წიგნის პრეზენტაცია

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში ორენოვანი გამოცემის „სატორგესა და ყაჯირის მთების ისტორიული ძეგლები“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნის ავტორია ისტორიკოსი ნიკოლოზ ჟღენტი.

ნაშრომი ეძღვნება კახეთში, მდ. იორის ქვემო წელზე მდებარე სატორგესა და ყაჯირის მთების მიდამოებში არსებულ ნაკლებად ცნობილ და უცნობ ისტორიულ ძეგლებს – ქვაბოვან მონასტრებსა და კომპლექსებს, დიდ ნამოსახლარსა და ცალკეულ არქიტექტურულ ძეგლებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სატორგეს მონასტრის ქვაბოვან გუმბათიან ეკლესიაში არსებულ ეპიგრაფიკულ ძეგლებს, დიდ ნამოსახლარსა და ასევე ახლად გამოვლენილ ქვაბოვან მონასტრებს. ნაშრომის ფარგლებში გთავაზობთ, როგორც ისტორიულ-წყაროთმცოდნეობით და ეპიგრაფიკულ გამოკვლევას, ასევე არსებული ძეგლების ზოგად აღწერილობებსა და სხვადასხვა დაკვირვებებს.

ნაშრომის მიზანია სატორგესა და ყაჯირის მთების მიდამოებში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების პოპულარიზაცია როგორც სამეცნიერო, ისე ფართო საზოგადოებაში.

კვლევა განხორციელდა ა(ა)იპ „კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და კვლევის ცენტრის“ ექსპედიციებისა და ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაციის Friends of Academic Research in Georgia („აკადემიური კვლევების მეგობრები საქართველოში“) გამოცხადებული ჯონ ვილკინსონის სახელობის 2022 წლის კვლევითი გრანტის ფარგლებში.