უცნობი საარქივო მასალების გამოფენა

უცნობი საარქივო მასალების გამოფენა — „შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრება“

2026 წლის 19 – 23 ოქტომბერს, საგამოფენო სივრცე „Ars Georgica“-ში, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში დაცული უცნობი საარქივო მასალების გამოფენა — „შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრება“ შედგა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სამი ქართველი ხელოვნებათმცოდნის — რენე შმერლინგის, ლევან რჩეულიშვილისა და ნიკო ჩუბინაშვილის — პირადი არქივებიდან შერჩეული მასალები, რომლებიც აქამდე ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი არ ყოფილა.

ექსპოზიცია აერთიანებდა შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების არქიტექტურულ ნახაზებს, ანაზომებს, ჩანახატებს, საექსპედიციო დღიურებს, ფოტომასალასა და სხვა საარქივო დოკუმენტებს. წარმოდგენილი მასალები ასახავს არა მხოლოდ ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებს, არამედ მათი შესწავლისა და დოკუმენტირების პროცესსაც — მკვლევართა დაკვირვებებსა და სამეცნიერო საქმიანობის მეთოდებს.

გამოფენა განხორციელდა საქართველოს კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში: „თინა ვირსალაძე, რენე შმერლინგი, ლევან რჩეულიშვილი, ნიკო ჩუბინაშვილი — უცნობი საარქივო მასალები (საარქივო ნახაზების, ჩანახატების, კედლის მხატვრობის ასლებისა და ფოტომასალის დიგიტალიზაცია)“.

პროექტი მიზნად ისახავს ოთხი ხელოვნებათმცოდნის პირად არქივებში დაცული მნიშვნელოვანი საარქივო მასალის გამოვლენას, დიგიტალიზაციას, აღწერასა და ელექტრონული პასპორტების შექმნას. გამოფენა ამ სამეცნიერო მემკვიდრეობის ფართო საზოგადოებისა და მკვლევართა წრისთვის გაცნობის შესაძლებლობას წარმოადგენდა.

გამოფენა „შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრება“ პროექტის პირველი საგამოფენო ეტაპი იყო. პროექტის მეორე ეტაპი შუა საუკუნეების ქართული კედლის მხატვრობის ამსახველი საარქივო მასალების გამოფენას დაეთმობა.