>> მთავარი \ Archives for admin \ Page 3
14 აგვისტოს, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში, საქართველოს კულტურისა და ტურისტული რესურსების კვლევის ცენტრის სამეცნიერო ჯგუფმა საზოგადოებას წარუდგინა 2024 წელს განხორციელებული საკვლევი ექსპედიციების ანგარიშები.
2024 წელს ხუთი საკვლევი ექსპედიცია ჩატარდა ისტორიულ ჯავახეთში (ახალქალაქი, ნინოწმინდა). სამეცნიერო ჯგუფმა აღწერა ამ მუნიციპალიტეტებში არსებული 218-ზე მეტი სოფელი და ნასოფლარი, 800-მდე კულტურის ძეგლი და არტეფაქტი. მათ შორის: ეკლესიები, მონასტრები, ციხე-კოშკები, დარნები, მღვიმეები, ცალკეული არტეფაქტები (ქვაჯვრები, ორნამენტიანი ქვები, რელიეფები, და სხვა). ექსპედიციამ ათობით ნასოფლარის ლოკალიზება და იდენტიფიცირება შეძლო.
ყოველ სოფელზე, ნასოფლარზე და კულტურის ძეგლზე შეიქმნა აღწერილობითი ტექსტები, ზუსტი კოორდინატები, ცალკეულ ძეგლთა ანაზომები, შეიქმნა ვრცელი ფოტოარქივი. ექსპედიციის შედეგებმა თავი მოიყარა მესხეთის კულტურის ძეგლების 2024 წლის საკვლევი ექსპედიციების შესახებ წიგნში, რომელიც პროექტის ჯგუფმა ღონისძიებაზე საზოგადოებას წარუდგინა.
პროექტი ხორციელდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, რომელიც გულისხმობს მესხეთის კულტურის ძეგლების სრულ აღნუსხვას და 2026 წლისთვის, კატალოგის სახით გამოცემას.
განხორციელების თარიღი: 2009-2013 წლები
განმახორციელებელი ჯგუფი: ნ. ნაცვლიშვილი, გ. პატაშური, მ. გაბაშვილი, მ. ლილუაშვილი, ი. მანია, ე. ედიშერაშვილი
პროექტში ჩართული ორგანიზაციები: გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი, ტოკიოს ტექნოლოგიის ინსტიტუტი
მოკლე აღწერა: 2009-2013 წლებში, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითმა ცენტრმა და ტოკიოს ტექნოლოგიის ინსტიტუტმა განახორციელეს ერთობლივი კვლევითი პროექტი, რომლის მიზანი იყო შუა საუკუნეების ქართული საეკლესიო და საერო არქიტექტურის ძეგლების ფიზიკური მდგომარეობის შესწავლა ტექნიკის უახლესი საშუალებების გამოყენებით. პროექტის ხელმძღვანელები იყვნენ იაპონელი მეცნიერი შირო სასანო და ცენტრის მეცნიერი თანამშრომელი დავით ხოშტარია.