ბიბლიოთეკა

გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის ბიბლიოთეკა დაარსდა 1943 წელს შოთა რუსთაველისა და მისი ეპოქის მუზეუმის ბიბლიოთეკის ფონდის საფუძველზე. ბიბლიოთეკის პროფილია ხელოვნების ისტორია, ხელოვნებათმცოდნეობა, ისტორია, არქეოლოგია.

ბიბლიოთეკის პირველი გამგე იყო ქალბატონი ნატალია ელიავა, რომელიც შემდეგ რამდენიმე ხნით ნინო ერისთავმა შეცვალა. 1960-2004 წლებში ბიბლიოთეკას ხელმძღვანელობდა ქალბატონი ნინო მაღალაშვილი.

2006 წლიდან საარქივო-საბიბლიოთეკო სექტორის გამგე არის გურამ ჟღენტი.

როგორც მთლიანად ინსტიტუტს, ასევე ბიბლიოთეკას ურთიერთობა ჰქონდა ევროპის მრავალი ქვეყნის მეცნიერთან, სამეცნიერო დაწესებულებასთან და სხვადასხვა უნივერსიტეტთან. რის საფუძველზეც მდიდრდებოდა ფონდი და შეადგენდა დაახლოებით 50 000 ეგზემპლარს ქართულ და უცხოურ ენებზე.

1991-1992 წლებში თბილისში განვითარებული მოვლენების დროს განადგურდა ბიბლიოთეკის ფონდის ნახევარზე მეტი. დაიწვა უნიკალური წიგნები, ენციკლოპედიები გერმანულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე; მსოფლიოს გამოჩენილ მხატვართა და არქიტექტორთა მაღალპოლიგრაფიულ დონეზე გამოცემული ალბომები; იშვიათი გამოცემის ბიბლია კომენტარებით რუსულ ენაზე; ინსტიტუტის თანამშრომელთა დისერტაციები, ნაშრომები, წიგნები და ბიბლიოთეკაში დაცული მრავალი სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტი.

დღეს წიგნების რაოდენობა 10 500 აღწევს, პერიოდული გამოცემები კი დაახლოებით 1200 ეგზემპლარია. მიმდინარეობს წიგნადი ფონდის აღდგენა, განახლება და შევსება.

ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს და ემსახურება მეცნიერებს, სტუდენტებს და ყველა იმ პირს, ვინც დაინტერესებულია საქართველოსა და მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სხვადასხვა საკითხებით.

არქივი

XX საუკუნის 40-იან წლებში ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში დაარსდა სამეცნიერო არქივი და ფოტოტეკა, სადაც თავმოყრილი იყო უმდიდრესი მასალა – ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების ნახაზები, ანაზომები, სხვადასხვა სახის დოკუმენტები, გრაფიკული მასალა, კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშთა ნეგატივები, ფოტოსურათები და დიაპოზიტივები. თავისი არსებობის მანძილზე არქივი განუწყვეტლივ ივსებოდა ინსტიტუტის თანამშრომლების მიერ შესრულებული ფოტოებითა და ნახაზებით, კერძო პირთაგან შეძენილი სხვადასხვა მნიშვნელოვანი მასალით. 1991-1992 წლებში თბილისში განვითარებული ცნობილი მოვლენების დროს ინსტიტუტის შენობა ხანძარმა იმსხვერპლა და დაიწვა იქ დაცული უნიკალური საარქივო მასალაც.

გ. ჩუბინაშვილის სახელობის ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის დღეს არსებული სამეცნიერო არქივის ძირითადი ნაწილი (ქართული ხელოვნების ძეგლთა ანაზომები, ნახაზები, გრაფიკული და ფოტომასალა) მოიცავს იტალიელი სპეციალისტების მიერ დაბრუნებულ მასალას, რომელიც თავის დროზე გადაცემული იყო მათთვის გამოსაქვეყნებლად. ამას დაემატა იტალიელების მიერ საქართველოში მუშაობის დროს გადაღებული ფოტოები და სლაიდები.

ბოლო ათწლეულის მანძილზე არქივი შეივსო ცნობილი ქართველი მეცნიერების ლ. რჩეულიშვილის, თ. ვირსალაძის, ვ. ბერიძის სხვადასხვა სახის ხელნაწერებითა და დოკუმენტებით, ხელოვნების ნიმუშთა ფოტოსურათებით, ექსპედიციების დღიურებით და სხვ.

არქივში დაცულია ძალზე მნიშვნელოვანი მასალა, მით უფრო, რომ შემონახული ინფორმაცია ხშირ შემთხვევაში შეეხება ძეგლებს, რომელთა დიდი ნაწილი დღეს აღარ არსებობს ან შეცვლილი სახით არის ჩვენამდე მოღწეული.

1992 წლამდე არქივს ხელმძღვანელობდა რუსუდან მეფისაშვილი. ფოტოთეკის პირველი გამგე იყო ირინე ჯაფარიძე, 1945-1982 წლებში – ბარბარე აღნიაშვილი, ხოლო 1985-1992 წლებში – რუსუდან ფიფია.

2006 წლიდან საარქივო-საბიბლიოთეკო სექტორს განაგებს გურამ ჟღენტი.

Chubinashvili Centre