>> მთავარი \ გამოფენები
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის საგამოფენო დარბაზ „Ars Georgica“-ში გაიმართა მხატვარ ნოდარ აფციაურის 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი პერსონალური გამოფენა და მისი შემოქმედების ამსახველი წიგნის პრეზენტაცია.
ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო ნოდარ აფციაურის სხვადასხვა პერიოდში შექმნილი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, ასევე გამოიფინა ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი კარიკატურები, შარჟები და სხვა გრაფიკული ნამუშევრები.
საზოგადოებას წარედგინა 272-გვერდიანი ორენოვანი წიგნი-ალბომი, რომელიც პირველად აერთიანებს ხელოვანის მრავალწლიანი შემოქმედების ძირითად მიმართულებებს – ფერწერას, გრაფიკას, ქანდაკებას, მხატვრულ მინას, დეკორატიულ-გამოყენებით ხელოვნებას, სამკაულებს, ექსლიბრისებს, საარქივო ფოტომასალასა და სახელოვნებათმცოდნეო ტექსტებს.
წიგნი გამოიცა თბილისის მერიის მხარდაჭერით.
საგამოფენო სივრცე „Ars Georgica“-ში გაიმართა თბილისის სამხატვრო სასწავლებლის მოსწავლეთა ჯგუფური გამოფენა − „მიწასა ზედა ზეცისა“.
გამოფენა მიეძღვნა საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლის იუბილეს და მოიცავდა ახალგაზრდა ხელოვანთა ნამუშევრებს ქრისტიანულ თემატიკაზე.
ღონისძიების ფარგლებში გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელმა მარიამ მიქაძემ წაიკითხა ლექცია თემაზე:
„რელიგიურ თემათა ინტერპრეტაცია თანამედროვე ქართულ ვიზუალურ ხელოვნებაში“.
1930 წელს გერმანიაში ჩატარებული „ძველი ქართული ხელოვნების“ ფოტო-გამოფენის ორიგინალური ფოტოები (პირველად გამოიფინება)
7 თებერვალს, XX საუკუნის ქართული სახვითი ხელოვნების გამორჩეული წარმომადგენლის სერგო ქობულაძის დაბადების დღეს, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში გაიხსნა გამოფენა „იტალია 1956 ფოტოგრაფი სერგო ქობულაძე“.
ღონისძიება გახსნა ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მარიამ გაჩეჩილაძემ. საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართა იტალიის ელჩმა საქართველოში მასიმილიანო დ’ანტუონომ. მან მადლობა გადაუხადა ჩუბინაშვილის ცენტრს გამოფენის ორგანიზებისა და განხორციელებისათვის.
გამოფენაზე წარმოდგენილია 1956 წელს ვენეციის XXVIII ბიენალეზე სერგო ქობულაძის მონაწილეობის პერიოდში მის მიერ გადაღებული იტალიის ქალაქების ფოტოები. ფოტოების კოლექცია გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ეროვნული კვლევით ცენტრის არქივშია დაცული.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ფოტოები მცდელობაა საზოგადოებას წარუდგინოს საბჭოთა სივრციდან პირველად გასული მხატვრის მიერ დამკვირვებლის თვალით დანახული 1950-იანი წლების იტალია და თავის მხრივ, აღმოგვაჩენინოს სერგო ქობულაძის მხატვრული ხედვა ფოტოგრაფის ენით.
გამოფენა 21 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.