2014 წლის 6 ნოემბერს მსოფლიო ბანკის თბილისის წარმომადგენლობის თხოვნით ცენტრის დირექტორი მარიამ დიდებულიძე შეხვდა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ქ-ნ ლორა ტაქს. თბილისის მერის ბ-ნ ნარმანიას და საკრებულოს თავმჯდომარის გ. ალიბეგაშვილთან ერთად მ. დიდებულიძემ მონაწილეობა მიიღო თბილისის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებაში და დაწვრილებით წარუდგინა ქ-ნ ტაქს 1997-2002 წლებში ძველ თბილისში მსოფლიო ბანკის მიერ განხორციელებული პროექტები.
2014 წლის 3 ნოემბერს ჩუბუნაშვილის ცენტრში მოეწყო შეხვედრა საერთაშორისო ტურისტულ სააგენტოების წარმომადგენლებთან. შეხვედრის მედიატორი იყო ქართული კომპანია Explore Georgia.
ცენტრის დირექტორმა მარიამ დიდებულიძემ გააცნო სტუმრებს ცენტრის მუშაობა, მისი მიზნები და ამოცანები. საგანგებოდ გაამახვილა ყურადღება კულტურული ტურიზმის განვითარების საკითხებზე, თუ როგორ მონაწილეობს ცენტრი ამ მიმართულებით.
სტუმრებმა დაათვალიერეს ფოტო-გამოფენა “რაჭისა და თუშეთის ტრადიციული საცხოვრებელი”, შეიძინეს ცენტრის მიერ გამოცემული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი წიგნები.
2014 წლის აგვისტოდან გ. ჩუბინაშვილის ცენტრმა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით დაიწყო გელათის სამონასტრო ანსამბლისმართვის გეგმის შემუშავების პროექტზე მუშაობა. 24 ოქტომბერს ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის შენობაში პროექტის მუშა ჯგუფის წევრებმა (მ. დიდებულიძე, დ. ხოშტარია, ქ. მიქელაძე, ნ. ჩიტიშვილი, ნ. ნაცვლიშვილი, მ/გაბინია, ი. ვანდერ ვეიდე) გამართეს შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა ყველა დაინტერესებული მხარე, მათ შორის ეპარქიის, მონასტრისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. დამსწრეთ მიეწოდათ ინფორმაცია პროექტის მიზნებსა და ამოცანებზე და უკვე ჩატარებული სამუშაოს თაობაზე. დამსწრეებმა გამოთქვეს თავისი მოსაზრებები და სურვილები მენეჯმენტის გეგმის შემადგენლობის და არსებული პრობლემების შესახებ.
22 ოქტომბერს, გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრში, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ეგიდით და საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის მხარდაჭერით ჩატარდა ინტერდისციპლინური სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით „ტრადიციული დარბაზული ხუროთმოძღვრება საქართველოში“.მასში მონაწილეობდნენ ხელოვნების ისტორიკოსები, ეთნოლოგები, არქეოლოგები, არქიტექტორები, ეთნოდიზაინის სპეციალისტები და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ექსპერტები.
მოხსენებები უკავშირდებოდა საქართველოში დარბაზის ფენომენის კომპლექსური გააზრების, თანამედროვეობაში ადაპტირებისა და იუნესკოს ძეგლთა ნუსხაში ნომინირების საკითხებს. კონფერენცია ვ. ბერიძის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.
კონფერენციაზე სათანადო ყურადღება დაეთმო დარბაზის გენეზისის, მისი სივრცითი კომპოზიციის, სატაძრო ხუროთმოძღვრებასთან მიმართების, აღმშენებლობის პრინციპებს, სემანტიკური რაობის, ადაპტაციის, სოციალური ფუნქციონირებისა და სხვა პრობლემებს. წარმოდგენილ იქნა მანამდე უცნობი, ექსპედიციებში მოპოვებული მასალა როგორც არქეოლოგთა, ისე ხელოვნების ისტორიკოსთა მიერ, რამაც ახალი კუთხით წარმოაჩინა დარბაზული არქიტექტურის მნიშვნელოვანება.
ამას გარდა, კონფერენციასთან ერთად, გაიმართა გამოფენა „რაჭული და თუშური საცხოვრისი“, რომელშიც თვალსაჩინოდ გამოვლინდა ტრადიციული ხალხური არქიტექტურის მრავალფეროვნება და მაღალმხატვრულობა. ფოტოსურათები ეკუთვნის მირიან კილაძესა და ნესტან თათარაშვილს, დარბაზთან დაკავშირებული ფოტოარქივი კი – შალვა ლეჟავას.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ზურაბ ლეჟავას ეთნოგრაფიული ჩანახატები და არქიტექტორ კაცია გიორგობიანის შესრულებული კოლხური ოდების ნახატები.
2014 წლის 16-18 ოქტომბერს, ბათუმში გაიმართა შეხვედრა თემაზე – “შავი ზღვის კულტურული პორტი. გამოწვევები და პერსპექტივები” პროექტის – “ლიმენი. შავი ზღვის პორტები ეგეოსიდან შავ ზღვამდე” (ევროკავშირის შავი ზღვის აუზის თანამშრომლობის პროგრამა) – ფარგლებში.
შეხვედრის ორგანზატორი იყო პროექტის “ლიმენი” პარტნიორი საქართველოში – გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ პროექტის ქართული ქსელის წევრი ორგანიზაციები:
- აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
- აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი
- ქალაქ ბათუმის მერია
- აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო
- ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი
- ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი
- ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი
- აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი
- ქალაქ ბათუმის პორტი
შეხვედრაზე მომხსენებლების მიერ (მარიამ დიდებულიძე, დავით ხოშტარია, გიორგი ტუღუში) განსახილველად წარმოდგენილი იყო პროექტის “ლიმენი” მიზნები და ამოცანები და საქართველოში კულტურული ტურიზმის მდგრად განვითარებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები (ევროკავშირის ინიციატივა “ევროპის კულტურული დედაქალაქი”; ტურიზმისა და კულტურული ტურიზმის პოლიტიკა საქართველოში; მდგრადი ტურიზმი და კულტურული ტურიზმის პერსპექტივები; მემკვიდრეობა და კულტურული ტურიზმი – გამოცდილება, პრობლემები, ამოცანები და ა.შ.).
წარმოდგენილი თემები დიდი ინტერესით იქნა განხილული მონაწილეთა მიერ. გაიმართა ცოცხალი დისკუსია კულტურული ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემების გარშემო. დაისახა სამომავლო გეგმები და პერსპექტივები.
შეხვედრის წარმატებულობის დამადასტურებელია მასში მონაწილე რიგი ახალი ორგანიზაციების პროექტის ქართულ ქსელში ჩართვის სურვილიც.
2014 წლის 24-26 სექტემბერს, მესტიაში ჩატარდა რეგიონალური კონფერენცია – მსოფლიო მემკვიდრეობა და მდგრადი განვითარება. კონფერენცია ორგანიზებულ იყო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, პარტნიორ ორგანიზაციებთან – საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისია, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი – თანამშრომლობით. კონფერენციაში მონაწილეობდნენ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის (UNESCO World Heritage Centre), რესტავრაციისა და კონსერვაციის საერთაშორისო ცენტრის (UCCROM), ძეგლებისა და ღისშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს (ICOMOS), ბუნების კონსერვაციის საერთაშორისო კავშირის (IUCN), აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები.
კონფერენციაზე განხილულ იქნა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის საკითხები, საერთაშორისო ორგანიზაციების როლი და გამოცდილება მსოფლიო კულტურული და ბუნების ძეგლთა მართვისა და განვითარების პროცესში, მსოფლიო მემკვიდრეობის საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა, კანონპროექტი მსოფლიო მემკვიდრეობის შესახებ, აგრეთვე ზემო სვანეთის კულტურული ლანდშაფტის განვითარების საკითხები, ზემო სვანეთში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი სახელმწიფო პროექტები, სვანეთის არამატერიალური მემკვიდრეობის ინვენტარიზაციის შედეგები.
სხვა მოხსენებებს შორის, კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის თანამშრომლების – მ. ყენიას და გ. პატაშურის – მოხსენებები სვანური ფერწერული სკოლისა და სვანეთის საეკლესიო ხუროთმოძღვრების შესახებ.
დასრულდა აკაკი წერეთლის ახლადილუსტრირებული კრებულის შესაქმნელად გამოცხადებული ახალგაზრდა მხატვარ-გრაფიკოსების შესარჩევი კონკურსი. პროექტი ხორციელდება გ.ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის მიერ, კულტურის სამინისტროსა და საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის მხარდაჭერით. კონკურსის მსვლელობისას გამოიკვეთა მეორე ტურის ჩატარების აუცილებლობა, რაც თავიდან გათვალისწინებული არ იყო. გადარჩეულ ოთხ მონაწილეს მიეცა დამატებითი დავალება, რაც ამჯერად ერთსა და იმავე ტექნიკაში, ერთიდაიმავე ზომის ნამუშევრების შექმნას გულისხმობდა.
მსგავსი საკონკურსო პირობები მონაწილეებს სრულად ერთნაირ პირობებში აყენებდა და თითოეულის შესაძლებლობასაც მეტად ცხადად წარმოაჩენდა. მეორე ტურის შედეგების მიხედვით დადგინდა ის ორი გამარჯევებული, რომელიც იმუშავებს წიგნის საბოლოო ილუსტრირებაზე.
ესენია: მხატვარ-გრაფიკოსები თედო რეხვიაშვილი და მირიან ჭანკვეტაძე.
შესაბამისად დასრულდა პროექტის „აკაკი წერეთლის ახლადილუსტრირებული კრებული“ პირველი ეტაპი. გამოვლენილნი არიან მხატვრები, რომლებიც უკვე საკუთრივ კრებულის ილუსტრირებაზე დაიწყებენ მუშაობას.
შემოდგომაზე მოეწყობა წიგნის საბოლოო პრეზენტაცია, სადაც საზოგადოებას აღნიშნული პროექტის ფარგლებში განხორციელებული აკაკი წერეთლის ახალ საიუბილეო გამოცემა წარედგინება.
2014 წლის 4-6 ივნისს რუმინეთში, ქ. კონსტანცაში ჩატარდა საერთაშორისო პროექტის – “ლიმენი. კულტურული ნავსადგურები ეგეოსიდან შავ ზღვამდე“ (2013-2015წწ. დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ), საკოორდინაციო საბჭოს სხდომა და პროექტის პროგრამასთან დაკავშირებული კონფერენცია, რომლის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს გ. ჩუბინაშვილის ცენტრის თანამშრომლებმა, პროექტის მუშა-ჯგუფის წევრებმა მარიამ დიდებულიძემ და მზია ჯანჯალიამ.
პროექტის მთავარი მიზანია: შეიქმნას ადრებიზანტიური ხანის კულტურული პორტების ერთიანი ქსელი, რომელიც შევა კულტურული ტურიზმის მარშრუტებში; შეიქმნება ერთიანი საინფორმაციო სისტემა, მომზადდება ვრცელი საინფორმაციო მასალა (ბუკლეტები, ვებ-გვერდები და ა.შ.). ჩატარდება ადგილობრივი ძალების ტრეინინგი პროექტის ამოცანების განსახორციელებლად.