გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში გაიმართა წიგნის ,,თევზები და წყლის ბინადრები სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში” პრეზენტაცია. წიგნი შეადგინეს 161-ე სკოლის X კლასის მოსწავლეებმა.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ჩუბინაშვილის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მარიამ გაჩეჩილაძემ და ბავშვებს წარმატებები უსურვა. პროექტი წარადგინა ხელოვნების ისტორიის მასწავლებელმა როსტომ კაჭახიძემ.

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი მუდმივად თანამშრომლობის სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებასთან და ხელს უწყობს ახალგაზრდების ინტერესის გაღვივებას ხელოვნებისა და მისი კვლევის მიმართ

Leave a comment
 

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში ორენოვანი გამოცემის „სატორგესა და ყაჯირის მთების ისტორიული ძეგლები“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნის ავტორია ისტორიკოსი ნიკოლოზ ჟღენტი.

ნაშრომი ეძღვნება კახეთში, მდ. იორის ქვემო წელზე მდებარე სატორგესა და ყაჯირის მთების მიდამოებში არსებულ ნაკლებად ცნობილ და უცნობ ისტორიულ ძეგლებს – ქვაბოვან მონასტრებსა და კომპლექსებს, დიდ ნამოსახლარსა და ცალკეულ არქიტექტურულ ძეგლებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სატორგეს მონასტრის ქვაბოვან გუმბათიან ეკლესიაში არსებულ ეპიგრაფიკულ ძეგლებს, დიდ ნამოსახლარსა და ასევე ახლად გამოვლენილ ქვაბოვან მონასტრებს. ნაშრომის ფარგლებში გთავაზობთ, როგორც ისტორიულ-წყაროთმცოდნეობით და ეპიგრაფიკულ გამოკვლევას, ასევე არსებული ძეგლების ზოგად აღწერილობებსა და სხვადასხვა დაკვირვებებს.

ნაშრომის მიზანია სატორგესა და ყაჯირის მთების მიდამოებში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების პოპულარიზაცია როგორც სამეცნიერო, ისე ფართო საზოგადოებაში.

კვლევა განხორციელდა ა(ა)იპ „კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და კვლევის ცენტრის“ ექსპედიციებისა და ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაციის Friends of Academic Research in Georgia („აკადემიური კვლევების მეგობრები საქართველოში“) გამოცხადებული ჯონ ვილკინსონის სახელობის 2022 წლის კვლევითი გრანტის ფარგლებში. 

Leave a comment
 
 
 

2022 წლის 21 ნოემბერს 15:00 საათზე,  გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში გაიმართა წიგნების პრეზენტაცია:
არქიტექტურის რეპრეზენტაცია შუა საუკუნეების საქართვეოში (მ.დიდებულიძე, დ.ხოშტარია, ნ.ჩიტიშვილი, ქ.საბაშვილი)
მხატვრები შუა საუკუნეების საქართველოში (ქ.მიქელაძე, მ.დიდებულიძე, თ.ხოსროშვილი, გ.გაგოშიძე)
საფლავის ძეგლები XVII – XIX სს.-ის საქართველოში (ე.კვაჭატაძე, ს.ლეჟავა, მ.ლილუაშვილი, გ.პაპაშვილი, ნ.არონიშიძე)
სამივე წიგნი მომზადებულია საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სრული ფინანსური მხარდაჭერით (ფუნდამენტური კვლევების და საქართველოში და საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევა).

Leave a comment
 

 

 

პროექტი

მემორიალური ძეგლები XVIII-XIX საუკუნეების საქართველოში“

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებული სახელმწიფო გრანტი საქართველოში და საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის.

პროექტი N HE-18-339, 2018 – 2021 წწ.

პროექტის ხელმძღვანელი – ეკატერინე კვაჭატაძე,
პროექტის მონაწილეები: კოორდინატორი – გიორგი პაპაშვილი, მანონ ლილუაშვილი, ნოდარ არონიშიძე.
პროექტის კონსულტანტი – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ელდარ ნადირაძე, მონოგრაფიის რედაქტორი –  ხელოვნებთმცოდნეობის დოქტორი სამსონ ლეჟავა.

პროექტი ითვალისწინებს საქართველოში შუა საუკუნეებიდან მოკიდებული მე-20 საუკუნის 30-იან წლებამდე შემონახულ მემორიალურ ძეგლთა მოკვლევასა და შესწავლას.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა საქართველოს უმრავლეს რეგიონში 2000-ზე მეტი მემორიალური ძეგლის (საფლავის ქვები, მემორიალური ქანდაკება, ობელისკები, არქიტექტურული ნაგებობები, ცხვრისა და ცხენის ქანდაკებები) მოძიება (კოორდინატების დატანით), აღნუსხვა, გაზომვა, დეტალური ფოტოფიქსაცია, კლასიფიკაცია, ტიპოლოგიზაცია, ანალიზი. ამ მასალის მიხედვით შესრულდა ძეგლთა ანოტირებული ნუსხა.
პროექტი ითვალისწინებს ქართული მემორიალური ძეგლების შესახებ მრავალრიცხოვანი ფოტომასალით აღჭურვილი მონოგრაფიული ნაშრომის გამოცემას ორ ენაზე (ქართული, ინგლისური).
პროექტის ფარგლებში  პროექტის მონაწილეთა მიერ სამეცნიერო ჟურნალებში დაიბეჭდა ორი სტატია, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებზე წაკითხულ იქნა ორი მოხსენება.

 

 

Leave a comment
 

12 ნოემბერს გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში გაიმართა მცხეთის ჯვრის დიდი ტაძრის კონსერვაციის პირველი ეტაპის პროექტის პრეზენტაცია. პროექტს ახორციელებს გ. ჩუბინაშვილის ეროვნული კვლევითი ცენტრი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, მსხვილი გრანტის ფარგლებში.
პროექტის მიზანია ჯვრის მონასტრის მთავარი ტაძრის საფასადო ქვის წყობის დაცვა შემდგომი დაზიანებისგან. პირველ ეტაპზე, რომელიც გაგრძელდება 10 თვე, ჩატარდება კომპლექსური მულტიდისციპლინარული კვლევა, რის საფუძველზეც მომზადდება კონსერვაციის სტრატეგია და შემუშავდება ჩარევის დეტალური გეგმა. საკონსერვაციო პროექტი შეეხება ტაძრის ქვიშაქვის საფასადო წყობას (ოთხივე ფასადსა და გუმბათის ყელს), რაც საერთო ჯამში შეადგენს ზედაპირის დაახლოებით 1200 კვ. მ-ს.

Leave a comment
 

15 აპრილს ცენტრში მოეწყო შეხვედრა ახალგაზრდა პორტუგალიელ არქიტექტორთან,  სეზარ რიბეირასთან, რომელიც ამჟამად მოღვაწეობს საქართველოში.

სეზარ რიბეირამ წარმოადგინა მოხსენება ცნობილი პორტუგალიელი არქიტექტორის ალვარო სიზას  (Alvaro Siza) შემოქმედებაზე. ასევე ურბანული არქიტექტურის ზოგიერთი ასპექტის (სივრცე, სინათლე, ტრადიცია და გარემო) თეორიულ საფუძვლების თაობაზე.

მოხსენებამ დიდი ინტერესი და მოწონება გამოიწვია.

Leave a comment