გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი, ბაზელის უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიის სემინარის, ფრიბურგის უნივერსიტეტის შუა საუკუნეების ხელოვნების ისტორიის კათედრისა და ფლორენციის მაქს პლანკის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის თანამონაწილეობითა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით (№ MG_ISE_18_2142), აცხადებს

სეზონურ სკოლას

ტაო-კლარეთი ისტორია და მემკვიდრეობა: უძრავი და მოძრავი ძეგლები

2019 წლის 7-16 სექტემბერი

პროექტის შესახებ

ტაო-კლარჯეთი ზოგადი სახელია იმ სულიერი და კულტურული მემკვიდრეობისა, რომელიც თავის თავში მოიცავს შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში შექმნილ უძრავ და მოძრავ ძეგლებს. იგი უშუალოდ უკავშირდება იმ ისტორიულ ქართულ პროვინციებს, რომლებიც თურქეთის საზღვრებშია მოქცეული (ტაო-კლარჯეთი, შავშეთი, ერუშეთი, კოლა-ოლთისი და სპერი). არქიტექტურულ ძეგლთა უმრავლესობა  ერზერუმის, ართვინის და არდაჰანის  ვილაიეთებში მდებარეობს. მოძრავი ძეგლების (ჯვარ-ხატები, ხელნაწერები, ქანდაკებები და სხვა) უმრავლესობა კი დაცულია თბილისის სხვადასხვა სამუზეუმო სივრცესა და საცავში.

სეზონური სკოლის მთავარი მიზანია, პროგრამის მონაწილეებს ადგილზე გააცნოს ტაო-კლარჯეთის უმნიშვნელოვანესი ხუროთმოძღვრული ძეგლები, წარმოაჩინოს მათი ისტორიული და კულტურული მნიშვნელობა საქართველოს ისტორიის, ქართული ხელოვნების, ბიზანტიური და რეგიონალური (კავკასია, ისლამური ანატოლია) კულტურის კონტექსტში.

სეზონური სკოლა იმუშავებს ათი დღის განმავლობაში. ამ ხნის მანძილზე მონაწილეები იმოგზაურებენ როგორც საქართველოში, ასევე,  ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში. სკოლა იმუშავებს სახელოვნებათმცოდნეო მეცნიერებაში დამკვიდრებული ფორმატით.  სემინარი და დისკუსიები უმთავრესად გაიმართება არა აუდიტორიაში, არამედ საველე პირობებში, იქნება ეს ღია ცის ქვეშ არსებული ძეგლები (კუმურდო, ოშკი, ხახული და სხვა) თუ სამუზეუმო სივრცეში დაცული ნივთები (მაგ. ხახულის ხატი, ანჩის ხატი, წყაროსთავის ოთხთავი და სხვა).  ამასთან, ჩატარდება ლექციები და გაიმართება დისკუსიები.

სეზონური სკოლის მონაწილენი ვალდებულნი არიან, წინასწარ დაამუშაონ ჩვენ მიერ ელექტრონულად მიწოდებული სამეცნიერო ლიტერატურა და შეთანხმებულ თემებზე წარმოადგინონ მოხსენებები; ამავე დროს, მონაწილეობა მიიღონ  დისკუსიებში, სეზონურ სკოლაში შესწავლილი საკითხები კი  ასახონ მომავალ სამეცნიერო კვლევებსა და პუბლიკაციებში.

სეზონური სკოლის სამუშაო ენაა ინგლისური.

გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრი სეზონური სკოლის წარმატებით დასრულების შემდეგ ყველა მონაწილეს გადასცემს  სერთიფიკატს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

პროგრამა უზრუნველყოფს სეზონური სკოლის სასწავლო პროცესს. იგი ითვალისწინებს ათი დღის განმავლობაში მონაწილეთა ძეგლებამდე ტრანსპორტირებას, განთავსებას  სასტუმროში   (სტუდენტებისათვის ოთახი იქნება საზიარო), კვებას, მუზეუმში შესვლას. განმცხადებლები ვალდებულნი არიან, თავად დაფარონ ორმხრივი მგზავრობის ხარჯები, ვიზის მოსაკრებელი (ასეთის საჭიროების შემთხვევაში) და სამოგზაურო / ჯანმრთელობის დაზღვევა, ამასთან, თან იქონიონ საკუთარი ჯიბის ფული.

ვის შეუძლია განაცხადის შემოტანა:

განაცხადი შეუძლია შემოიტანოს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც არის სადოქტორო პროგრამის სტუდენტი ან ახალგაზრდა მეცნიერი. განმცხადებლის ინტერესის სფეროს უნდა  წარმოადგენდეს საქართველოს, კავკასიის,  შუა საუკუნეების  ანატოლიისა და ბიზანტიის ხელოვნება, კულტურა.

უპირატესობა მიეცემათ  იმ სტუდენტებს, რომლებიც თურქეთის მოქალაქეები არიან   ან წარმოადგენენ თურქულ სასწავლო/სამეცნიერო ინსტიტუციას.

განცხადების ფორმა

განაცხადის ბოლო ვადაა : 2019 წლის 28 თებერვალი

განაცხადის ფორმა pdf ფაილის სახით გამოგზავნილ უნდა იქნეს შემდეგ მისამართზე:

taoschool2019@gmail.com

შერჩეულ კანდიდატებს ეცნობებათ 2019 წლის 30 აპრილამდე

 

ორგანიზატორები

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
Kunsthistorisches Institut in Florenz
Universität Basel
University of Fribourg
G. Chubinashvili National Research Centre for Georgian Art History and Heritage Preservation