2026 წლის 17 ივლისს საფრანგეთის ხელოვნების ისტორიის ეროვნული ინსტიტუტის (INHA) სამეცნიერო კოორდინატორმა, არქეოლოგიის დოქტორმა სიფანა ჩაკერიანმა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში წარმოადგინა პრეზენტაცია: „ტიერების არქივი საფრანგეთის ხელოვნების ისტორიის ეროვნული ინსტიტუტის სამეცნიერო არქივში (პარიზი): კვლევისა და ციფრული წარმოჩენის პროექტი“.
ცნობილ ფრანგ მეცნიერებს ნიკოლ და ჟან-მიშელ ტიერებს მჭიდრო მეგობრული და პროფესიული ურთიერთობა ჰქონდათ გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრის თანამშრომლებთან. მათი მდიდარი ფოტოდოკუმენტური არქივის დამუშავება და ციფრულ ფორმატში გადაყვანა 2022 წლიდან მიმდინარეობს. მრავალ სხვა საინტერესო მასალასთან ერთად, არქივში დაცულია შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურისა და ხელოვნების ნიმუშების ფოტოსურათები და საველე ჩანაწერები, რომლებიც მკვლევართა მიერ საქართველოსა და თურქეთში წლების განმავლობაში მოწყობილი არაერთი ექსპედიციის დროს შეიქმნა.


