ახალი წიგნის პრეზენტაცია

2011 წლის 1 აპრილს ევროპის სახლში (თბილისი, შალვა დადიანის 2) გაიმართა გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრის მიერ გამოცემული ახალი წიგნების პრეზენტაცია, რომელიც მიეძღვნა გიორგი  ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის (ამჟამად ეროვნული ცენტრის) დაარსებიდან 70 წლისთავს.

საზოგადოებას მიესალმა გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრის დირექტორი მარიამ დიდებულიძე. მან ისაუბრა ინსტიტუტის დაარსებაზე, მის  დამფუძნებლებზე, უფროსი თაობის წარმომადგენლებზე და ცენტრის საქმიანობაზე.

სიტყვით გამოვიდნენ ხელოვნებათმცოდნეები, ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ბოლო დირექტორი თეიმურაზ საყვარელიძე და დიმიტრი თუმანიშვილი. მათ აღნიშნეს ინსტიტუტის (ამჟამად ცენტრის) მნიშვნელობა კულტურული მემკვიდრეობის ფუნდამენტური კვლევისა და პოპულარიზაციის საქმეში, განიხილეს წარსულის  გამოცდილება და ცენტრის საქმიანობის სამომავლო განვითარების გზები.

პრეზენტაციის დასასრულს ცენტრის დირექტორმა მარიამ დიდებულიძემ 80 წლის იუბილე მიულოცა ბ-ნ თეიმურაზ საყვარელიძეს.