სეზონური სკოლა „ტაო-კლარჯეთი, ისტორია და მემკვიდრეობა: უძრავი და მოძრავი ძეგლები“.

დღეს, 8 სექტემბერს, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში მუშაობა დაიწყო სეზონურმა სკოლამ „ტაო-კლარჯეთი, ისტორია და მემკვიდრეობა: უძრავი და მოძრავი ძეგლები“.
საერთაშორისო სეზონური სკოლის ინიციატორი და წამყვანი ორგანიზაცია მასპინძელი ინსტიტუციაა, თანამონაწილე და თანადამფინანსებელი ორგანიზაციები კი არიან ფლორენციის მაქს პლანკის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტი,  ბაზელის უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიის სემინარი და ფრიბურგის უნივერსიტეტის შუა საუკუნეების ხელოვნების ისტორიის კათედრა.  გარდა ამისა, პარტნიორი ორგანიზაციებია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი და ეროვნული მუზეუმი. მთავარი დამფინანსებელი კი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი (№ MG_ISE_18_2142).

 

სეზონური სკოლის ფარგლებში გაიხსნა გამოფენა, სადაც წარმოდგენილია ჩუბინაშვილის ცენტრის წვლილი ტაო-კლარჯეთის მემკვიდრეობის კვლევის საქმეში. მოეწყო ასევე ცენტრის თანმშრომლის, დოქ. თამაზ დვალის ფოტოგამოფენა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ბაზელის უნივერსიეტის პროფესორის ბარბარა შელევალდის საჯარო ლექცია იშხნის მოხატულობა.“
სეზონური სკოლა იმუშავებს საქართველოში, ასევე ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში, სადაც მონაწილეები გაეცნობიან ტაო-კლარჯეთის კულტურული მემკვიდრეობის უძრავ და მოძრავ ძეგლებს. პროგრამა თბილისში 16 სექტემბერს დასრულდება, ხოლო 18 სექტემბერს მუშაობას გააგრძელებს ქ. ბერნში შუა საუკუნეების ხელოვნების საერთაშორისო ფორუმზე, რომელიც პროექტის თანამონაწილე ფრიბურგის უნივერსიტეტის მიერ არის ორგანიზებული და სადაც საზაფხულო სკოლის ქართველ და ევროპელი მონაწილეები მოხსენებებით წარდგებიან.

 

პროექტში ჩართულნი არიან დოქტორანტები და ახალგაზრდა მეცნიერები როგორც საქართველოდან (ჩუბინაშვილის ცენტრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამხატვრო აკადემია), ასევე მსოფლიოს მოწინავე უნივერსიტეტებიდან.
გვინდა მადლიერება გამოვხატოთ ჩვენი პროექტის მხარდამჭერების და თანამონაწილე ორგანიზაციების მიმართ, რომელთა მუდმივი თანადგომა უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი დარგის მომავალი განვითარებისთვის.
სეზონური სკოლა ეძღვნება დიმიტრი თუმანიშვილის ხსოვნას.