>> მთავარი \ მოვლენები \ პრეზენტაციები
2026 წლის 17 ივლისს საფრანგეთის ხელოვნების ისტორიის ეროვნული ინსტიტუტის (INHA) სამეცნიერო კოორდინატორმა, არქეოლოგიის დოქტორმა სიფანა ჩაკერიანმა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში წარმოადგინა პრეზენტაცია: „ტიერების არქივი საფრანგეთის ხელოვნების ისტორიის ეროვნული ინსტიტუტის სამეცნიერო არქივში (პარიზი): კვლევისა და ციფრული წარმოჩენის პროექტი“.
ცნობილ ფრანგ მეცნიერებს ნიკოლ და ჟან-მიშელ ტიერებს მჭიდრო მეგობრული და პროფესიული ურთიერთობა ჰქონდათ გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრის თანამშრომლებთან. მათი მდიდარი ფოტოდოკუმენტური არქივის დამუშავება და ციფრულ ფორმატში გადაყვანა 2022 წლიდან მიმდინარეობს. მრავალ სხვა საინტერესო მასალასთან ერთად, არქივში დაცულია შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურისა და ხელოვნების ნიმუშების ფოტოსურათები და საველე ჩანაწერები, რომლებიც მკვლევართა მიერ საქართველოსა და თურქეთში წლების განმავლობაში მოწყობილი არაერთი ექსპედიციის დროს შეიქმნა.
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში გაიმართა მეცნიერების – მანანა სურამელაშვილის და ციცინო ჩაჩხუნაშვილის წიგნის „ძველი თბილისის უცნობი ურბანული მემკვიდრეობა“ პრეზენტაცია.
გამოცემა ეძღვნება ლადო გუდიაშვილის მოედნისა და მის მიმდებარე ისტორიული უბნის კვლევას. წიგნში წარმოდგენილია ბოლო წლებში ჩატარებული კვლევების შედეგად გამოვლენილი აქამდე უცნობი ურბანული და არქიტექტურული მემკვიდრეობის ნიმუშები, რომლებიც მნიშვნელოვან მასალას გვაწვდის ძველი თბილისის ისტორიის შესახებ.
გამოცემა მომზადდა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის მიერ, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით.
11 თებერვალს, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ხელოვნების, ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში გაიმართა პროექტის „პოლონელი არქიტექტორები საქართველოში“ პრეზენტაცია.
პროექტის ინიციატორია პოლონური ინსტიტუტი თბილისში.
პრეზენტაციის ფარგლებში წარმოდგენილი იყო დავით ხოშტარიას ლექცია, რომელსაც ერთვოდა ვრცელი ვიზუალური მასალა, როგორც ისტორიული ფოტოები და საარქივო დოკუმენტები, ისე თანამედროვე ფოტოები, გადაღებული ფოტოგრაფ იუსტინა მელნიკევიჩის მიერ.
შეხვედრამ წარმოაჩინა პოლონელი არქიტექტორების მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოს არქიტექტურულ ისტორიაში და ამ მემკვიდრეობის თანამედროვე კვლევითი პერსპექტივები.
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში გაიმართა წიგნის ,,თევზები და წყლის ბინადრები სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში” პრეზენტაცია. წიგნი შეადგინეს 161-ე სკოლის X კლასის მოსწავლეებმა.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ჩუბინაშვილის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მარიამ გაჩეჩილაძემ და ბავშვებს წარმატებები უსურვა. პროექტი წარადგინა ხელოვნების ისტორიის მასწავლებელმა როსტომ კაჭახიძემ.
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი მუდმივად თანამშრომლობის სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებასთან და ხელს უწყობს ახალგაზრდების ინტერესის გაღვივებას ხელოვნებისა და მისი კვლევის მიმართ
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში ორენოვანი გამოცემის „სატორგესა და ყაჯირის მთების ისტორიული ძეგლები“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნის ავტორია ისტორიკოსი ნიკოლოზ ჟღენტი.
ნაშრომი ეძღვნება კახეთში, მდ. იორის ქვემო წელზე მდებარე სატორგესა და ყაჯირის მთების მიდამოებში არსებულ ნაკლებად ცნობილ და უცნობ ისტორიულ ძეგლებს – ქვაბოვან მონასტრებსა და კომპლექსებს, დიდ ნამოსახლარსა და ცალკეულ არქიტექტურულ ძეგლებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სატორგეს მონასტრის ქვაბოვან გუმბათიან ეკლესიაში არსებულ ეპიგრაფიკულ ძეგლებს, დიდ ნამოსახლარსა და ასევე ახლად გამოვლენილ ქვაბოვან მონასტრებს. ნაშრომის ფარგლებში გთავაზობთ, როგორც ისტორიულ-წყაროთმცოდნეობით და ეპიგრაფიკულ გამოკვლევას, ასევე არსებული ძეგლების ზოგად აღწერილობებსა და სხვადასხვა დაკვირვებებს.
ნაშრომის მიზანია სატორგესა და ყაჯირის მთების მიდამოებში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების პოპულარიზაცია როგორც სამეცნიერო, ისე ფართო საზოგადოებაში.
კვლევა განხორციელდა ა(ა)იპ „კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და კვლევის ცენტრის“ ექსპედიციებისა და ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაციის Friends of Academic Research in Georgia („აკადემიური კვლევების მეგობრები საქართველოში“) გამოცხადებული ჯონ ვილკინსონის სახელობის 2022 წლის კვლევითი გრანტის ფარგლებში.