>> მთავარი \ მოვლენები \ პრეზენტაციები \ Page 4
2013 წლის 29 მაისს გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრში ოქსფორდის უნივერსიტეტის ანტიოქიის ცენტრის დირექორმა აბუნა (მამა) ელია ხალიფემ წაიკითხა ლექცია ანტიოქიის ცენტრის მიმდინარე პროექტებისა და მათი შედეგების თაობაზე. ლექცია უხვად იყო ილუსტრირებული და დიდი ინტერესი გამოიწვია, ვინაიდან ეს მასალა ნაკლებ ცნობილია ქართულ სამეცნიერო წრეებში.
13 დეკემბერს, ქართველი თვითნასწავლი მხატვრის, ნიკო ფიროსმანაშვილის დაბადებიდან 150 წლის საიუბილეოდ გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულმა ცენტრმა და საქართველოს ეროვნულმა საპარლამენტო ბიბლიოთეკამ ერთობლივი პროექტის ფარგლებში გამართეს მრგვალი მაგიდა და პუბლიკაციების გამოფენა სახელწოდებით: „ფიროსმანის მხატვრული ფორმა – გენეზისი და რაობა“
2012 წლის 27 მარტს საქართველოს ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიაში შედგა გ. ჩუბინაშვილის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის 2011 წლის მუშაობის ანგარიშის საჯარო განხილვა.
განხილვას ესწრებოდა მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე, ვიცე პრეზიდენტი აკადემიკოსი გურამ თევზაძე, აკადემიკოსი როინ მეტრეველი და სხვ.
ცენტრის მუშაობის შესახებ მოხსენება გააკეთა ცენტრის დირექტორმა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა მარიამ დიდებულიძემ. პრეზენტაციაში წარმოდგენილი იქნა ცენტრის – ყოფილი ინსტიტუტის მთელი ისტორია, მისი მოღვაწეობის ძირითადი ამოცანები და სფეროები, მისი მუშაობის ეტაპები, პრობლემები, მიღწევები.
წარდგენის შემდეგ აკადემიკოსმა ლია მელიქიშვილმა მოახსენა დამსწრეთ მის მიერ ცენტრის მუშაობის შესახებ გაკეთებული შეფასება და დასკვნა.
სხდომაზე განიხილეს ცენტრის წინაშე არსებული პრობლემები და ის მიღწევები, რომლებიც ბოლო წლებში აქვს ცენტრს გაუმჯობესებული დაფინანსების პირობებში და 20 წლის უსახლკარობის შემდეგ მთავრობის მიერ მისთვის გამოყოფილ შენობასთან დაკავშირებით.
გიორგი ჩუბინაშვილის სახ. ეროვნული ცენტრის 70 წლის იუბილე. საზეიმო სხდომა და ახალი გამოცემების პრეზენტაცია. 2011 წლის 1 აპრილი.
2011 წლის 1 აპრილს ევროპის სახლში (თბილისი, შალვა დადიანის 2) გაიმართა გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრის მიერ გამოცემული ახალი წიგნების პრეზენტაცია, რომელიც მიეძღვნა გიორგი ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის (ამჟამად ეროვნული ცენტრის) დაარსებიდან 70 წლისთავს.
საზოგადოებას მიესალმა გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრის დირექტორი მარიამ დიდებულიძე. მან ისაუბრა ინსტიტუტის დაარსებაზე, მის დამფუძნებლებზე, უფროსი თაობის წარმომადგენლებზე და ცენტრის საქმიანობაზე.
სიტყვით გამოვიდნენ ხელოვნებათმცოდნეები, ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ბოლო დირექტორი თეიმურაზ საყვარელიძე და დიმიტრი თუმანიშვილი. მათ აღნიშნეს ინსტიტუტის (ამჟამად ცენტრის) მნიშვნელობა კულტურული მემკვიდრეობის ფუნდამენტური კვლევისა და პოპულარიზაციის საქმეში, განიხილეს წარსულის გამოცდილება და ცენტრის საქმიანობის სამომავლო განვითარების გზები.
პრეზენტაციის დასასრულს ცენტრის დირექტორმა მარიამ დიდებულიძემ 80 წლის იუბილე მიულოცა ბ-ნ თეიმურაზ საყვარელიძეს.
2011 წლის 12 იანვარს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა ალბომის – “ქართული ქრისტიანული ხელოვნება” მეორე გამოცემის პრეზენტაცია. ახალი გამოცემა საზოგადოებას წარუდგინეს გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრის დირექტორმა მარიამ დიდებულიძემ და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ.
წიგნი გამოსაცემად მოამზადა გიორგი ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულმა ცენტრმა. ავტორები: ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორები: დიმიტრი თუმანიშვილი, მარიამ დიდებულიძე, მზია კეცხოველი, კიტი მაჩაბელი, თეიმურაზ საყვარელიძე, ლეილა ხუსკივაძე, ნინო ჭიჭინაძე, ასმათ ოქროპირიძე. მხატვარი: გიორგი დემეტრაშვილი.
ალბომის მეორე გამოცემა დაფინანსდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ.