ვიზიტი

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრს სტუმრად ეწვივნენ წმინდა საყდრის (ვატიკანის) დესპანი, არქიეპისკოპოსი ანტე იოზიჩი და აკადემიკოსი ვალერი ასათიანი.

მათ დაათვალიერეს გამოფენა, სადაც წარმოდგენილია მხატვარ სერგო ქობულაძის მიერ 1956 წელს, ვენეციის ბიენალეს ფარგლებში მოგზაურობის დროს გადაღებული იტალიის ქალაქების ფოტო-მასალა.

სტუმრებს უმასპინძლა ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, მარიამ გაჩეჩილაძემ. გაიმართა შეხვედრა, რომელსაც ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლებიც ესწრებოდნენ. განხილვის მთავარი თემები იყო ჩუბინაშვილის ცენტრში დაცული კოლექციები და დაწესებულების საქმიანობა. შეხვედრისას გამოითქვა ორმხრივი სურვილი მომავალი თანამშრომლობის შესახებ.

Leave a comment
 

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრს სტუმრად ეწვივნენ ცენტრის თანამშრომლის რუსუდან ფიფიას (1936-1994) ოჯახის წევრები, რომელთა ფინანსური მხარდაჭერითაც დამუშავდა, დახარისხდა საარქივო დოკუმენტები და განახლდა საარქივო ფონდის სივრცე.

საარქივო სამუშაოები 2024 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამუშაო პროცესს უძღვებოდნენ საარქივო განყოფილების თანამშრომლები ნოდარ არონიშიძე და სალომე ბუჩუკური.

ამჟამად ფონდი 24 მკვლევრის არქივს ითვლის. საარქივო დოკუმენტები მოიცავს: ბიოგრაფიულ და საზოგადო მოღვაწეობის ამსახველ მასალას, სამეცნიერო ნაშრომებს, ჩანახატებს, ნახაზებს, ფოტონეგატივებს და სხვა.

ცენტრი მადლობას უხდის რუსუდან ფიფიას ოჯახს ფინანსური მხარდაჭერისთვის. 

Leave a comment
 

7 თებერვალს, XX საუკუნის ქართული სახვითი ხელოვნების გამორჩეული წარმომადგენლის სერგო ქობულაძის დაბადების დღეს, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში გაიხსნა გამოფენა „იტალია 1956 ფოტოგრაფი სერგო ქობულაძე“.

ღონისძიება გახსნა ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მარიამ გაჩეჩილაძემ. საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართა იტალიის ელჩმა საქართველოში მასიმილიანო დ’ანტუონომ. მან მადლობა გადაუხადა ჩუბინაშვილის ცენტრს გამოფენის ორგანიზებისა და განხორციელებისათვის.

გამოფენაზე წარმოდგენილია 1956 წელს ვენეციის XXVIII ბიენალეზე სერგო ქობულაძის მონაწილეობის პერიოდში მის მიერ გადაღებული იტალიის ქალაქების ფოტოები. ფოტოების კოლექცია გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ეროვნული კვლევით ცენტრის არქივშია დაცული.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ფოტოები მცდელობაა საზოგადოებას წარუდგინოს საბჭოთა სივრციდან პირველად გასული მხატვრის მიერ დამკვირვებლის თვალით დანახული 1950-იანი წლების იტალია და თავის მხრივ, აღმოგვაჩენინოს სერგო ქობულაძის მხატვრული ხედვა ფოტოგრაფის ენით.

გამოფენა 21 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. 

Leave a comment