რენე შმერლინგის ექსლიბრისის უნიკალური კოლექციის გამოფენა

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული ცენტრმა  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მხარდაჭერით განახორციელა პროექტი: “რენე შმერლინგის ექსლიბრისის უნიკალური კოლექციის გამოფენა (XIX ს. – XX ს.-ის 30 წწ.) და სადისკუსიო მრგვალი მაგიდა  ქართული გრაფიკული ხელოვნების პრობლემებზე” (2013 წლის 15-30 ოქტომბერი).

ღონისძიება მიეძღვნა ცნობილი გრაფიკოსი-მხატვრების – ლადო გრიგოლიასა და ნიკოლოზ ჩერნიშკოვის დაბადებიდან 110 წლისთავის საიუბილეო თარიღს.

2013 წლის 15 ოქტომბერს, გ. ჩუბინაშვილის ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიმართა გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო ამ ორგანიზაციის არქივში დაცული, ცნობილი ქართველი მეცნიერის, რენე შმერლინგის ექსლიბრისის კოლექცია, რომელიც მოიცავს ორ ასეულზე მეტ ქართული, სომხური, რუსული და ევროპული ექსლიბრისის საუკეთესო, უნიკალურ ნიმუშებს – XIXს-დან XXს-ის 30-ანი წლების ჩათვლით.

ექსპოზიციაში ასევე განთავსდა ლადო გრიგოლიას შრიფტების რამდენიმე გარნიტური, ქ-ნი რენეს არქივში დაცული ნ. ჩერნიშკოვის მინიატურული და დაზგური გრავიურის ნიმუშები და სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტის სტუდენტების მიერ შესრულებული წიგნის ნიშნები (პედაგოგები: ლორეტა შენგელია-აბაშიძე, გოგი წერეთელი).
ამავე ღონისძიების ფარგლებში გაიმართა კონფერენცია (16 ოქტომბერი).
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ცენტრის მთავარმა მეცნიერ თანამშრომელმა, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა, პროფესორმა დიმიტრი თუმანიშვილმა ისაუბრა – რენე შმერლინგზე, როგორც მეცნიერზე, მის ფართო ინტერესებზე და ქართული კულტურის ისტორიაში შეტანილ ფასდაუდებელ ღვაწლზე.
პროექტის ერთ-ერთმა მონაწილემ, ამავე ცენტრის უფროსმა მეცნიერ თანამშრომელმა, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა მარინა მეძმარიაშვილმა ისაუბრა ნიკოლოზ ჩერნიშკოვის შემოქმედებაზე, საზოგადოებას გააცნო, როგორც რენე შმერლინგის კოლექციაში დაცული მხატვრის ნამუშევრები, ასევე ყველა ის  მასალა რომელთა მოძიებაც მოხერხდა არსებულ ეტაპზე.

საქართველოს სახალხო მხატვრის, რუსთაველის პრემიის ლაურეატის, ლადო გრიგოლიას შემოქმედების შესახებ ისაუბრა, მხატვრის მემკვიდრემ, ქალბატონმა მერი ჯაფარიძემ.

პროექტის ხელმძღვანელმა, გ. ჩუბინაშვილის ცენტრის უფროსმა მეცნიერ თანამშრომელმა, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა მარიამ გაჩეჩილაძემ ისაუბრა ზოგადად ექსლიბრისის ხელოვნების წარმოშობისა და განვითარების ისტორიაზე, ამ ჭრილში განიხილა რენე შმერლინგის კოლექციის უნიკალური ექსპონატები და მიმოიხილა  ქართული ექსლიბრისის განვითარების ისტორია წარმოშობიდან (XVIII ს.) დღევანდელ დღემდე.

დასასრულს შედგა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს გრაფიკოსმა მხატვრებმა, სტუდენტებმა და დამსწრე საზოგადოების წარმომადგენლებმა.

დისკუსიის საგანს შეადგენდა თანამედროვე ქართულ წიგნის გრაფიკაში წარმოქმნილი პრობლემები: ბეჭდური, კომპიუტერული და მხატვრული შრიფტის, ორნამენტის და ექსლიბრისის განვითარებაში არსებული მწვავე, პრობლემატური საკითხები. წარიმართა მსჯელობა მათი გადაჭრის გზების საძიებლად და დაისახა მომავალი ღონისძიებების გეგმები.