წიგნის pdf : https://www.gch-centre.ge/wp-content/uploads/oldtbilisisecretheritage.pdf
ავტორები:
მანანა სურამელაშვილი
ციცინო ჩაჩხუნაშვილი
გამომცემელი:
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების, ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
გამოცემის თარიღი: 2026
წიგნში განხილულია ძველი თბილისის ერთ-ერთი საცხოვრებელი და სავაჭრო ფუნქციის მქონე მიკროუბანი, რომელიც XIX ს-ის დასაწყისამდე ქალაქის დასავლეთ კიდეში, გალავნის შიგნით იყო მოქცეული, ხოლო მის მიღმა სამეფო ბაღები იყო გაშლილი. ახლა აქ ლადო გუდიაშვილის მოედანი და ვიწრო, მიხვეულ-მოხვეული ქუჩებით დაქსელილი სამოსახლოა, თბილისის XIX ს-ის და XX საუკუნის დასაწყისის გეგმების მიხედვით, მოედნის მიმდებარე კვარტალს მოღნინის უბანი ერქვა.
2016-2022 წლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, ლ. გუდიაშვილის მოედანზე და მიმდებარე ტერიტორიაზე გაიხსნა და მიწისაგან გაიწმინდა შუა საუკუნეების პერიოდის აქამდე უცნობი საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები. სარეაბილიტაციო სამუშაოები შესრულდა თბილისის განვითარების ფონდის დაფინანსებით და იკომოს საქართველოს მიერ 2015 წელს შემუშავებული კონსერვაციის გეგმის საფუძველზე. პროექტების განხორციელების პროცესში გაირკვა, რომ საკვლევ ტერიტორიაზე XIX თუ XX სს-ის დასაწყისის სახლები მოიცავს კვადრატული აგურით ნაგებ საცხოვრებელი და სავაჭრო – სახელოსნო- ფუნქციის მქონე შენობებს, რომლებიც მაღალი სამშენებლო ოსტატობით გამოირჩევა.
ამგვარად, კვლევის შედეგად გამოვლენილმა აქამდე უცნობმა ნიმუშებმა მოცემულ უბანში აღნუსხული და სამეცნიერო ლიტერატურაში განხილული გვიანი შუა საუკუნეების სარდაფების ჩამონათვალი გაზარდა. XIX ს-ის თითქმის უკლებლივ ყველა სახლის ქვედა სართულში ჩართულ ძველ სარდაფებს შორის აღმოჩნდა მეტ-ნაკლები სისრულით მოღწეული XVII-XVIII სს-ის ქალაქური საცხოვრებლის და სავაჭრო, თუ შერეული ფუნქციის სხვა ნაგებობათა ნიმუშები.
ბოლო პერიოდის კვლევებმა აჩვენა, რომ გვიანი შუა საუკუნეების ურბანული მემკვიდრეობა ძველ თბილისში მხოლოდ სარდაფებში შემორჩენილი ფრაგმენტების სახით არ გვხვდება და ცალკეულ შემთხვევებში, სრული ხუროთმოძღვრული სხეულით მოღწეული წინა საუკუნეების სახლები XIX საუკუნისთვის დამახასიათებელი სხვადასხვა სტილური სახეცვლილებით აგრძელებენ დღემდე არსებობას.
ქალაქური საცხოვრებლის ადგილობრივი და საერთო მახასიათებლების გამოსაკვეთად, პროექტის ფარგლებში განხორციელდა სამი ისტორიული ქალაქის (ახალციხე, გორი, სიღნაღი) ურბანული მემკვიდრეობის მიმოხილვა.



















































