ფერმწერი და გრაფიკოსი ვახტანგ მუსხელიშვილი 1984 წ. ამთავრებს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტს. შემდგომ მცირე პერიოდის განმავლობაში ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას ბავშვთა სამხატვრო სასწავლებელში და უკვე 90-იანი წლებიდან საცხოვრებლად მიემგზავრება აშშ-ში. ალბათ ამის გამოც მისი როგორც ხელოვანის გაიგივება ქართველ 80-იანელთა თაობასთან არ ხდება. ის ამჟამად ცხოვრობს ვაშინგტონის შტატში, ქალაქ სიეტლში და ეწევა აქტიურ შემოქმედებით და კერძო პედაგოგიურ მოღვაწეობას. ასევე სისტემატიურად მართავს პერსონალურ გამოფენებს. მხატვარი პერიოდულად სტუმრობს საქართველოს. 2013წ. თბილისის სახ. სამხატვრო აკადემიაში გამართა მასტერკლასი. მოეწყო მისი რამდენიმე გამოფენაც. ბუნებრივია ცენტრის საგამოფენო დარბაზში მსგავსი მხატვრის ნამუშევრების ექსპონირება საინტერესო იყო როგორც წმინდა პროფესიული, ასევე საქართველოს საზღვრებს გარეთ მოღვაწე ქართველი ხელოვანების შემოქმედების გაცნობა-პოპულარიზების თვალსაზრისით. გამოფენის ფარგლებში გაიმართა სემინარი-დისკუსია თავად მხატვართან.
გოგა მაღლაკელიძე ქართველი 80-იანელების თაობის წარმომადგენელია. მან 1986წ. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. იყო მხატვრული გაერთიანება “არქივარიუსების” წევრი. 1988წ.-დან ის აქტიურად მუშაობს რელიგიურ თემატიკაზე. მოგვიანებით ქმნის საეკელესიო ხელოვნების ნიმუშებსაც. ამ თვალსაზრისით, დღეს-დღეობით, მისი ყველაზე მასშტაბური ნამუშევარი სოფ.ვაჭევის წმ. გიორგის ეკლესიის მოხატულობაა, რომელიც მხატვარმა 2013-14წწ.-ში შეასრულა. ცენტრის საგამოფენო დარბაზში მიმდინარე მხატვრის გამოფენის ფარგლებში ასევე მოეწყო სემინარი გოგა მაღლაკელიძის შემოქმედებისა და თანამედროვე საეკლესიო ხელოვნებაში არსებული პრობლემების შესახებ, სადაც ისაუბრა თავად მხატვარმა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ახალგაზრდა ხელოვანის მიერ შესრულებული გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები – გობელენები. სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულმა ექსპოზიციაზე გობელენებისა და ხალიჩის ტექნიკით შესრულებული მცირე ნამუშევრების გარდა ხელნაკეთი სამკაულები და სხვადასხვა აქსესუარებიც წარმოადგინა.
ცნობილიმა ქართველმა ფერმწერმა და გრაფიკოსმა თაზო ხუციშვილმა 1966 წ.-ს დაამთავრა თბილისის სახ. სამხატვრო აკადემია. ფართო საზოგადოება კარგად იცნობს მის როგორც ფერწერულ, ასევე გრაფიკულ ნამუშევრებს. არის უამრავი ილუსტრაციის ავტორი და ასევე არაერთი ფილმის მხატვარი. ცენტრის საგამოფენო სივრცეში ხელოვანის მიერ წარმოდგენილი იყო, როგორც ადრეული, ასევე შედარებით გვიანდელი ნამუშევრები, რაც დამთვალიერებელს ნათელ წარმოდგენას უქნის ავტორის სტილისა და მანერის მრავალგვარობაზე, თუმცა უცვლელია, თაზო ხუციშვილისეული, მხატვრული ესთეტიკის ფარგლებში.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მხატვარ დავით სულაკაურის რელიგიურ თემაზე შესრულებული ნამუშევრები. თანამედროვეობა უამრავი კითხვისა და პრობლემის წინაშე აყენებს საეკლესიო მხატვრობას. ავტორების ნაწილი კანონიკის დაცვის კვალდაკვალ საკუთარი ინდივიდუალური ხელწერის ხაზგასმა-აქცენტირებას ცდილობს, ნაწილი კი ცდილობს სრულად გაემიჯნოს ნამუშევარს რომელსაც ქმნის და მხოლოდ ისტორიული წესებისა და ნორმების დაცვით შემოიფარგლოს. საკითხი მრავალმხრივ მნიშვნელოვანი და აქტუალურია, რაც აღნიშნული გამოფენის ფარგლებში ცენტრში გამართულ სემინარზეც “თანამედროვე რელიგიური მხატვრობა” დადასტურდა. აღნიშნულ სემინარზე, ცენტრის თანამშრომელმა თამარ ხოსროშვილმა წარმოადგინა მოხსენება – თანამედროვე საეკლესიო ხელოვნება.
ცენტრის საგამოფენო დარბაზში შედგა მხატვარ ოთარ ჯაფარიძის პერსონალური გამოფენა. მხატვარი განსაკუთრებით გამოირჩევა თავისი გრაფიკული ჩანახატებით და სერიით, რომელიც ქართულ ხუროთმოძღვრულ ძეგლებს მიუძღვნა. გამოფენაზე წარმოდგენილ ნამუშევრებს შორის იყო მხატვრის ფერწერული ნაწარმოებებიც, რომელთაც ფართო საზოგადოება თითქმის საერთოდ არ იცნობს. ასევე არსებითია, რომ მხატვარ ოთარ ჯაფარიძის ნამუშევრების ეს გამოფენა, მისი პირველი პერსონალური გამოფენა იყო, მთელი შემოქმედებითი მოღვაწეობის მანძილზე. მხატვრის ნამუშევრები, საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმის ფონდშია დაცული.
2015 წლის 18 დეკემბერს 17 საათზე ბათუმში “თანამედროვე ხელოვნებისცენტრში“ CAC 41N/41E (Silk Road Group), მოეწყო გამოფენა “ოლკასი. ეგეოსიდან შავ ზღვამდე. შუა საუკუნეების პორტები აღმოსავლეთის საღზღვაო გზაზე“, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “ლიმენი _ კულტურული პორტები ეგეოსიდან შავ ზღვამდე” (2013-2015) ფარგლებში(ვებგვერდი http://www.limenproject.net.). პროექტის წამყვანი ორგანიზაციაა ბიზანტიური და პოსტ-ბიზანტიური ძეგლების ევროპული ცენტრი (EKBMM, თესალონიკი).
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო პროექტის პროგრამაში შეტანილი პორტების 47 ბანერი საარქივო და ახალი ფოტოებით, გრავიურებით, ჩანახატებით, შესაბამისი განმარტებითი ტექსტებით ქართულ და ინგლისურ ენებზე.
გახსნაზე წარმოდგენილი იყო და დარიგდა პროექტი “ლიმენის” ფარგლებში გამოცემული ტურისტული საინფორმაციო ბუკლეტები, გზამკვლევები, ლიფლეტები. ასევე პროექტის მასალის შემცველი USB fleshes; ჩატარდა პროექტის ფარგლებში მომზადებული დოკუმენტური ფილმებისა და კლიპების პრეზენტაცია.
გამოფენა გახსნეს: მარიამ დიდებულიძემ, გ. ჩუბინასშვილის ცენტრის დირექტორმა; ნინო ინაიშვილმა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის წარმომადგენელმა;
მირანდა ჩარკვიანმა, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორმა.
გამოფენას ესწრებოდნენ პროექტის ადგილობრივი ქსელის წარმომადგენლები:
• აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი
• აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
• ქალაქ ბათუმის მერია
• აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო
• ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი
• ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი
• ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი
• აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი
• ბათუმის საზღვაო ნავსადგური
• თანამედროვე ხელოვნების ცენტრი CAC
• არასამთავრობო ორგანიზაცია “ბათომი”
გამოფენის გახსნას ასევე დაესწრნენ მხატვრები, არქიტექტორები, არქეოლოგები, ისტორიკოსები, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები და სხვები.
აჭარის ტელევიზიამ მოამზადა სიუჯეტი გამოფენის თაობაზე.
2015 წლის 1 დეკემბერს 17 საათზე გ. ჩუბინაშვილის ეროვნულ ცენტრში მოეწყოფოტო-გამოფენა “ოლკასი. ეგეოსოდან შავ ზღვამდე. შუა საუკუნეების პორტებიაღმოსავლეთის საღზღვაო გზაზე”, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “ლიმენი. კულტურული პორტები ეგეოსიდან შავ ზღვამდე” (2013-2015) ფარგლებში (ვებგვერდი http://www.limenproject.net.). პროექტის წამყვანი ორგანიზაციაა ბიზანტიური და პოსტ-ბიზანტიური ძეგლების ევროპული ცენტრი (EKBMM, თესალონიკი).
პროექტის პარტნიორები არიან: სტამბოლისა და კოჩის უნივერსიტეტები (თურქეთი), კავალას მუნიციპალიტეტი (საბერძნეთი); კონსტანცას ისტორიისა და არქეოლოგიის ეროვნული მუზეუმი (რუმინეთი); ოდესის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის დეპარტამენტი (უკრაინა); ვარნას მუნიციპალიტეტი (ბულგარეთი).
საქართველოში პროექტის „ლიმენი“ ლიდერი ორგანიზაციაა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი. ”ლიმენის” ქართული ქსელის წევრი ორგანიზაციებია: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო, ქალაქ ბათუმის მერია, ბათუმის საზღვაო ნავსადგური, სამეცნიერო-აკადემიური დაწესებულებები: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის სახ. ინსტიტუტი, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი, ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი, აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი და თანამედროვე ხელოვნების ცენტრი CAC.
პროექტის მიზანია შავი ზღვის რეგიონში კულტურული ტურიზმის განვითარება და „კულტურის ევროპული დედაქალაქის“ გამოცდილების გამოყენებით ახალი ინსტიტუციის: „შავი ზღვის კულტურული პორტის“ იდეისა და სტრატეგიის შემუშავება.
პროექტის ფარგლებში შემუშავდა ერთიანი ტურისტული მარშრუტები, საინფორმაციო ფირნიშების ერთიანი სისტემა, საინფორმაციო ბუკლეტები, ცნობარები; გამოიკვეთა კულტურული მემკვიდრეობის როგორც მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორის მნიშვნელობა და ხელი შეეწყო მის პოპულარიზაციას.
გამოფენა მომზადდა პროექტის ”ოლკასის” (www.olkas.net) ფარგლებში. ის უკვე ბევრ ქვეყანაში გაიმართა: საბერძნეთში (თესალონიკი, ათენი, ვოლოსი, კავალა), თურქეთში (სტამბოლი), რუმინეთში (კონსტანცა), უკრაინაში (ოდესა, სიმფეროპოლი), კვიპროსზე (ლეფკოსია, პაფოსი, ლიმასოლი, აია ნაპა).
გამოფენაზე წარმოდგენილია ეგეოსისა და შავი ზღვების და კვიპროსის საპორტო ქალაქების ხედები. ეს ფოტოები მოგზაურებმა, არქეოლოგებმა და ფოტოგრაფებმა სხვადასხვა დროს გადაიღეს – XIX საუკუნიდან დღევანდლამდე.
გამოფენაზე ასევე მოეწყო ქართული მხარის მიერ მომზადებული ტურისტული საინფორმაციო მასალის პრეზენტაცია.
გამოფენას დაესწრენ ასევე პროექტის წამყვანი ორგანიზაციის წარმომადგენელი დოქტორი ფლორა კარაგიანი და კვოპროსული კვლევების საზოგადოების პრეზიდენტი, დოქტორი ხარლამპიოს ხოტცაკოგლუ.
გამოფენის გახსნას დაესწრნენ საბერძნეთის ელჩი, თურქეთის ელჩი, ბულგარეთის საელჩოს წარმომადგენელი, საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი კვიპროსზე, კულტურის სამინისტროს, ეროვნული სააგენტოს, ეროვნული მუზეუმის, თბილისის უნივერსიტეტის, სამხატვრო აკადემიისა, აკადემიური წრეების, მუზეუმების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვ..







