მსოფლიო მემკვიდრეობა და მდგრადი განვითარება

2014 წლის 24-26 სექტემბერს, მესტიაში ჩატარდა რეგიონალური კონფერენცია – მსოფლიო მემკვიდრეობა და მდგრადი განვითარება. კონფერენცია ორგანიზებულ იყო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, პარტნიორ ორგანიზაციებთან – საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისია, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი – თანამშრომლობით. კონფერენციაში მონაწილეობდნენ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის (UNESCO World Heritage Centre), რესტავრაციისა და კონსერვაციის საერთაშორისო ცენტრის (UCCROM), ძეგლებისა და ღისშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს (ICOMOS), ბუნების კონსერვაციის საერთაშორისო კავშირის (IUCN), აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების  წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები.

კონფერენციაზე განხილულ იქნა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის საკითხები, საერთაშორისო ორგანიზაციების როლი და გამოცდილება მსოფლიო კულტურული და ბუნების ძეგლთა მართვისა და განვითარების პროცესში, მსოფლიო მემკვიდრეობის საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა, კანონპროექტი მსოფლიო მემკვიდრეობის შესახებ, აგრეთვე ზემო სვანეთის კულტურული ლანდშაფტის განვითარების საკითხები, ზემო სვანეთში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი სახელმწიფო პროექტები, სვანეთის არამატერიალური მემკვიდრეობის ინვენტარიზაციის შედეგები.

სხვა მოხსენებებს შორის, კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის თანამშრომლების – მ. ყენიას და გ. პატაშურის – მოხსენებები სვანური ფერწერული სკოლისა და სვანეთის საეკლესიო ხუროთმოძღვრების შესახებ.