ნიკოლოზ სევეროვი (ნორდმანი)

(1887, თბილისი   –  1957,  კიევი)
არქიტექტორი, ხუროთმოძღვრების მკვლევარი, სსრკ არქიტექტურის აკადემიის აკადემიკოსი, დაამთავრა პეტროგრადის  სამოქალაქო-საინჟინრო ინსტიტუტი (1915). 1918-1948 წლებში მუშაობდა თბილისში (1935-1948 წლებში   –   საქართველოს არქიტექტურის კავშირის თავჯდომარე), 1948 წლიდან   -კიევში. თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, პროფესორი (1922-1948). 1942 წლიდან ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ხელოვნების ისტორიის განყოფილების გამგე.
სევეროვი დიდ დროს ანდომებდა ძველი ქართული სატაძრო ხუროთმოძღვრების შესწავლასა და ფიქსაციას. დაწერილი აქვს გამოკვლევები რამდენიმე უმნიშვნელოვანეს ქართულ ტაძარზე (სამწევრისი, ქუთაისის “ბაგრატის ტაძარი”, სამთავისი), მასვე აქვს გამოცემული პირველი  დასურათებული წიგნი ძველ ქართულ არქიტექტურაზე.

დიდი ღვაწლი მიუძღვის სევეროვს  ძეგლთა აზომვა-ფიქსაციაში (ნეკრესი, შიომღვიმე, მცხეთის ჯვარი, წრომი, კუმურდო, მარტვილი, ალავერდი, ნიკორწმინდა და მრავალი  სხვ.). გაზომილი აქვს  აგრეთვე ძველი საერო არქიტექტურის ძეგლები, ძველი თბილისის საცხოვრებელი სახლები და სხვ. სევეროვის დამსახურება ისიც არის,  რომ მან პირველმა გამოიმუშავა ძეგლთა ანალიზური გრაფიკული ასახვა, მათი ისტორიული ფენების ჩვენებით.

ძალიან ინტენსიური იყო სევეროვის მოღვაწეობა როგორც შემოქმედი არქიტექტორისა. თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში აგებული აქვს მრავალი საზოგადოებრივი და საცხოვრებელი შენობა. მისი პროექტით განხორციელდა   –   ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის შენობის რეკონსტრუქცია 1929 წელს, თამარ მეფის ხიდი, კინოთეატრი «რუსთაველი” და სხვ. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ნ.სევეროვის მთელი შემოქმედება საქართველოსთან იყო დაკავშირებული, სადაც დიდად დასაფასებელი კვალი დატოვა.

ბიბლიოგრაფია

  1. Новый тип крестового плана в храмах Грузии, XVI  научная сессия отделения общественных наук АН Грузии, Тб., 1944;
  2. Архитектура Кватахевского Храма, XXII научная сессия отделения общественных наук АН Грузии,Тб., 1946;
  3. Мцхета, М.,1946  (при соавторстве Г. Н, Чубинашвили);
  4. Кумурдо и Никорцминда, М., 1947 ( при соавторстве Г. Н, Чубинашвили);
  5. Памятники грузинского зодчества, М.,1947;
  6. Самцевриси,  Ars Georgica, т. 2, Тб., 1948;
  7. Архитектурный образ Цроми,  Ars Georgica, т. 3, Тб., 1950;
  8. Опыт реконструкции Кутаисского храма Баграта,  Ars Georgica, т. 5, Тб., 1959.