2011 წლის 1 აპრილს ევროპის სახლში (თბილისი, შალვა დადიანის 2) გაიმართა გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრის მიერ გამოცემული ახალი წიგნების პრეზენტაცია, რომელიც მიეძღვნა გიორგი ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის (ამჟამად ეროვნული ცენტრის) დაარსებიდან 70 წლისთავს.
საზოგადოებას მიესალმა გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრის დირექტორი მარიამ დიდებულიძე. მან ისაუბრა ინსტიტუტის დაარსებაზე, მის დამფუძნებლებზე, უფროსი თაობის წარმომადგენლებზე და ცენტრის საქმიანობაზე.
სიტყვით გამოვიდნენ ხელოვნებათმცოდნეები, ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ბოლო დირექტორი თეიმურაზ საყვარელიძე და დიმიტრი თუმანიშვილი. მათ აღნიშნეს ინსტიტუტის (ამჟამად ცენტრის) მნიშვნელობა კულტურული მემკვიდრეობის ფუნდამენტური კვლევისა და პოპულარიზაციის საქმეში, განიხილეს წარსულის გამოცდილება და ცენტრის საქმიანობის სამომავლო განვითარების გზები.
პრეზენტაციის დასასრულს ცენტრის დირექტორმა მარიამ დიდებულიძემ 80 წლის იუბილე მიულოცა ბ-ნ თეიმურაზ საყვარელიძეს.
2011 წლის 12 იანვარს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა ალბომის – “ქართული ქრისტიანული ხელოვნება” მეორე გამოცემის პრეზენტაცია. ახალი გამოცემა საზოგადოებას წარუდგინეს გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრის დირექტორმა მარიამ დიდებულიძემ და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ.
წიგნი გამოსაცემად მოამზადა გიორგი ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულმა ცენტრმა. ავტორები: ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორები: დიმიტრი თუმანიშვილი, მარიამ დიდებულიძე, მზია კეცხოველი, კიტი მაჩაბელი, თეიმურაზ საყვარელიძე, ლეილა ხუსკივაძე, ნინო ჭიჭინაძე, ასმათ ოქროპირიძე. მხატვარი: გიორგი დემეტრაშვილი.
ალბომის მეორე გამოცემა დაფინანსდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ.
2010 წლის 8 დეკემბერს საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში შედგა შეხვედრა გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან, რომლებმაც მოსწავლეებს საჩუქრად გადასცეს საგანმანათლებლო ბროშურები:
“ძეგლზე მოქცევის წესები ყმაწვილთათვის” და “რეკომენდაციები ძეგლთა მოყვარულთათვის, ანუ როგორ მოვეპყრათ ძეგლებს”.
შეხვედრას დაესწრო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის უფროსი ბესარიონ მაცაბერიძე.
ბროშურები მომზადდა გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულ ცენტრში. დაიბეჭდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაფინანსებით. ავტორები არიან: ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორები ლალი ანდრონიკაშვილი, მარიამ დიდებულიძე, დიმიტრი თუმანიშვილი. მხატვარი: დიმიტრი ანთაძე.
წარმოდგენილი ბროშურების გამოცემის მიზანია ყმაწვილებს განემარტოთ, თუ რა წვლილი შეუძლიათ შეიტანონ თავისი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის შესწავლისა და დაცვის საქმეში.
ბროშურა საშუალებას მისცემს ახალგაზრდებს სწორად წარმართონ თავისი საქმიანობა, მათ შეიძლება თავისივე რეგიონში არსებული ბევრი უცნობი ძეგლი გამოავლინონ, რისთვისაც გამოადგებათ ბროშურაში მოცემული რჩევები.განსაკუთრებით აქტუალურია უფროსკლასელთათვის რჩევების მიცემა მათივე რეგიონში, ან უბანში არსებული ძეგლების (განსაკუთრებით უცნობი) აღნუსხვასთან დაკავშირებით: ჩახატვა, ფოტოგრაფირება, წარწერების გადმოხატვა და ფიქსაცია, ძეგლის აღწერა, მოსახლეობაში არსებული გადმოცემების ან სხვა სახის ცნობების შეგროვება და სხვ.ბროშურები რიგდება როგორც თბილისის, ასევე სხვადასხვა რეგიონის სკოლებსა და სახელოვნებო სასწავლებლებში.
2010 წლის 13 აპრილს თბილისის სამხატვრო აკადემიაში გამართული ღონისძიებები მიეძღვნა სამხატვრო აკადემიის პედაგოგის, გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრის მეცნიერი თანამშრომლის ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის დიმიტრი თუმანიშვილის 60 წლისთავს.
დისკუსიაში თემაზე “ქართული კულტურის იდენტურობის საკითხისათვის” მონაწილეობა მიიღეს: გია ბუღაძემ (სამხატვრო აკადემიის რექტორი), ანი კლდიაშვილმა, ასმათ ოქროპირიძემ, დიმიტრი თუმანიშვილმა, მარიამ დიდებულიძემ (გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრის დირექტორი), ლეილა ხუსკივაძემ, ლიკა მამალაძემ, სამსონ ლეჟავამ, ლელა იაკობაშვილმა, ნინო ღაღანიძემ.
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა იუზა ხუსკივაძემ წარადგინა დიმიტრი თუმანიშვილის წიგნი – “გზაჯვარედინზე”.
დიმიტრი თუმანიშვილის მოღვაწეობაზე ისაუბრა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა ლეილა ხუსკივაძემ.



























