2014 წლის 16-18 ოქტომბერს, ბათუმში  გაიმართა შეხვედრა თემაზე  – “შავი ზღვის კულტურული პორტი. გამოწვევები და პერსპექტივები” პროექტის – “ლიმენი. შავი ზღვის პორტები ეგეოსიდან შავ ზღვამდე” (ევროკავშირის შავი ზღვის აუზის თანამშრომლობის პროგრამა)  – ფარგლებში.

შეხვედრის ორგანზატორი იყო პროექტის “ლიმენი” პარტნიორი საქართველოში – გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ პროექტის ქართული ქსელის წევრი ორგანიზაციები:

  • აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
  • აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი
  • ქალაქ ბათუმის მერია
  • აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო
  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი
  • ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი
  • ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი
  • აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი
  • ქალაქ ბათუმის პორტი

შეხვედრაზე მომხსენებლების მიერ (მარიამ დიდებულიძე, დავით ხოშტარია, გიორგი ტუღუში) განსახილველად წარმოდგენილი იყო პროექტის “ლიმენი” მიზნები და ამოცანები და საქართველოში კულტურული ტურიზმის მდგრად განვითარებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები (ევროკავშირის ინიციატივა “ევროპის კულტურული დედაქალაქი”; ტურიზმისა და კულტურული ტურიზმის პოლიტიკა საქართველოში; მდგრადი ტურიზმი და კულტურული ტურიზმის პერსპექტივები; მემკვიდრეობა და კულტურული ტურიზმი – გამოცდილება, პრობლემები, ამოცანები და ა.შ.).

წარმოდგენილი თემები დიდი ინტერესით იქნა განხილული მონაწილეთა მიერ. გაიმართა ცოცხალი დისკუსია კულტურული ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემების გარშემო. დაისახა სამომავლო გეგმები და პერსპექტივები.

შეხვედრის წარმატებულობის დამადასტურებელია მასში მონაწილე რიგი ახალი ორგანიზაციების პროექტის ქართულ ქსელში ჩართვის სურვილიც.

Leave a comment
 

2014 წლის 24-26 სექტემბერს, მესტიაში ჩატარდა რეგიონალური კონფერენცია – მსოფლიო მემკვიდრეობა და მდგრადი განვითარება. კონფერენცია ორგანიზებულ იყო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, პარტნიორ ორგანიზაციებთან – საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისია, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი – თანამშრომლობით. კონფერენციაში მონაწილეობდნენ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის (UNESCO World Heritage Centre), რესტავრაციისა და კონსერვაციის საერთაშორისო ცენტრის (UCCROM), ძეგლებისა და ღისშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს (ICOMOS), ბუნების კონსერვაციის საერთაშორისო კავშირის (IUCN), აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების  წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები.

კონფერენციაზე განხილულ იქნა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის საკითხები, საერთაშორისო ორგანიზაციების როლი და გამოცდილება მსოფლიო კულტურული და ბუნების ძეგლთა მართვისა და განვითარების პროცესში, მსოფლიო მემკვიდრეობის საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა, კანონპროექტი მსოფლიო მემკვიდრეობის შესახებ, აგრეთვე ზემო სვანეთის კულტურული ლანდშაფტის განვითარების საკითხები, ზემო სვანეთში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი სახელმწიფო პროექტები, სვანეთის არამატერიალური მემკვიდრეობის ინვენტარიზაციის შედეგები.

სხვა მოხსენებებს შორის, კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის თანამშრომლების – მ. ყენიას და გ. პატაშურის – მოხსენებები სვანური ფერწერული სკოლისა და სვანეთის საეკლესიო ხუროთმოძღვრების შესახებ.

Leave a comment
 

2014 წლის 22 სექტემბერს გ. ჩუბინაშვილის ცენტრში ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია „ტრადიციული დარბაზული ხუროთმოძღვრება საქართველოში”. კონფერენციასთან დაკავშირებით იქვე მოეწყო ფოტოსურათებისა და ნახატების გამოფენა „რაჭული და თუშური საცხოვრისი“.

 

Leave a comment
 

დასრულდა აკაკი წერეთლის ახლადილუსტრირებული კრებულის შესაქმნელად გამოცხადებული ახალგაზრდა მხატვარ-გრაფიკოსების შესარჩევი კონკურსი. პროექტი ხორციელდება გ.ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის მიერ, კულტურის სამინისტროსა და საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის მხარდაჭერით. კონკურსის მსვლელობისას გამოიკვეთა მეორე ტურის ჩატარების აუცილებლობა, რაც თავიდან გათვალისწინებული არ იყო. გადარჩეულ ოთხ მონაწილეს მიეცა დამატებითი დავალება, რაც ამჯერად ერთსა და იმავე ტექნიკაში, ერთიდაიმავე ზომის ნამუშევრების შექმნას გულისხმობდა.

მსგავსი საკონკურსო პირობები მონაწილეებს სრულად ერთნაირ პირობებში აყენებდა და თითოეულის შესაძლებლობასაც მეტად ცხადად წარმოაჩენდა. მეორე ტურის შედეგების მიხედვით დადგინდა ის ორი გამარჯევებული, რომელიც იმუშავებს წიგნის საბოლოო ილუსტრირებაზე.

ესენია: მხატვარ-გრაფიკოსები თედო რეხვიაშვილი და მირიან ჭანკვეტაძე.

შესაბამისად დასრულდა პროექტის „აკაკი წერეთლის ახლადილუსტრირებული კრებული“ პირველი ეტაპი. გამოვლენილნი არიან მხატვრები, რომლებიც უკვე საკუთრივ კრებულის ილუსტრირებაზე დაიწყებენ მუშაობას.

შემოდგომაზე მოეწყობა წიგნის საბოლოო პრეზენტაცია, სადაც საზოგადოებას აღნიშნული პროექტის ფარგლებში განხორციელებული აკაკი წერეთლის ახალ საიუბილეო გამოცემა წარედგინება.

Leave a comment
 

2014 წლის 4-6 ივნისს რუმინეთში, ქ. კონსტანცაში ჩატარდა საერთაშორისო პროექტის – ლიმენიკულტურული ნავსადგურები ეგეოსიდან შავ ზღვამდე (2013-2015წწ. დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ), საკოორდინაციო საბჭოს სხდომა და პროექტის პროგრამასთან დაკავშირებული კონფერენცია, რომლის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს გ. ჩუბინაშვილის ცენტრის თანამშრომლებმა, პროექტის მუშა-ჯგუფის წევრებმა მარიამ დიდებულიძემ და მზია ჯანჯალიამ.

პროექტის მთავარი მიზანია: შეიქმნას ადრებიზანტიური ხანის კულტურული პორტების ერთიანი ქსელი, რომელიც შევა კულტურული  ტურიზმის მარშრუტებში; შეიქმნება ერთიანი საინფორმაციო სისტემა, მომზადდება ვრცელი საინფორმაციო მასალა (ბუკლეტები, ვებ-გვერდები და ა.შ.). ჩატარდება ადგილობრივი ძალების ტრეინინგი პროექტის ამოცანების განსახორციელებლად.

Leave a comment
 

გ. ჩუბინაშვილის ეროვნულმა ცენტრმა საზეიმოდ აღნიშნა ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ერთ-ერთი ფუძემდებლის აკადემიკოს ვახტანგ ბერიძის დაბადებიდან 100 წლისთავი. 2014 წლის 30 მაისს საიუბილეო საღამო გაიმართა რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში. 2 ივნისს საზეიმო სხდომა ჩატარდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაშიც.

Leave a comment
 

28 აპრილს, 17:00  –  ზაქარია მაისურაძის ნამუშევრების გამოფენის გახსნა.

29 აპრილს, 11:00-16:00 – ზაქარია მაისურაძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია.

Leave a comment
 

2014 წლის 5 მარტს ცენტრში შედგა შეხვედრა თურქ მეცნიერთან, ვანის უნივერსიტეტის პროფესორთან ოსმან აიტეკინთან.

განიხილებოდა თანამშრომლობის ფორმები  და შესაძლებლობები, რომლებიც ჩაისახა 2007-2008 წლებში.
შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა თურქი სპეციალისტების მიერ იშხანის ტაძარზე წარმოებული სარესტავრაციო სამუშაოების ხარისხი და მეთოდოლოგია და ოშკის ტაძარზე დაგეგმილი სარესტავრაციო სამუშაოების პროექტი.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ: გ. ჩუბინაშვილის ეროვნული კვლევის ცენტრის დირექტორი მარიამ დიდებულიძე, ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე დიმიტრი თუმანიშვილი, ცენტრის ძველი ხელოვნების განყოფილების გამგე დავით ხოშტარია, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი ირინე ელიზბარაშვილი, ასოცირებული თანამშრომელი ირინე გივიაშვილი, ცენტრის არქივის თანამშრომელი ბაადურ კუპრეიშვილი.

Leave a comment