ცენტრის საგამოფენო დარბაზში შედგა მხატვარ ოთარ ჯაფარიძის პერსონალური გამოფენა. მხატვარი განსაკუთრებით გამოირჩევა თავისი გრაფიკული ჩანახატებით და სერიით, რომელიც ქართულ ხუროთმოძღვრულ ძეგლებს მიუძღვნა. გამოფენაზე წარმოდგენილ ნამუშევრებს შორის იყო მხატვრის ფერწერული ნაწარმოებებიც, რომელთაც ფართო საზოგადოება თითქმის საერთოდ არ იცნობს. ასევე არსებითია, რომ მხატვარ ოთარ ჯაფარიძის ნამუშევრების ეს გამოფენა, მისი პირველი პერსონალური გამოფენა იყო, მთელი შემოქმედებითი მოღვაწეობის მანძილზე. მხატვრის ნამუშევრები, საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმის ფონდშია დაცული.
2016 წელს ცენტრში გაგრძელდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებთან დაკავშირებული სემინარები (ხელმძღვანელი დიმიტრი თუმანიშვილი). სემინარებზე განიხილებოდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, აღნუსხვისა და შეფასების პრობლემები, ძეგლთა სარეაბილიტაციო სამუშაოების შეფასება.
კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაცია-რესატავრაციის
სფეროში განხორციელებული საქმიანობა
ცენტრის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაცია-რესატავრაციისა და ძეგლთა დაცვასთან დაკავშირებული საკითხები. ცენტრის თანამშრომლები მუდმივად მონაწილეობენ ძეგლთა სარესტავრაციო-სარეაბილტაციო პროექტებში, ასრულებენ ძეგლების სახელოვნებათმცოდნეო კვლევასა და სარესტავრაციო რეკომენდაციებს, მუშაობენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მეთოდოლოგიაზე, ახორციელებენ რეაბილიტირებული ძეგლების მონიტორინგს, კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტიზას.