გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრის მეცნიერი თანამშრომელი მზია ჩიხრაძე

გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრის მეცნიერი თანამშრომელი მზია ჩიხრაძე,  2009 წლის 25 ოქტომბრიდან 2010 წლის 14 ივნისამდე მონაწილეობდა ფულბრაიტის სამეცნიერო პროგრამაში, როგორც თანამედროვე ხელოვნების ისტორიისა და თეორიის მკვლევარი. ამ პერიოდში მან ჩაატარა სამეცნიერო კვლევა თემაზე “მოდერნიზმი და ქართული ავანგარდული ფილმები”. აღნიშნულ პროგრამაზე სამუშაოდ მზია ჩიხრაძე მივლინებული იყო ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტში.

კოლუმბიის უნივერსიტეტში მისი ხელმძღვანელობით მოეწყო სამეცნიერო კონფერენცია “მოდერნიზმი საქართველოში: საზღვრების ხელახალი მოხაზვა” (იხ. http://www.harrimaninstitute.org/events/conferences.html) და გამოფენა ქართულ მოდერნიზმზე, სადაც გარდა ქართული ფუტურისტული წიგნებისა და მოდერნისტული ფერწერული ნამუშევრების ფერადი ფოტოასლებისა, წარმოდგენილი იყო ქართული ავანგარდული ფილმებიც (იხ. http://www.harrimaninstitute.org/events/exhibits.html).

ზემოთ ხსენებულ კონფერენციაში “მოდერნიზმი საქართველოში: საზღვრების ხელახალი მოხაზვა”, რომელიც ჩატარდა 2010 წლის 10 აპრილს კოლუმბიის უნივერსიტეტში (ნიუ-იორკი), მონაწილეობას იღებდნენ, როგორც ქართველი, ისე უცხოელი სპეციალისტები. კონფერენცია საინტერესო იყო როგორც ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების, ისე ახალი კონტაქტების დამყარების თვალსაზრისით. კონფერენციამ საშუალება მისცა ქართველ სპეციალისტებს, ფართო საზიგადოებისთვის გაეცნოთ ქართული მოდერნიზმის მნიშვნელოვანი მოვლენები. კონფერენციის მიზანი იყო მოეცვა ქართული მოდერნიზმის ყველა ასპექტი. მოხსენებები გაერთიანებული იყო თემატურად და კონცეფტუალურად საერთო თემის მიხედვით: ქართული მოდერნიზმი, ავანგარდი და მოდერნულობა.

კონფერენციაზე მომხსენებლები იყვნენ: კატარინ ნეპომნიაში (ენ ვიტნი ოლინის პროფესორი, კოლუმბიის უნივერსიტეტის ბერნარდის კოლეჯის რუსული განყოფილების თავმჯდომარე), ლორენ ნინოშვილი (დოქტორი ფოლკლორისტიკიაში, კოლუმბიის უნივერსიტეტი, ქართული სწავლებების კოორდინატორი კოლუმბიის უნივერსიტეტის ჰარიმანის ინსტიტუტში), ჰარშა რამი(ასოცირებული პროფესორი, სლავიანისტური ენები და კომპერატიული ლიტერატურა, ბერკლის უნივერსიტეტი), ფრანსუაზ ლე-გრისი (ასოცირებული პროფესორი, ხელოვნების ისტორია, კვებეკის უნივერსიტეტი, მონრეალი), პამელა რენერი (ხელოვნების ჟურნალისტი, ინგლისური ენა, მიწვეული ინსტრუქტორი, იმფაიარ სთეით კოლეჯი), ქეთევან შავგულიძე (ასოცირებული პროფესორი, გრიგოლ რობაქიძის ხელოვნების უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი), თეა ტაბატაძე(ხელოვნებათმცოდნე, გიორგი ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი, თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი), ნესტან თათარაშვილი (არქიტექტორი, არტ ნუვოს დაცვის ჯგუფის თავმჯდომარე, გროსსოს არქიტექტორი), მზია ჩიხრაძე (გიორგი ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის მეცნიერი თანამშრომელი, ფულბრაიტის მკვლევარ-მეცნიერი კოლუმბიის უნივერსიტეტის ჰარიმანის ინსტიტუტში), ოლიკო ჟღენტი (მკვლევარი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, მიწვეული პროფესორი, რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმი).
კონფერენციის პარალელურად მზია ჩიხრაძემ მოაწყო ქართული მოდერნიზმის და თბილისური ავანგარდის გამოფენა კოლუმბიის უნივერსიტეტის ჰარიმანის ინსტიტუტის ატრიუმში, რომელიც გაგრძელდა 2010 წლის 1 აპირილიდან 10 მაისამდე. აღნიშნული გამოფენის მასალა ერთი წლის წინ წარმოდგენილი იყო კეისი კაპლანის გალერეაში ჩელსიში (ნიუ-იორკი). აღნიშნული გამოფენის კურატურები იყვნენ შვეიცარიელი ხელოვნებათმცოდნე და კურატორი დანიელ ბაუმანი და ხელოვნების ინტერდისციპლინური კვლევის ლაბორატორია (AIRL, საქართველო).

მზია ჩიხრაძის ხელმძღვანელობით გამართული გამოფენა “ქართული მოდერნიზმი/თბილისური ავანგარდი” გაგრძელდა 2010 წლის პირველი აპრილიდან 10 მაისამდე. ექსპოზიცია განთავსებული იყო ჰარიმანის ინსტიტუტის ატრიუმში. გამოფენა მოეწყო ხელოვნების ინტერდისციპლინური კვლევის ლაბორატორიასთან (საქართველო) და დანიელ ბაუმანთან (ხელოვნებათმცოდნე, თავისუფალი კურატორი, შვაიცარია) კოლუმბიის უნივერსიტეტის ჰარიმანის ინსტიტუტის თანამშრომლობით.

გამოფენის მიზანი იყო ეჩვენებინა ქართული მოდერნისტული ხელოვნებისა და კულტურის ადგილი და როლი თანამედროვე დასავლური ხელოვნების ისტორიის განვითარებაში. აღნიშნული მასალა ერთი წლის წინ, 2009 წლის ივლისში, წარმოდგენილი იყო ნიუ-იორკის კეისი კაპლანის გალერეაში გამოფენაზე: “ფანტასტიკური დუქანი. თბილისის ავანგარდი”; რომლის კურატორებიც იყვნენ ზემოთ ხსენებული დანიელ ბაუმანი (თავისუფალი კურატორი შვეიცარიიდან) და ხელოვნების ინტერდისციპლინური კვლევის ლაბორატორია (საქართველო). გამოფენაზე “მოდერნიზმი საქართველოში/ თბილისური ავანგარდი”  წარმოდგენილი იყო ქართული ხელოვნების ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პერიოდი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მოკლე ისტორიის მანძილზე, 1918 წლიდან 1921 წლამდე, თბილისი “პატარა პარიზს” დაემსგავსა, ის კავკასიის და რუსეთის კულტურულ ცენტრად იქცა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო თბილისური ავანგარდის ინტერკულტურული, ინტერნაციონალური ხელოვნება, სადაც ექსპონირებული იყო 1917-1924 წლებში თბილისში გამოცემული ფუტურისტული წიგნების, ჟურნალ-გაზეთების, დადაისტური მანიფესტების, მოდერნისტული პოეზიის, ფერწერული ნამუშევრების, თეატრალური მხატვრობის, სარეკლამო აფიშების ფერადი ასლები, ავანგარდული პოეზიის ხმოვანი ჩანაწერები, ქართული ავანგარდული ფილმები… ყოველივე ეს კი ასახავდა იმ მხატვრულ-კულტურულ გარემოს, რომელიც 1910-1920-იანი წლების თბილისში იქმნებოდა და რომელიც შეადგენდა იმ განსაკუთრებულ ფენომენს, რომელიც თბილისური ავანგარდის სახელით არის ცნობილი.

2010 წლის 17 აპრილს მზია ჩიხრაძემ მონაწილეობა მიიღო კოლუმბიის უნივერსიტეტის ეროვნებების კვლევის ასოციაციის ყოველწლიურ XV მსოფლიო სიმპოზიუმში. სიმპოზიუმის ერთ-ერთი მიმართულება განისაზღვრებოდა სათაურით “დაფარული ქართული ისტორიები რუსულ კულტურასა და აზროვნებაში”.

მზია ჩიხრაძის მოხსენება იყო თემაზე  – “XX საუკუნის დასაწყისის ქართულ-რუსული კულტურული ურთიერთობების შედეგები, რუსულ ხელოვნებაზე ქართული გავლენების ორი ძირითადი ასპექტი”.