ბიბლიოთეკა

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის ბიბლიოთეკა დაარსდა 1943 წელს შოთა რუსთაველისა და მისი ეპოქის მუზეუმის ბიბლიოთეკის ფონდის საფუძველზე. ბიბლიოთეკის პროფილია ხელოვნების ისტორია, ხელოვნებათმცოდნეობა, თუმცა აქ  დაცულია რელიგიის, ფილოლოგიის, ისტორია-არქეოლოგიის და ფილოლოგიის პროფილის საბიბლიოთეკო ერთეულები. ბიბლიოთეკაში ინახება გიორგი ჩუბინაშვილის,რენე შმერლინგის, ლეო რცეულისვილის,ანელი ვოსკაიას,ინა გომელაურის, მერი კარბელაშვილის, ნათელა ალადაშვილის, ეკა პრივალოვას, ინგა ლორთქიფანიძის პირადი ბიბლიოთეკები. მემორიალურ ფონდს მალე შეემატება თამაზ სანიკიძის პირადი ბიბლიოთეკა.

ბიბლიოთეკის პირველი ხელმძღვანელი იყო ნატალია ელიავა, რომელიც შემდეგ რამდენიმე ხნით ნინო ერისთავმა შეცვალა. 1960-2004 წლებში ბიბლიოთეკას ხელმძღვანელობდა ნინო მაღალაშვილი.

2006 წლიდან  2023 წლამდე საარქივო-საბიბლიოთეკო განყოფილებას ხელმძღვანელობდა გურამ ჟღენტი. ამჟამად ამ განყოფილებას ნოდარ არონიშიძე უძღვება.

როგორც მთლიანად ინსტიტუტს, ასევე ბიბლიოთეკას ურთიერთობა ჰქონდა ევროპის მრავალი ქვეყნის მეცნიერთან, სამეცნიერო დაწესებულებასთან და სხვადასხვა უნივერსიტეტთან. რის საფუძველზეც მდიდრდებოდა ფონდი და შეადგენდა დაახლოებით 50 000 ეგზემპლარს ქართულ და უცხოურ ენებზე.

1991-1992 წლებში თბილისში განვითარებული მოვლენების დროს განადგურდა ბიბლიოთეკის ფონდის ნახევარზე მეტი. დაიწვა უნიკალური წიგნები, ენციკლოპედიები გერმანულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე; მსოფლიოს გამოჩენილ მხატვართა და არქიტექტორთა მაღალპოლიგრაფიულ დონეზე გამოცემული ალბომები; იშვიათი გამოცემის ბიბლია კომენტარებით რუსულ ენაზე; ინსტიტუტის თანამშრომელთა დისერტაციები, ნაშრომები, წიგნები და ბიბლიოთეკაში დაცული მრავალი სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტი.ამჟამად მიმდინარეობს წიგნადი ფონდის აღრიცხვა,განახლება,შევსება და აღდგენა.

ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს და ემსახურება მეცნიერებს, სტუდენტებს და ყველა იმ პირს, ვინც დაინტერესებულია საქართველოსა და მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სხვადასხვა საკითხით.