12 ნოემბერს გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში გაიმართა მცხეთის ჯვრის დიდი ტაძრის კონსერვაციის პირველი ეტაპის პროექტის პრეზენტაცია. პროექტს ახორციელებს გ. ჩუბინაშვილის ეროვნული კვლევითი ცენტრი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, მსხვილი გრანტის ფარგლებში.
პროექტის მიზანია ჯვრის მონასტრის მთავარი ტაძრის საფასადო ქვის წყობის დაცვა შემდგომი დაზიანებისგან. პირველ ეტაპზე, რომელიც გაგრძელდება 10 თვე, ჩატარდება კომპლექსური მულტიდისციპლინარული კვლევა, რის საფუძველზეც მომზადდება კონსერვაციის სტრატეგია და შემუშავდება ჩარევის დეტალური გეგმა. საკონსერვაციო პროექტი შეეხება ტაძრის ქვიშაქვის საფასადო წყობას (ოთხივე ფასადსა და გუმბათის ყელს), რაც საერთო ჯამში შეადგენს ზედაპირის დაახლოებით 1200 კვ. მ-ს.
15 აპრილს ცენტრში მოეწყო შეხვედრა ახალგაზრდა პორტუგალიელ არქიტექტორთან, სეზარ რიბეირასთან, რომელიც ამჟამად მოღვაწეობს საქართველოში.
სეზარ რიბეირამ წარმოადგინა მოხსენება ცნობილი პორტუგალიელი არქიტექტორის ალვარო სიზას (Alvaro Siza) შემოქმედებაზე. ასევე ურბანული არქიტექტურის ზოგიერთი ასპექტის (სივრცე, სინათლე, ტრადიცია და გარემო) თეორიულ საფუძვლების თაობაზე.
მოხსენებამ დიდი ინტერესი და მოწონება გამოიწვია.
31.03.17 – ცენტრში გაიმართა გ.ჩუბინაშვილის ცენტრის მიერ გამოცემული წიგნების პრეზენტაცია და გამოფენა-გაყიდვა. აღნიშნული ღონისძიება მიეძღვნა ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის დაარსების თარიღს 1 აპრილს.
7.02 – წიგნის “უცნობი სერგო ქობულაძე” პრეზენტაცია კულტურისა და სპორტის სამინისტროში
კავკასიის უნივერსიტეტმა ცენტრში წარმოადგინა ტაო-კლარჯეთის შემსწავლელი ექსპედიციების ანგარიში.
ცენტრში ცნობილმა ქართველმა არქიტექტორ-რესტავრატორმა თამარ ნემსაძემ განსახილველად წარმოადგინა კუმურდოს ტაძრის რესტავრაციის პროექტი
ცენტრში, ცნობილმა ქართველმა არქიტექტორ-რესტავრატორმა, იოსებ ბანძელაძემ წარმოადგინა თავისი მრავალწლიანი კვლევის შედეგები, შუა საუკუნეების ქართულ ხუროთმოძღვრებაში მიკვლეულ მეტროლოგიურ კანონზომიერებებსა და სამშენებლო მეთოდებზე, რომაულ-ბერძნულ და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში დამოწმებული გამოცდილების ფართო კონტექსტში.
სტუდია XXI-მა ცენტრში წარმოადგინა აღმაშენებლის გამზირისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის პროექტის კონცეფცია. მომხსენებელი – გიორგი გოცირიძე









