სეზონური სკოლის გახსნა

2019 წლის 8 სექტემბერს გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული  სამეცნიერო ცენტრის დაფინანსებით გაიხსნა  დიმიტრი თუმანიშვილისადმი მიძღვნილი სეზონური სკოლა „ტაო-კლარჯეთი ისტორია და მემკვიდრეობა: უძრავი და მოძრავი ძეგლები“.  სეზონური სკოლა გახსნა პროექტის ხელმძღვანელმა, ხელოვნებათმცოდნეობის დოქ. ეკატერინე გედევანიშვილმა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას სკოლის სამუშაო ფორმატი გააცნო – სკოლის უმთავრესი მიზანია ამ მემკვიდრეობის ფართო ისტორიულ კონტექსტში წარმოჩენა, რაც არა მხოლოდ თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ ძეგლთა განხილვას გულისხმობს, არამედ ამ მემკვიდრეობასთან უშუალოდ დაკავშირებული მოძრავი თუ უძრავი ძეგლების  შესწავლასაც (მანგლისი, კუმურდო, სამუზეუმო სივრცეში დაცული ჯვარ-ხატები, თუ ხელნაწერები და სხვა).
პროექტის თანახელმძღვანელის – დოქ. ირინე გივიაშვილის გამოსვლა  ტაო-კლარჯეთის ისტორიული მნიშვნელობის წარმოჩენას მიეძღვნა. ცენტრის დირექტორმა  დოქ. თამარ ბელაშვილმა საერთაშორისო პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამ ტიპის მოვლენები ცენტრის განვითარების სტრატეგიულ მიმართულებად  განსაზღვრა.   სკოლის გახსნას ესწრებოდნენ რუსთაველის სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია და გენერალური დირექტორის მოადგილე ჯაბა სამუშია. ზვიად გაბისონიამ ისაუბრა ფონდის მიერ ტაო-კლარჯეთის მიმართულებით დაფინანსებული პროექტების ეროვნულ და სამეცნიერო მნიშვნელობაზე, მან სეზონური სკოლის მონაწილეებს წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალშიც გაგრძელდება მსგავსი ხასიათის თანამშრომლობა.
მაქს პლანკის სახელობის ფლორენციის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფ. გერჰარდ ვოლფმა, ფრიბურგის უნივერსიტეტის (შვეიცარია) პროფ. დოქ., მიქელე ბაჩიმ, უცხოელმა კოლეგებმა ისაუბრეს სეზონური სკოლის სამუშაო ფორმატზე, აღნიშნეს რა საველე სამუშაოების აქტუალობა, დასახეს მომავალი სამეცნიერო თანამშრომლობის გეგმები.
სეზონური სკოლის ფარგლებში გაიხსნა ცენტრის თანმშრომლის, დოქ. თამაზ დვალის ფოტოგამოფენა. ამასთან ერთად მოეწყო ბიბლიოგრაფიული გამოფენა, სადაც წარმოდგენილია ჩუბინაშვილის ცენტრის წვლილი ტაო-კლარჯეთის მემკვიდრეობის კვლევის საქმეში. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ბაზელის უნივერსიტეტის პროფესორის ბარბარა შელევალდის საჯარო ლექცია „იშხნის მოხატულობა.“
სეზონური სკოლა იმუშავებს საქართველოში, ასევე ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში,  პროგრამა  დასრულდება თბილისში 16 სექტემბერს. 18 სექტემბრიდან კი მუშაობას გააგრძელებს ქ. ბერნში შუა საუკუნეების ხელოვნების საერთაშორისო ფორუმზე, რომელიც პროექტის თანამონაწილე ფრიბურგის უნივერსიტეტის მიერ არის ორგანიზებული. ფორუმზე საზაფხულო სკოლის ქართველი და ევროპელი მონაწილეები მოხსენებებით წარდგებიან. უმთავრესი თემატიკა სწორედ ტაო-კლარჯეთის მემკვიდრეობაა.
პროექტში ჩართულნი არიან დოქტორანტები და ახალგაზრდა მეცნიერები, როგორც საქართველოდან (ჩუბინაშვილის ცენტრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამხატვრო აკადემია), ასევე მსოფლიოს მოწინავე უნივერსიტეტებიდან.
სეზონური სკოლა ეძღვნება დიმიტრი თუმანიშვილის ხსოვნას.