანური რესურსების უზრუნველყოფას.

  • დოქტორი დიმიტრი თუმანიშვილის 60 წლისათვის მიძღვნილი ღონისძიება

    2010 წლის 13 აპრილს თბილისის სამხატვრო აკადემიაში გამართული ღონისძიებები მიეძღვნა სამხატვრო აკადემიის პედაგოგის, გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრის მეცნიერი თანამშრომლის ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის დიმიტრი თუმანიშვილის  60 წლისთავს.

    დისკუსიაში თემაზე “ქართული კულტურის იდენტურობის საკითხისათვის” მონაწილეობა მიიღეს: გია ბუღაძემ (სამხატვრო აკადემიის რექტორი), ანი კლდიაშვილმა, ასმათ ოქროპირიძემ, დიმიტრი თუმანიშვილმა, მარიამ დიდებულიძემ (გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრის დირექტორი), ლეილა ხუსკივაძემ, ლიკა მამალაძემ, სამსონ ლეჟავამ, ლელა იაკობაშვილმა, ნინო ღაღანიძემ.

    ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა იუზა ხუსკივაძემ წარადგინა დიმიტრი თუმანიშვილის წიგნი – “გზაჯვარედინზე”.

    დიმიტრი თუმანიშვილის მოღვაწეობაზე ისაუბრა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა ლეილა ხუსკივაძემ.

  • “საზაფხულო სკოლა”

    გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის, ფლორენციის მაქს პლანკის ხელოვნების ინსტიტუტისა და ბაზელის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი.

    2009 წლის 9-13 სექტემბერს თბილისში ჩატარდა გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრისა და  ფლორენციის მაქს პლანკის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ერთობლივი პროექტი. პროექტის ფარგლებში სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სამხატვრო აკადემიის ხელოვნების ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტებსა და მაგისტრანტებს, ასევე ცენტრის სტაჟიორებს ჩაუტარდათ დარგში ახალი მეთოდოლოგიებისა და მიდგომების ანალიზისა და გამოყენებისადმი მიძღვნილი ლექციების კურსი.

    სემინარის მუშაობაში მონაწილეობდენ  ევროპული უნივერსიტეტების წამყვანი სპეციალისტები  – გერჰარდ ვოლფი, ბარბარა შელევალდი, ანეტ ჰოფმანი, ბეატე ბეკჰემი, მანუელა დეჯორჯი, ბერნდ ნიკოლაი, კატრინ მიულერი, ვერა ბეიერი (ბაზელის, ბერნის, ჰაიდელბერგის, ბერლინის უნივერსიტეტებიდან). ლექციების მსვლელობისას მოეწყო გასვლითი ექცპედიციები მცხეთაში, ატენსა და ყინცვისში, სადაც ახალგაზრდებმა წარმოადგინეს მათ მიერ მომზადებული მოკლე მოხსენებები.

    ამ პროექტის ფარგლებში სამომავლოდ იგეგმება ქართველ სტუდენტთა მივლინება ევროპის სახელოვნებათმცოდნეო კვლევით ცენტრებში.

    მაქს პლანკის ინსტიტუტთან გ.ჩუბინაშვილის ცენტრს ხანგძლივი თანამშრომლობა აკავშირებს –  ბატონი გიორგი ჩუბინაშვილი მაქს პლანკის ინსტიტუტის დამაარსებლის, აუგუსტ შმარზოს მოწაფე გახლდათ.

    2006 წლიდან საქართველოში კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით რეგულარულად ეწყობა შუა საუკუნეების ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილი ერთობლივი საერთაშორისო სემინარი. 2008 წლიდან ფლორენციის ინსტიტუტში  მოქმედებს შუა საუკუნეების ქართული ხელოვნების ამსახველი ფოტო არქივი, რომელიც უცხოელ მკვლევართ ქართული ხელოვნების საუკეთესო ნიმუშების გაცნობისა და კვლევის  საშუალებას აძლევს.