საერთაშორისო ინტერდისციპლინურ კონფერენცია „ფიროსმანი და ქართული კულტურა“

გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად
საერთაშორისო ინტერდისციპლინურ კონფერენციაში „ფიროსმანი და ქართული კულტურა“

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი, იუნესკოს ეგიდით და საქართველოს კულტურის წამყვანი დაწესებულებების თანამონაწილეობით, 2012-2013 წლებში ახორციელებს პროგრამას, რომელიც ნიკო ფიროსმანაშვილის (ფიროსმანი) მხატვრული ფენომენის ინტერდისციპლინურ კვლევას გულისხმობს და მხატვრის დაბადებიდან 150 წლისთავს ეძღვნება.
2012 წლის 13 დეკემბერს, ჩუბინაშვილის ცენტრისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ერთობლივი პროექტის ფარგლებში გაიმართა მრგვალი მაგიდა და პუბლიკაციების გამოფენა „ფიროსმანის მხატვრული ფორმა – გენეზისი და რაობა“, სადაც 9 მეცნიერმა მიიღო მონაწილეობა სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო დაწესებულებიდან.
2013 წლის 5 – 8 ნოემბერს გაიმართება საერთაშორისო ინტერდისციპლინური კონფერენცია „ფიროსმანი და ქართული კულტურა“, სადაც წარმოდგენილი იქნება როგორც ფიროსმანისადმი მიძღვნილი, ისე – თავისუფალი სექციის მოხსენებები. თავისუფალი სექციის პრეზენტაციები დაუკავშირდება უშუალოდ იმ კულტურულ გარემოს (ძირითადად – თბილისი) და მის მრავალმხრივ კვლევებს,  სადაც XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე ჩამოყალიბდა ფიროსმანის ფენომენი.
კონფერენციის მხარდამჭერია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი. პროექტის ფარგლებში პარტნიორი დაწესებულებების: საქართველოს ეროვნული მუზეუმის, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ეროვნული არქივის, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ გაიმართება სხვადასხვა კულტურული და საზოგადოებრივი ღონისძიებები.
2014 წლის 1 აპრილისათვის ფიროსმანისადმი მიძღვნილი კონფერენციის რჩეული მასალების საფუძველზე გამოიცემა სამეცნიერო შრომების კრებული. თავისუფალი სექციის მოხსენებები კი დაიბეჭდება ჩუბინაშვილის ცენტრის ელექტრონულ ჟურნალში „Ars Georgica“.
გთხოვთ, მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გადმოგზავნოთ თეზისები ქართულად და ინგლისურად (თითოეული – 1 გვერდამდე)  არაუგვიანეს 1 ივლისისა. მიუთითეთ ზეპირ მოხსენებას (სლაიდ-შოუ და 5-10 გვერდი ტექსტი, შრიფტი – 11-იანი სილფაინი, დაცილება სტრიქონებს შორის – 1,5) წარმოადგენთ, თუ სასტენდო პრეზენტაციას (1 ოქტომბრამდე – 4-7 გვერდი ტექსტი, 11-იანი სილფაინი, დაცილება – 1,5 და 5-10 ილუსტრაცია). მოხსენების რეგლამენტი – 20 წუთი, დისკუსიის – 10 წუთი.
თეზისების განხილვის შემდეგ, კონფერენციის სამეცნიერო საბჭო უფლებას იტოვებს უარი უთხრას მსურველს მონაწილეობაზე, შესთავაზოს მას ზეპირ ან სასტენდო მომხსენებლად გადასვლა. დადებითი ან უარყოფითი პასუხები ავტორებს ეცნობებათ 15 ივლისამდე. მოწვეულ მონაწილეებს ვთხოვთ 1 ნოემბრამდე წარმოადგინონ მოხსენების სრული ტექსტი და CD-ზე ჩაწერილი ვიზუალური მასალა.
საკონტაქტო პირი:  მარიამ გაჩეჩილაძე – 599 25 07 25, mariam_gachechiladze@hotmail.com
თბილისი, ათონელის ქუჩა N 9, www.gch-centre.ge