ფოტოფიქსაციის ლაბორატორია დაარსდა 1973 წელს. ექსპერიმენტული ლაბორატორიის შექმნის იდეა ეკუთვნის საქართველოს დამსახურებულ მხატვარს, სერგო ქობულაძეს. მის წამოწყებას დიდი ინტერესით გამოეხმაურა ქართული სახელოვნებო მეცნიერების ფუძემდებელი, აკადემიკოსი გიორგი ჩუბინაშვილი. მან, მიუხედავად მძიმე ავადმყოფობისა, გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, საგულისხმო და ანგარიშგასაწევი რეკომენდაციები წერილობით მიაწვდინა ბ-ნ სერგო ქობულაძეს.

ლაბორატორიის ფუნქციას და მისი საქმიანობის პრიორეტიტულ ამოცანას, დღიდან დაარსებისა, წარმოადგენს ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა მაღაკვალიფიციური ფოტოფიქსაცია და კოლექციური სლაიდოთეკის შექმნა.

თავიდანვე ლაბორატორიას ჰყავდა ორი კონსულტანტი – სერგო ქობულაძე და ქართული ხელოვნების ძეგლთა მკვლევარი და მოამაგე თინათინ ვირსალაზე. გადამღებ ჯგუფებს 1999 წლამდე ხელმძღვანელობდა ოთარ ქობალიანი. ფოტოგადაღებებს აწარმოებდნენ პროფესიონალი ფოტოგრაფები – ოთარ ცქვიტინიძე, საბა დემეტრაშვილი, შალვა ლეჟავა, გიორგი ხამაშურიძე, იური სივენკოვი; კინოოპერატორები – ლევან პაატაშვილი, გენო ჩირაძე, გია გერსამია და სხვანი.

გადაღებების დაგეგმვასა და განხორციელებაში რეგულარულად იღებდნენ მონაწილეობას ცნობილი ხელოვნებათმცოდნეები, მეცნიერები, მხატვრები. ლაბორატორია მჭიდროდ თანამშრომლობდა ხელოვნების ისტორიისა და ხელნაწერთა ინსტიტუტებთან, საქართველოს ყველა მუზეუმთან, არქეოლოგიის კვლევის ცენტრთან, მეცნიერებათა აკადემიასთან, არქიტექტორთა და მხატვართა კავშირებთან.

2006 წლიდან ლაბორატორია გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევითი ცენტრის შემადგენლობაში ერთ-ერთი განყოფილების სტატუსით ფუნქციონირებს. მის ფოტოფონდში დაცულია 15 ათასზე მეტი არასტანდარტული ფორმატის, “კოდაკის” ფირის ფერადი სლაიდი და შავ-თეთრი ნეგატივი. ფოტოკოლექციში წარმოდგენილია წინაქრისტიანული, შუასაუკუნების და თანამედროვე ქართული ხელოვნების ძეგლთა ფართო სპექტრი.

სლაიდოთეკის ფოტომასალებით უზრუნველყოფილ იქნა ქართული ხელოვნების კვლევისა თუ პოპულარიზაციისათვის მიძღვნილი არაერთი სამეცნიერო კონფერენცია, მონოგრაფია და ალბომი, აგრეთვე, საგამოფენო კატალოგები, გზამკვლვები, პლაკატები, კალენდრები. ბევრი მათგანი დასტამბულია უცხოეთის სოლიდურ გამომცემლობებში.
თავისი არსებობის მანძილზე ლაბორატრიამ მოაწყო მრავალი ფოტოგამოფენა საქართველოში, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებსა და ევროპის რიგ ქვეყანაში.

სხვადასხვა დროს ლაბორატორიას ხელმძღვანელობდნენ:
1973 – 2005 წლებში – ლია წილოსანი, 2006- 2007 წლებში უჩა ბლუაშვილი,
2008 – 2012 წლებში – შალვა ლეჟავა.
ამჟამად ლაბორატორია განაგებს მარინა ფანცხავა.

2013 წელს გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ეოვნულმა ცენტრმა საზეიმო ღონისძიებით აღნიშნა ლაბორატორიის დაარსებიდან 40 წლისთავი. საიუბილეო თარიღს მიეძღვნა ცენტრის გალერეაში მოწყობილი რეტროსპექტული ფოტოგამოფენა.

სერგო ქობულაძის სახელობის ხელოვნების ძეგლთა ფოტოფიქსაციის ლაბორატორია კვლავ გეგმავს გადაღებებს და ფონდის შევსება-განახლებას, ხოლო არქივის დაცვის და მისი ხელმისაწვდომობის ოპტიმიზაციის მიზნით, წარმოებს ფოტოფონდის დიგიტალიზება – ციფრულ მატარებლებზე გადატანა.

არქიტექტურა

Chubinashvili Centre