ქართული საეკლესიო მემკვიდრეობა ჩრდილოეთ სომხეთში

ნარკვევების კრებულში „ქართული საეკლესიო მემკვიდრეობა ჩრდილოეთ სომხეთში“ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის  2012 წლის  ფუნდამენტური კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში გამარჯვებული პროექტის – “ქართულ-სომხური კულტურული ურთიერთობები. XII-XIII საუკუნეების ქალკედონური ტაძრები დღევანდელი ჩრდილოეთი სომხეთი ტერიტორიაზე” – ფარგლებში ჩატარებული სამუშაოს შედეგებია წარმოდგენილი.

პროექტში წამოჭრილი პრობლემები ჰუმანიტარული კვლევების იმ აქტუალურ საკითხთა რიგს განეკუთვნება, რომელთა მიმართ სამეცნიერო ინტერესი კარგა ხანია გასცდა საქართველოსა და სომხეთის ფარგლებს. ლორეს საერისთავოსა და მისი მიმდებარე მიწების სასაზღვრო მდებარეობამ, პოლიტიკურმა ისტორიამ, ეთნიკურად და კონფესიურად შერეულმა მოსახლეობამ, რეგიონის მემკვიდრეობისა და კულტურის ისტორიის კვლევებს სპეციფიკური სირთულე და სიმწვავე შესძინა. XX საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული, ჩრდილოეთი სომხეთის ტერიტორიაზე მდებარე ქალკედონური ძეგლებისადმი მიძღვნილი არაერთი ნაშრომი გამოქვეყნდა. თუმცა მათი უმრავლესობა გარკვეული ტენდენციურობითა და სწორხაზოვნებით განიხილავს ამ ურთულესი რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის ნაციონალური იდენტობის საკითხებს.

პროექტი მიზნად ისახავდა ინტერდისციპლინარული – სახელოვნებათმცოდნეო და საისტორიო-წყაროთმცოდნეობითი კვლევების საშუალებით, ისტორიული ლორეს ქალკედონური მონასტრების ხუროთმოძღვრების, მხატვრობისა და აქ შემორჩენილი ეპიგრაფიკის ძეგლების ფუნდამენტურ შესწავლას. კვლევის ობიექტად შეირჩა დღევანდელი ჩრდილოეთ სომხეთის ტერიტორიაზე მდებარე, გამორჩეულად მნიშვნელოვანი მონასტრები – აქორი, ახტალა, ქობაირი, ჰნევანქი და კირანცი. საგანგებო ყურადღების საგანს წარმოადგენდა ამ ძეგლთა მხატვრული გადაწყვეტის სოციალურ-პოლიტიკური, რეგიონული თუ ეროვნული თავისებურებები.
კრებულში წარმოდგენილი  ნაშრომები მრავალ ფაქტობრივ და მეთოდოლოგიურ სიახლეს შეიცავს, რომლებიც ვფიქრობთ, ფართო სამეცნიერო დისკუსიის საგანი გახდება არა მარტო საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც.

კრებულში წარმოდგენილი ნაშრომები წარმოადგენს ინტელექტუალურ საკუთრებას და მათი გავრცელება, ავტორთა ნებართვის გარეშე, დაუშვებელია