>> მთავარი \ მოვლენები
5 სექტემბერს გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში, მემკვიდრეობის კონსერვაციის ლაბორატორიის ორგანიზებით მოხსენება წაიკითხა არქიტექტურის რესტავრაციის დოქტორმა ერკან კამბეკმა (სტამბოლის ისტინიეს უნივერსიტეტი) თემაზე: “შეიხ აჰმედ კამილ ეფენდის შენობის რესტავრაცია: ტევჰიდჰანეს კედლის მხატვრობა”
ღონისძიება ჩატარდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, 2025 წლის ფუნდამენტური კვლევების კონკურსში გამარჯვებული პროექტის “საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ისლამური არქიტექტურის ძეგლებში წარმოდგენილი კედლის მხატვრობისა და დეკორატიული ელემენტების კვლევა და დაცვის რეკომენდაციების შემუშავება” (FR-24-26235) ფარგლებში.
14 აგვისტოს, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში, საქართველოს კულტურისა და ტურისტული რესურსების კვლევის ცენტრის სამეცნიერო ჯგუფმა საზოგადოებას წარუდგინა 2024 წელს განხორციელებული საკვლევი ექსპედიციების ანგარიშები.
2024 წელს ხუთი საკვლევი ექსპედიცია ჩატარდა ისტორიულ ჯავახეთში (ახალქალაქი, ნინოწმინდა). სამეცნიერო ჯგუფმა აღწერა ამ მუნიციპალიტეტებში არსებული 218-ზე მეტი სოფელი და ნასოფლარი, 800-მდე კულტურის ძეგლი და არტეფაქტი. მათ შორის: ეკლესიები, მონასტრები, ციხე-კოშკები, დარნები, მღვიმეები, ცალკეული არტეფაქტები (ქვაჯვრები, ორნამენტიანი ქვები, რელიეფები, და სხვა). ექსპედიციამ ათობით ნასოფლარის ლოკალიზება და იდენტიფიცირება შეძლო.
ყოველ სოფელზე, ნასოფლარზე და კულტურის ძეგლზე შეიქმნა აღწერილობითი ტექსტები, ზუსტი კოორდინატები, ცალკეულ ძეგლთა ანაზომები, შეიქმნა ვრცელი ფოტოარქივი. ექსპედიციის შედეგებმა თავი მოიყარა მესხეთის კულტურის ძეგლების 2024 წლის საკვლევი ექსპედიციების შესახებ წიგნში, რომელიც პროექტის ჯგუფმა ღონისძიებაზე საზოგადოებას წარუდგინა.
პროექტი ხორციელდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, რომელიც გულისხმობს მესხეთის კულტურის ძეგლების სრულ აღნუსხვას და 2026 წლისთვის, კატალოგის სახით გამოცემას.
აკადემიკოს გიორგი ჩუბინაშვილის 140 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია
2025 წლის 11-12 დეკემბერს გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის ორგანიზებით გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ქართული ხელოვნების ისტორია: ტრადიცია და პერსპექტივები“.
კონფერენცია მიეძღვნება ქართული სახელოვნებათმცოდნეო სკოლის დამფუძნებლის, ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის დამაარსებლის, აკად. გიორგი ჩუბინაშვილის 140 წლისთავს.
ჩვენ ვიწვევთ სხვადასხვა აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც იკვლევენ ქართულ ხელოვნებას სხვადასხვა პერსპექტივიდან. კონფერენციაზე შესაძლოა წარმოდგენილი იყოს საკითხების ფართო წრე, მათ შორის:
• წინაქრისტიანული, შუა საუკუნეების, ახალი და თანამედროვე ქართული ხელოვნების და არქიტექტურის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული საკითხები
• ქართული ხელოვნების შესწავლის ტრადიცია, მეთოდოლოგია, ქართული ხელოვნების ისტორია თანამედროვე ხელოვნების ისტორიის დისკურსში
• კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სტრატეგიები და მიმდინარე პრობლემები
• სახელოვნებო განათლება: ახალი დროის გამოწვევები,
• მუზეუმები და ეროვნული მემკვიდრეობა თანამედროვე საზოგადოებაში
კონფერენციაზე წარმოდგენილი უნდა იყოს ახალი კვლევის შედეგები, რომლებიც არ ყოფილა გამოქვეყნებული ან წაკითხული სხვა კონფერენციაზე.
• თეზისები – 300 სიტყვა, (ქართულ და ინგლისურ ენებზე), ფონტი Sylfaen -12 უნდა გადმოიგზავნოს მიმდინარე წლის 1ოქტომბრამდე შემდეგ მისამართზე: ekaterine_karselishvili@art.edu.ge; makagabi17@gmail.com
თეზისებს უნდა ახლდეს მოკლე CV (მაქს. 100 სიტყვა)
სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური
ფორმატი – ჰიბრიდული
მოხსენების ხანგრძლივობა 20 წთ.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ დოქტორანტურის სტუდენტებსაც.
გმადლობთ დაინტერესებისთვის
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა.
კვირეული გაიხსნა მხატვართა კავშირის წევრის ანგელინა გოგოლაძის არტ სტუდიის 5 დან 17 წლამდე მოსწავლეების პერსონალური გამოფენით.
მომდევნო ღონისძიებაზე შემოქმედებითი სახელოსნოს 4-დან 12 წლამდე ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა გაიხნსა და გამოფენაში მონაწილე მოსწავლეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
კვირეულის დასასრულს კი 198-ე საჯარო სკოლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. მოსწავლეები ჩაერთნენ თიხის ფიგურების გამოძერწვის ვორქშოფში. ღონისძიების ბოლოს კი მონაწილეებს სერტიფიკატები და ჩუბინაშვილის ცენტრის გამოცემები გადაეცათ.
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია “გაგების მიღმა: 1989 წელი აღმოსავლეთ-ცენტრალურ ევროპაში – ქართული ხელოვნება ომსა და რევოლუციას შორის”.
კონფერენცია ორგანიზებული იყო პიოტრ პიოტროვსკის აღმოსავლეთ-ცენტრალური ევროპის ხელოვნების კვლევითი ცენტრის მიერ, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრთან თანამშრომლობით. ყურადღება გამახვილდა უახლეს ქართულ ხელოვნებაზე, რომელიც ევროპის ხელოვნების კვლევებში დღესდღეობით ნაკლებად არის წარმოდგენილი.
ღონისძიება გახსნა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის მეცნიერმა მზია ჩიხრაძემ. საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართეს ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ მარიამ დიდებულიძემ, რატგერსის უნივერსიტეტის დოქტორანტმა გიორგი პაპაშვილმა, პიოტრ პიოტროვსკის აღმოსავლეთ-ცენტრალური ევროპის ხელოვნების კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა მაგდალენა რადომსკამ.
კონფერენციის მიზანი იყო ჩაღრმავებოდა ომსა და რევოლუციასთან ევროპის თანამედროვე ხელოვნების კავშირის გაგებას.
კონფერენციის პარალელურად გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის საგამოფენო დარბაზში გურამ წიბახაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნა.
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში გაიმართა წიგნის ,,თევზები და წყლის ბინადრები სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში” პრეზენტაცია. წიგნი შეადგინეს 161-ე სკოლის X კლასის მოსწავლეებმა.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ჩუბინაშვილის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მარიამ გაჩეჩილაძემ და ბავშვებს წარმატებები უსურვა. პროექტი წარადგინა ხელოვნების ისტორიის მასწავლებელმა როსტომ კაჭახიძემ.
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი მუდმივად თანამშრომლობის სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებასთან და ხელს უწყობს ახალგაზრდების ინტერესის გაღვივებას ხელოვნებისა და მისი კვლევის მიმართ
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში ორენოვანი გამოცემის „სატორგესა და ყაჯირის მთების ისტორიული ძეგლები“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნის ავტორია ისტორიკოსი ნიკოლოზ ჟღენტი.
ნაშრომი ეძღვნება კახეთში, მდ. იორის ქვემო წელზე მდებარე სატორგესა და ყაჯირის მთების მიდამოებში არსებულ ნაკლებად ცნობილ და უცნობ ისტორიულ ძეგლებს – ქვაბოვან მონასტრებსა და კომპლექსებს, დიდ ნამოსახლარსა და ცალკეულ არქიტექტურულ ძეგლებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სატორგეს მონასტრის ქვაბოვან გუმბათიან ეკლესიაში არსებულ ეპიგრაფიკულ ძეგლებს, დიდ ნამოსახლარსა და ასევე ახლად გამოვლენილ ქვაბოვან მონასტრებს. ნაშრომის ფარგლებში გთავაზობთ, როგორც ისტორიულ-წყაროთმცოდნეობით და ეპიგრაფიკულ გამოკვლევას, ასევე არსებული ძეგლების ზოგად აღწერილობებსა და სხვადასხვა დაკვირვებებს.
ნაშრომის მიზანია სატორგესა და ყაჯირის მთების მიდამოებში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების პოპულარიზაცია როგორც სამეცნიერო, ისე ფართო საზოგადოებაში.
კვლევა განხორციელდა ა(ა)იპ „კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და კვლევის ცენტრის“ ექსპედიციებისა და ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაციის Friends of Academic Research in Georgia („აკადემიური კვლევების მეგობრები საქართველოში“) გამოცხადებული ჯონ ვილკინსონის სახელობის 2022 წლის კვლევითი გრანტის ფარგლებში.
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრს სტუმრად ეწვივნენ წმინდა საყდრის (ვატიკანის) დესპანი, არქიეპისკოპოსი ანტე იოზიჩი და აკადემიკოსი ვალერი ასათიანი.
მათ დაათვალიერეს გამოფენა, სადაც წარმოდგენილია მხატვარ სერგო ქობულაძის მიერ 1956 წელს, ვენეციის ბიენალეს ფარგლებში მოგზაურობის დროს გადაღებული იტალიის ქალაქების ფოტო-მასალა.
სტუმრებს უმასპინძლა ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, მარიამ გაჩეჩილაძემ. გაიმართა შეხვედრა, რომელსაც ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლებიც ესწრებოდნენ. განხილვის მთავარი თემები იყო ჩუბინაშვილის ცენტრში დაცული კოლექციები და დაწესებულების საქმიანობა. შეხვედრისას გამოითქვა ორმხრივი სურვილი მომავალი თანამშრომლობის შესახებ.