1 აპრილი
გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად
საერთაშორისო ინტერდისციპლინურ კონფერენციაში „ფიროსმანი და ქართული კულტურა“
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი, იუნესკოს ეგიდით და საქართველოს კულტურის წამყვანი დაწესებულებების თანამონაწილეობით, 2012-2013 წლებში ახორციელებს პროგრამას, რომელიც ნიკო ფიროსმანაშვილის (ფიროსმანი) მხატვრული ფენომენის ინტერდისციპლინურ კვლევას გულისხმობს და მხატვრის დაბადებიდან 150 წლისთავს ეძღვნება.
2012 წლის 13 დეკემბერს, ჩუბინაშვილის ცენტრისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ერთობლივი პროექტის ფარგლებში გაიმართა მრგვალი მაგიდა და პუბლიკაციების გამოფენა „ფიროსმანის მხატვრული ფორმა – გენეზისი და რაობა“, სადაც 9 მეცნიერმა მიიღო მონაწილეობა სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო დაწესებულებიდან.
2013 წლის 5 – 8 ნოემბერს გაიმართება საერთაშორისო ინტერდისციპლინური კონფერენცია „ფიროსმანი და ქართული კულტურა“, სადაც წარმოდგენილი იქნება როგორც ფიროსმანისადმი მიძღვნილი, ისე – თავისუფალი სექციის მოხსენებები. თავისუფალი სექციის პრეზენტაციები დაუკავშირდება უშუალოდ იმ კულტურულ გარემოს (ძირითადად – თბილისი) და მის მრავალმხრივ კვლევებს, სადაც XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე ჩამოყალიბდა ფიროსმანის ფენომენი.
კონფერენციის მხარდამჭერია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი. პროექტის ფარგლებში პარტნიორი დაწესებულებების: საქართველოს ეროვნული მუზეუმის, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ეროვნული არქივის, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ გაიმართება სხვადასხვა კულტურული და საზოგადოებრივი ღონისძიებები.
2014 წლის 1 აპრილისათვის ფიროსმანისადმი მიძღვნილი კონფერენციის რჩეული მასალების საფუძველზე გამოიცემა სამეცნიერო შრომების კრებული. თავისუფალი სექციის მოხსენებები კი დაიბეჭდება ჩუბინაშვილის ცენტრის ელექტრონულ ჟურნალში „Ars Georgica“.
გთხოვთ, მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გადმოგზავნოთ თეზისები ქართულად და ინგლისურად (თითოეული – 1 გვერდამდე) არაუგვიანეს 1 ივლისისა. მიუთითეთ ზეპირ მოხსენებას (სლაიდ-შოუ და 5-10 გვერდი ტექსტი, შრიფტი – 11-იანი სილფაინი, დაცილება სტრიქონებს შორის – 1,5) წარმოადგენთ, თუ სასტენდო პრეზენტაციას (1 ოქტომბრამდე – 4-7 გვერდი ტექსტი, 11-იანი სილფაინი, დაცილება – 1,5 და 5-10 ილუსტრაცია). მოხსენების რეგლამენტი – 20 წუთი, დისკუსიის – 10 წუთი.
თეზისების განხილვის შემდეგ, კონფერენციის სამეცნიერო საბჭო უფლებას იტოვებს უარი უთხრას მსურველს მონაწილეობაზე, შესთავაზოს მას ზეპირ ან სასტენდო მომხსენებლად გადასვლა. დადებითი ან უარყოფითი პასუხები ავტორებს ეცნობებათ 15 ივლისამდე. მოწვეულ მონაწილეებს ვთხოვთ 1 ნოემბრამდე წარმოადგინონ მოხსენების სრული ტექსტი და CD-ზე ჩაწერილი ვიზუალური მასალა.
საკონტაქტო პირი: მარიამ გაჩეჩილაძე – 599 25 07 25, mariam_gachechiladze@hotmail.com
თბილისი, ათონელის ქუჩა N 9, www.gch-centre.ge
2013 წლის 6 მარტს გ. ჩუბინაშვილის ინსტიტუტის (ეროვნული ცენტრის) თანამშრომლები შეიკრიბენ ახალ შენობაში, ათონელის ქუჩა N 9-ში, 20-წლიანი უსახლკარობის და ლტოლვილობის შემდეგ.
ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ, დიმიტრი თუმანიშვილმა სიტყვით მიმართა თანამშრომლებს და ახალ პირობებში მუშაობის თაობაზე და პრობლემებზე ესაუბრა.
2012 წლის 17 დეკემბერს ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრის და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია – ბიჭვინტა,რომელიც მიეძღვნა საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის საიუბილეო თარიღს – დაბადებიდან 80 და აღსაყდრებიდან 35 წელს.
—-
კონფერენციის პროგრამა
შესავალი სიტყვები
პროფ. ჯ. აფაქიძე
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი
პროფ. მ. დიდებულიძე
გ. ჩუბინაშვილის ეროვნული ცენტრის დირექტორი
მოხსენებები
გ. ლორთქიფანიძე, ვ. ჯაფარიძე
პიტიუნტისა და სებასტოპოლისის ადრექრისტიანული ძეგლები
დ. თუმანიშვილი
ბიჭვინტის ხუროთმოძღვრება
ჯ. გამახარია
ბიჭვინტის ტაძრის აღდგენა და რუსული მონასტრის დაარსება XIX ს-ში
თ. საყვარელიძე, ლ. ხუსკივაძე
ჭედური ხელოვნების ნიმუშები აფხაზეთიდან
ლ. ახალაძე
აფხაზეთის მატერიალური კულტურის ძეგლების მდგომარეობის საკითხისათვის
ც. ჩაჩხუნაშვილი
ხუროთმოძღვრების რესტავრაცია აფხაზეთში
13 დეკემბერს, ქართველი თვითნასწავლი მხატვრის, ნიკო ფიროსმანაშვილის დაბადებიდან 150 წლის საიუბილეოდ გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულმა ცენტრმა და საქართველოს ეროვნულმა საპარლამენტო ბიბლიოთეკამ ერთობლივი პროექტის ფარგლებში გამართეს მრგვალი მაგიდა და პუბლიკაციების გამოფენა სახელწოდებით: „ფიროსმანის მხატვრული ფორმა – გენეზისი და რაობა“
გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრის ინიციატივით, მიმდინარე წლის 28-30 ნოემბერსტარდება ქართული ხელოვნებათმცოდნეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მკვლევარის, მერი კარბელაშვილის (1927-2006) დაბადებიდან 85 წლის იუბილესთან დაკავშირებული სამდღიანი საიუბილეო ღონისძიებები.
ათწლეულების მანძილზე ქ-ნი მერი მოღვაწეობდა ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში (დღეს – გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი) .
საიუბილეო ღონისძიებები გაერთიანებულია საერთო სახელწოდებით – “მემკვიდრეობა და თანამედროვეობა” და ითვალისწინებს:
საიუბილეო სხდომის გამართვას ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმში (28 ნოემბერი, 14 საათი; ქიაჩელის ქ. 12.)
გამოფენის გახსნას შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში (28 ნოემბერი, 17 საათი; ლ. გუდიაშვილის ქ. 1.)
III. სამეცნიერო სხდომებს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში (29-30 ნოემბერი, 10.30-15.00 სთ., ლ. გუდიაშვილის ქ. 7.)
ხელოვნებათმცოდნე მერი კარბელაშვილი იკვლევდა ახალი და თანამედროვე ქართული ხელოვნების დარგების განვითარების პროცესებს. მისი სამეცნიერო მემკვიდრეობა მოიცავს როგორც ზოგად-მიმოხილვით შრომებს, ასევე, მონოგრაფიულ ნაშრომებს, ალბომებს და ცალკეულ სტატიებს წამყვანი ქართველი მხატვრების შემოქმედების შესახებ.
საიუბილეო სხდომაზე (ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმში) ნაჩვენები იქნება მცირეფორმატიანი ინფორმაციული `ფილმი~ ქ-ნი მერის წინაპრების, წმინდანად შერაცხული ძმები კარბელაშვილების შესახებ. წაკითხულ იქნება მოხსენებები მ. კარბელაშვილის სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობის შესახებ (დ. თუმანიშვილი, ს. ლეჟავა); ახალგაზრდა მუსიკოსების მიერ შესრულდება მუსიკალური კომპოზიციები; წაკითხულ იქნება ახლად თარგმნილი უ. შექსპირის სონეტები (ნ. რამიშვილი).
გამოფენა `მემკვიდრეობა და თანამედროვეობა.
გამოფენაზე თავმოყრილია იმ მხატვართა ნამუშევრები, რომელთა შემოქმედების შესწავლასა და კვლევას ეთმობა მერი კარბელაშვილის სამეცნერო მემკვიდრეობის უმთავრესი ნაწილი.
ამგვარი მცდელობა პირველია, იმ თვალსაზრისით, რომ გამოფენა მეცნიერის კვლევის კვალდაკვალ ვითარდება. ექსპოზიციის ამგვარი კუთხით გაშლა-წარმოჩენა გამოკვეთს თვით მეცნიერის ინტერესების სფეროს და კვლევის მიმართულებას. ზოგ შემთხვევაში მერი კარბელაშვილი იყო პირველი, ვინც ნათლად გამოავლინა ხელოვანთა შემოქმედების მნიშვნელობა და საფუძველი დაუდო მომავალში ამა თუ იმ მხატვრის შემოქმედების კიდევ უფრო ღრმა და საფუძვლიან შესწავლას.
ექსპოზიციის გაცნობისას, მნახველს საშუალება ეძლევა თვალი გაადევნოს XX ს-ის სახვითი ხელოვნების დარგთა განვითარებაში მიმდინარე პროცესებს, ამის საშუალებას კი სხვადასხვა თაობის ქართველ მხატვართა გამორჩეული ოსტატების ნამუშევრების წარმოდგენა იძლევა.
ექსპოზიციაზე თავმოყრილია ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, ქანდაკება, რომელთა ნაწილის ექსპონირება პირველად ხდება, რაც კიდევ უფრო ზრდის ამ გამოფენის მნიშვნელობას.
გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრების მიხედვით, ფართო საზოგადოებას და სპეციალისტებს პირველად ეძლევათ საშუალება, თვალი მიადევნონ და შეაფასონ ქართული ხელოვნების განვითარების პროცესები იმ კუთხით, როგორც ეს ჰქონდა გააზრებული მკვლევარს და, ამავე დროს, თვალი მიადევნონ მხატვართა შემოქმედების განვითარებას დროის საკმაოდ დიდ მანძილზე (გამოფენა გაგრძელდება 12 დეკემბრამდე).
ორდღიანი კონფერენციის (29-30 ნოემბერი) ფარგლებში 22 ქართველი ხელოვნებათმცოდნის მიერ წარმოდგენილი იქნება მოხსენებები, რომლებშიც განხილული იქნება ძველი, ახალი და თანამედროვე ქართული ხელოვნების საკითხები.
გამოფენაზე წარმოდგენილი ვიზუალური მასალა და კონფერენციაზე განხილული მოხსენებების თემატიკა ბევრად ცდება მერი კარბელაშვილის მეცნიერული კვლევის დროით ჩარჩოებს და გვაცნობს ბევრ ახალ მასალას, თითქმის დღევანდელ დღემდე. სწორედ ამან განაპირობა საიუბილეო ღონისძიებების ერთ სახელწოდებაში მოქცევა: `მემკვიდრეობა და თანამედროვეობა.